DSC_0168

2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი), 
არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“ 
ორგანიზებით, გაიმართება აქცია:

„გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – 90%-ის – მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში.

სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.

16 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირება დარიალის ჰესის მშნებელობის და ოპერირების უარყოფით შედეგებზე. აქციის საშუალებით, „მწვანე ალტერნატივა“ და „სტეფანწმიდა“ ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას და „დარიალი ენერჯის“, შეაჩერონ დარიალი ჰესის მშენებლობა იმ დრომდე, სანამ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, დადგინდება მდინარეში დასატოვებელი წყლის ის ოპტიმალური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ხეობის ლანდშაფტური და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ისე კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობებზე მინიმალურ ზეგავლენას.

მედიას ვიწვევთ დასასწრებად: 16 ივლისს, 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (სოფ. გერგეტთან)

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

დავით ჭიპაშვილს ("მწვანე ალტერნატივა")

ტელ: 229 27 73; 222 38 74

მობილური: 558 277 283

ელ-ფოსტა: greenalt@greenalt.org ან dchipashvili@greenalt.org

შოთა ბუჩუკურს ("სტეფანწმიდა")

მობილური: 579 120 606
ელ.ფოსტა: info@stefantsminda.org.ge ან eco_shota@yahoo.com