Forest

ბოლო პერიოდში მედია-საშუალებებისა და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია სატყეო სექტორში დაგეგმილი თუ დაწყებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. მეტად საგანგაშოა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოსახლეობას შეუზღუდავი რაოდენობის ხე–ტყის მოპოვების საშუალება მიეცემა, ხოლო კომერციული ტყითსარგებლობის ფორმად 49 წლიანი იჯარა დადგინდება. ამის ერთადერთი დასაბუთება, რომელიც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გაგვიმხილა მედია საშუალებებით, არის ის, რომ „სადღეისოდ საქართველოში 1 მლნ 800 ათასი ჰა ტყის მასივია გასასხვისებელი“. განსაკუთრებით საგანგაშოა მინისტრის განცხადება, რომ "მოიჯარეს იჯარით აღებულ ტყეში მინერალური წყლის, საბადოს ან დღემდე აღმოუჩენელი სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი წარმოების, გადამუშავების უფლება ექნება", ვინაიდან სრულიად მარტივად და წინასწარი ეკოლოგიური კვლევის გარეშე გახდება შესაძლებელი ტყის ჭრა შეიცვალოს ეკოსისტემისათვის კიდევ უფრო დამანგრეველი საქმიანობით. ეს მიუთითებს, რომ ახალი სამინისტრო ტყეებს მხოლოდ სწრაფი ფისკალური ეფექტის მიღების საშუალებად აღიქვამს და არც კი განიხილავს ტყეების კონსერვაციის და მდგრადი გამოყენების საჭიროებას.

სატყეო კანონმდებლობის ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლიათ ძლიერი ზემოქმედება მოახდინონ ბუნებრივ გარემოზე, სამინისტრო გაუმჭვირვალედ, ნაჩქარევად და საზოგადოების ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე ღებულობს. სამწუხაროა, რომ ამ ახალი სამინისტოს შექმნიდან რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ მინისტრმა ვერ გამონახა დრო შეხვედროდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო ინსტიტუტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. 

შევახსენებთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას საქართველოს კონსტიტუციის 37–ე მუხლით განსაზღვრული ადამიანის უფლებები, ასევე უზრუნველყოს ორჰუსის კონვენციით, ბიომრავალფეროვნების კონვენციით და ევროპის ტყეების დაცვის მინისტერიალის მიერ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. 

ბოლო წლებში გატარებულმა უსისტემო ცვლილებებმა, რისი მიზეზიც იყო გადაწყვეტილების მიმღებთა არაპროფესიონალიზმი, ინტერესთა კონფლიქტები, ნეპოტიზმი და პროტექციონიზმი, ქვეყნის სატყეო სექტორი კოლაფსის მდგომარეობამდე მიიყვანა: ინსტიტუციური მოწყობა არის ძალზე სუსტი, მონიტორინგი და კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს, კანონმდებლობა წინააღმდეგობრივია, სახეზეა დიდი მასშტაბის უსისტემო ჭრები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მდგრად გამოყენებასთან. სწორედ ამ რეალური მიზეზების გადაფარვას ემსახურებოდა ნაჩქარევი და გაუმჭვირვალე რეფორმების სერია. ვშიშობთ, რომ მინისტრ ხეთაგურის მიერ პრესაში გაკეთებული განცხადებები, მიმდინარე წლის ზაფხულიდან ტყის იჯარის შემოღების თაობაზე, ამ ტენდენციის გაგრძელებაა. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

• საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოაწყოს საჯარო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ საზოგადოებას წარმოუდგენს საკუთარ ხედვას და გეგმებს საქართველოს სატყეო სექტორთან დაკავშირებით; ასევე უზრუნველყოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების დროული და ეფექტური მონაწილეობის მექანიზმების ჩამოყალიბება და გამოყენება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. 
• საქართველოს კონტროლის პალატამ საგანგებოდ გამოიძიოს უკანასკნელ წლებში საქართველოს სატყეო სექტორში განვითარებული მოვლენები, ყურადღება გაამახვილოს ლიცენზირების პროცესში განხორციელებული კანონდარღვევებისა და ინტერესთა კონფლიქტების საკითხებზე.
• მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პირად კონტროლზე აიყვანოს საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის მიმდინარეობის საკითხი და დაავალოს მთავრობას, დაგეგმოს ღონისძიებები საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან კოპენჰაგენსა (2009) და კანკუნში (2010) გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების შესასრულებლად. 

ხელს აწერენ:

• ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
• ასოციაცია – საზოგადოება განვითარებისთვის
• ასოციაცია ბეთლემი
• არგომედია
• ახალგაზრდა კონსერვაციონალისტთა ჯგუფი
• გარემოს დამცველთა კლუბი
• გაზეთი სამხრეთის კარიბჭე
• თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
• ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია „დეა“
• კავშირი – სვანეთის ტურიზმის ცენტრი
• მეოხი – 2010
• რეგიონული ინიციატივების ცენტრი – ნათელი მომავალი
• პედაგოგთა კავშირი – განათლება და სამყარო
• სტეფანწმიდა
• საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია
• სათემო კავშირი სადმელი
• ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი