baneri_GA

მწვანე ალტერნატივა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება". პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება. აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობა.

მწვანე ალტერნატივამ გამოავლინა რამდენიმე პროექტი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება გარემოსა და მოსახლეობაზე (გარემოს დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, რესურსების ამოწურვა, მოსახლეობის შესაძლო გადასახლება, მშენებლობის ზეგავლენა, დაბინძურება და სხვ.). ეს პროექტებია:

• შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი;
• ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი; 
• აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის პროექტი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტომაგისტრალი);
• სამცხე-ჯავახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა;
• ვაზიანი-გომბორი-თელავის ავტომაგისტრალის პროექტი; 
• აჭარის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობა;
• აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი;
• ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტი;
• რუსთავის მუნიციპალური ნაგავსაყრელის პროექტი.

პროექტი, სხვა საქმიანობებთან ერთად, ითვალისწინებს საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას იდენტიფიცირებული პროექტების მიმდინარეობათან დაკავშირებით. ამჟამად წარმოგიდგენთ პირველ დაიჯესტს. მასში წარმოდგენილია პროექტების მოკლე აღწერა. თავდაპირველად წარმოდგენილია ის პროექტები, რომელთა დაფინანსების წყარო ამჟამად უკვე დადგენილია. გარდა ამისა, დასასრულს მოყვანილია ის პოტენციური პროექტები, რომელთა დაფინანსების წყარო ჯერჯერობით არ არის ნათელი, თუმცა სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა შეეცდება მათ განხორციელებას საქართველოსთვის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი დახმარების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით.

შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი

პროექტს აფინანსებენ: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW). მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ევროკავშირის სამეზობლო ინვესტიციების ფონდიდან გამოყოფილია 8 მილიონი ევრო გრანტის სახით, ხოლო მშენებლობისათვის დაგეგმილია 250 მილიონი ევროს კრედიტის სახით გამოყოფა ამავე საფინანსო ინსტიტუტების მიერ.

„შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის“ ფარგლებში გათვალისწინებულია 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციის/მშენებლობა (გარდაბანი-ახალციხე, ზესტაფონი-ახალციხის, ახალციხე-თურქეთის საზღვრის მონაკვეთების რეაბილიტაცია/მშენებლობა და 500 კვ-იანი ქვესადგურის (მუდმივი დენის ჩანართით) მშენებლობა). მომზადებულია პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების (ბსგზშ) ანგარიში. ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა ანგარიშის წინასწარი საჯარო განხილვა 2009 წ. 22 ივნისს სასტუმრო "თბილისი შერატონში". გარდა ამისა, პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშის ოფიციალური საჯარო განხილვები გაიმართა: 29 ივნისს – ქ. მარნეულში, გამგეობის შენობაში; 30 ივნისს- ქ. ბორჯომი, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში; 1 ივლისს – ქ. ახალციხეში, გამგეობის შენობაში; 2 ივლისს – ქ. თბილისში, ენერგეტიკის სამინისტროს შენობაში.

წარმოდგენილ ბსგზშ ანგარიშზე შენიშვნები მოამზადეს მწვანე ალტერნატივამ (იხ. www.greenalt.org) დასაქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი

პროექტი გულისხმობს მდინარე ენგურზე, ენგურჰესის ზემოთ, ხუდონის 700 MW ჰესის მშენებლობას. პროექტის ბსგზშ წინასწარი ანგარიში განთავსებულია ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე (www.minenergy.gov.ge). ანგარიშის განხილვები გაიმართა 2008 წლის ივლისში ზუგდიდში, ხაიშში, მესტიასა და თბილისში. წინასწარი სამუშაოების (წინასწარი ტექნიკური კვლევები, გადასახლების სამოქმედო გეგმისა და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება) დაფინანსება ხორციელდება 2005 წლის მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტით.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ხუდონ-ჰესის ბსგზშ-ის ანგარიშისა და გადასახლების სამოქმედო გეგმის ანგარიშის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნება და საზოგადოებრივი განხილვების დაწყება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდებზე: www.greenalt.org და www.bankwatch.org.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის პროექტი (თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილი)

აღმოსავლეთ-დასავლეთი ავტობანის მშენებლობა დაყოფილია რამდენიმე პროექტად (მონაკვეთად): იგოეთი-სვენეთი, სვენეთი-რუისი, სვენეთი-რიკოთი მონაკვეთები, რიკოთის გვირაბის რეაბილიტაცია, რომლებიც ფინანსდება მსოფლიო ბანკის კრედიტების მეშვეობით (მეორე ფაზა – 20 მლნ აშშ დოლარი; მესამე ფაზა – 160 მლნ აშშ დოლარი); ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია მონაკვეთი, რომელიც ფინანსდება იაპონიის განვითარების სააგენტოს (JICA) მიერ (180 მლნ აშშ დოლარის კრედიტი). 

3 ივნისს ხაშურის გამგეობის შენობაში ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის რუისი-რიკოთის მონაკვეთის (გვირაბის ჩათვლით) მოდერნიზაციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოს მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. 

23 ივნისს გაიხსნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთი. აღნიშნულ მონაკვეთზე მარჯვენა მიმართულების გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით დასრულდა. პარალელურად, განხორციელდება გზის მოდერნიზაციის სამუშაოები მარცხენა მიმართულებაზე.

29 ივნისს, ქ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის (80-95 კმ) მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა. 

30 ივნისს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთი-რუისის (80-95 კმ) მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების მიმდინარეობისას გარემოზე ზემოქმედების შეფასების მენეჯმენტის გეგმების საჯარო განხილვა . 

სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი

პროექტი ფინანსდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოსთვის შეპირებული 4,55 მილიარდიან დახმარებაში ამ პროექტის განსახორციელებლად გრანტის სახით გამოყოფილია 60 მილიონი აშშ დოლარი. პროექტის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გაცემულია 2007 წლის 8 ივნისს.

პროექტის მიზანია რეგიონში საგზაო-სატრანსპორტო ქსელის აღდგენა. პროექტის საერთო ღირებულებით 183,6 მილიონი აშშ დოლარი, პროექტი ითვალისწინებს 223,9 კმ გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიები: ,,აშტრომ ინთერნეიშენელი" (ისრაელი), ერთობლივი საწარმო ,,პაპენბურგ/ბლექ სი ჯგუფი" (გერმანია-საქართველო) და „აზერინშაათსერვისი" (აზერბაიჯანი).
საქართველოს ათასწლეულის ფონდმა და მისმა კონტრაქტორმა კომპანიამ – ,,თბილისის სატიტულო კომპანიამ“ მოაწყვეს პროექტის საჯარო საკონსულტაციო შეხვედრები: 12 ივნისს, სოფ.. კოდის პოლიციის შენობის სააქტო დარბაზში; 18 ივნისს, 14:00 სთ-ზე, სოფელ თმოგვის საკრებულოს შენობაში; 19 ივნისს, ახალქალაქის საკრებულოს შენობაში.

მთავრობის 2009 წლის 8 ივლისის N 496 განკარგულებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა კონტრაქტორი ამხანაგობა “პაპენბურგ ბლექსი ჯგუფი”.

ვაზიანი-გომბორი-თელავი გზის პროექტი

პროექტს აფინანსებს მსოფლიო ბანკი, გამოყოფლია 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი.

პროექტის მიზანია – ქ. თბილისიდან შიდა კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელი ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მოწესრიგება და სრულყოფა. გზა ზამთრის თვეებში იკეტება, ხშირად გამოდის მწყობრიდან მეწყერის და სხვა ბუნებრივი მოვლენების გამო. 

პროექტის ბსგზშ ანგარიშის საჯარო განხილვა დანიშნულია 2009 წლის 7 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შენობაში. შენიშვნების წარდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 4 აგვისტო.

აჭარის (სარფი-ბათუმი ქობულეთის) შემოვლითი გზატკეცილის მშენებლობის პროექტი, (ქობულეთის მონაკვეთი)

პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მიერ, გამოყოფილია პირველი ტრანში – 118 მილიონი აშშ დოლარის კრედიტი.

პროექტი ითვალისწინებს სარფი, ბათუმი და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს ფოთი-სარფის მონაკვეთზე უსაფრთხო გზის განვითარებას და ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებას.

პირველი საჯარო განხილვა გაიმართა 2009 წ. 29 აპრილს ბათუმში; მეორე საჯარო კონსულტაცია გაიმართა 2009 წლის 25 ივნისს ბათუმში. კომენტარების წარდგენის საბოლოო ვადაა პირველი კონსულტაციიდან 120 დღეში.

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი

პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD), საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა წარმოადგენენ შესაბამისად, მსესხებელსა და ქვემსესხებელს. დღეის მდგომარეობით, დაგეგმილია პროექტის განსახორციელებლად 3 მილიონ ევრომდე სესხის გამოყოფა, ხოლო გრანტის სახით გამოყოფილი თანხა 4 მილიონი ევროა.

პროექტის საერთო მიზანია მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესება აჭარაში. ამ მიზნის მიღწევა მოიცავს შემდეგ ქმედებებს:

• ნაგავსაყრელის მოწყობა არასახიფათო ნარჩენების შესახებ ევროკავშირს 99/31/EC დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად;
• სტანდარტებთან შეუსაბამო ბათუმის და ქობულეთის ნაგავსაყრელების დახურვა და დახურვისშემდეგომი აღდგენითი სამუშაოების ჩატარება;
• მყარი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების სისტემის შემუშავება.
• ნარჩენების მართვის ახალი კომპანიის შექმნა, რომელიც მოახდენს ახალი ნაგავსაყრელის ექსპლუატაციას;

პროექტის ბსგზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა 2009 წლის 22–23 თებერვალს (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი). მეორე საჯარო განხილვა დანიშნულია 10–11 აგვისტოს (ბათუმი, ქობულეთი, ჩაქვი). აქვე გაიმართება პროექტთან დაკავშირებული მიწის შესყიდვის და განსახლების ჩარჩო-დოკუმენტის პროექტის განხილვა.

ამ პროექტთან დაკავშირებული მწვანე ალტერნატივას შენიშვენები იხილეთ ვებ-გვერდზე: www.greenalt.org

ონის ჰიდროელექტოსადგურების კასკადის პროექტი

პროექტი გულისხმობს რაჭაში, მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას. გეგმის მიხედვით, ჰესის წყალსაცავის სავარაუდო მოცულობა იქნება 210 მილიონი მ3, დადგმული სიმძლავრე – 272 მეგავატი. წყალსაცავი დაიკავებს ტერიტორიას სოფელ ჭიორადან სოფელ გლოლამდე (ონის რაიონი).

2008 წლის 22 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გამართული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოსთვის დამხარების სახით შეპირებული 4,55 მილიარდი დოლარიდან 50 მილიონ ევრო განკუთვნილია ამ პროექტისათვის, რასაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) გამოყოფს კერძო სექტორისათვის.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი ამ პროექტის განხორციელების ინტერესის გამოხატვაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტს მხარს უჭერს როგორც EBRD, ისე ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

2009 წლის 18 ივნისს "თავისუფალი აზრის სახლში" და 26 ივნისს კინოს სახლში გაიმართა საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრები, რომლებიც აპროტესტებდნენ აღნიშნული პროექტის განხორციელებას.

მწვანე ალტერნატივას პოზიცია აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით იხილეთ: www.greenalt.org

რუსთავის მუნიციპალური ნაგავსაყრელის პროექტი

პროექტი დაფინანსებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტით და სხვა დონორების (SIDA, BP) კრედიტით (1,6 მლნ ევრო) და გრანტებით (2,7 მლნ ევრო).

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში BTC (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური მილსადენი) ობიექტებიდან მყარი არასახიფათო ნარჩენების განსათავსებლად ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას და ოპერირებას. გარდა ამისა, BTC-მ საქართველოს მთავრობის დავალებით შეასრულა რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტებისთვის ნაგავსაყრელის საპროექტო და ბსგზშ ანგარიშის შემუშავების სამუშაოები. ახალი მუნიციპალური ნაგავსაყრელი (რუსთავის მუნიციპალური ნაგავსაყრელი) განთავსდება რუსთავიდან 5 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით და დაახლოებით 1კმ დაშორებით სოფ. ახალი რუსთავიდან.

პოტენციური პროექტები

თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი

პროექტის მიზანია თბილისისათვის ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა სოფელ ნორიოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროექტის ბსგზშ ანგარიში მომზადდა თბილისის მერიის მიერ (შემსრულებელი: სამეცნიერო–კვლევითი ფირმა "გამა"). საჯარო განხილვა გაიმართა 2009 წლის 25 ივლისს, გარდაბანში. ჯერჯერობით პროექტის დაფინანსების შესახებ ინფორმაცია უცნობია, მაგრამ იმის გამო, რომ ბსგზშ მომზადებული ევროკავშირისა და საერთაშორისო დონორების სტანდარტების მიხედვით (რასაც არ ითხოვს ჩვენი კანონმდებლობა), უნდა ვივარაუდოთ, რომ მერია შეეცდება პროექტის განსახორციელებლად მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსება.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი

სახელმწიფო კომპანია – შ.პ.ს. ,,საქართველოს რკინგზა” გეგმავს ,,თბილისის შემოვლითი რკინიგზის” პროექტს, რომლის მიზანია თბილისის ცენტრალური ნაწილში არსებული რკინიგზის გაუქმება და შემოვლითი სარკინიგზო ტრასის აშენება/გადატანა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

პროექტის განხორციელებისათვის ,,საქართველოს რკინიგზას” სურს მიიღოს დაფინანსება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკიდან (EIB) – სავარაუდოდ, 250 მლნ ევრო. პროექტის დაფინანსების 30%–ს საკუთარ თავზე აიღებს საქართველოს რკინიგზა.

პროექტის ბსგზშ ანგარიშს ამზადებს კონსორციუმი, რომელშიც შედიან შემდეგი ორგანიზაციები: GDC Solutions, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია (APLR), "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN). მათ მიერ მომზადდა წინასწარი (სკოპინგის) ანგარიში. ამ ანგარიშის განხილვა გაიმართა 2009 წლის 21 ივლისს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში".