Forest

2009 წლის 22 აგვისტოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გრძელვადიანი ტყით სარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი გამოაცხადა. აუქციონი 22 სექტემბერს 12 საათზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გაიმართება.

აღნიშნული სალიცენზიო ობიექტების შესახებ ინფორმაცია აუქციონის გამოცხადებამდე ორი თვით ადრე გამოქვეყნდა სატყეო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.forestry.gov.ge). აღნიშნული ობიექტების ნაწილის ინვენტარიზაცია 2009 წელს ჩატარდა, სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო, რაზეც სატყეო დეპარტამენტმა დავალება მთავრობის განკარგულებით მიიღო. ინვენტარიზაციამ მოიცვა 10 პერსპექტიული სალიცენზიო ობიექტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: კახეთში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, დადგინდა წინასწარ შერჩეულ ობიექტებზე ტყეების მდგომარეობა და დაზუსტდა მერქნული რესურსის მთლიანი რაოდენობა, რაც შესაძლებელს გახდის სწორად იქნეს შერჩეული სალიცენზიო ფართობები, ასევე ზუსტად გაანგარიშდეს ლიცენზიების საწყისი ფასები. გარდა ამისა, აუქციონზე გამოტანილია ამბროლაურის რაიონის ტყეებიც, რომელთა ინვენტარიზაცია ორი წლის წინ, მსოფლიო ბანკის "საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების" პროექტის ფარგლებში ჩატარდა, ხოლო მიმდინარე წელს სატყეო დეპარტამენტის მიერ მოხდა მონაცემების ადგილზე გადამოწმება და კორექტირება.

აღსანიშნავია, რომ პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ტყითსარგებლობის აუქციონების გამოცხადებას წინ უძღვოდა ტყეების ინვენტარიზაცია, ხოლო აუქციონების გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე განხორციელდა საზოგადოების ინფორმირება დაგეგმილი ტყითსარგებლობის შესახებ. ამრიგად, ყველა დაინტერესებულ პირს, მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს მიეცა მეტ–ნაკლები შესაძლებლობა, საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად, გამოეთქვა საკუთარი წინადადებები და შენიშვნები დაგეგმილი ტყითსარგებლობის (აუქციონის გამოცხადების) შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

გარდა ამისა, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით შექმნილმა სპეციალური კომისიამ[1], რომელშიც შედიოდნენ სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურის, არასამთავრობო, საერთაშორისო და სამეცნიერო დაწესებულებების წარმომადგენლები, შეიმუშავა ტყითსარგებლობის ახალი სალიცენზიო პირობები. მიუხედავად დროის სიმცირისა, კომისიამ კონსენსუსის საფუძველზე, ჩამოაყალიბა ისეთი სალიცენზიო პირობები, რომელშიც გამოსწორებული იყო თითქმის ყველა არსებული ხარვეზი: ბუნდოვანი ვალდებულებები, პირობების შემოწმების შეუძლებლობა, გარემოსდაცვითი და საზოგადოების მონაწილეობის საკითხების გაუთვალიწინებლობა, აუქციონების გამოცხადების წინაპირობების არარსებობა და ა.შ. კომისიის მუშაობის პერიოდში დადგენილების სამუშაო ვერსიები, საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით, რეგულარულად ქვეყნდებოდა სატყეო დეპარტამენტის ვებ–გვერდზე. ახალი სალიცენზიო პირობები განიხილა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა 2009 წლის 11 აგვისტოს N 142 დადგენილებით ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N132 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ".

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში დამკვირდებული იყო პრაქტიკა, როდესაც ტყითსარგებლობის აუქციონები იმართებოდა ვადაგასული ტყეთმოწყობის მასალებზე დაყრდნობით. შესაბამისად, აუქციონებზე გამოტანილი ასათვისებელი რესურსის ოდენობა განსხვავებული იყო რეალურისგან, რაც საფრთხეს უქმნიდა ტყის ეკოსისტემებს, ასევე ლახავდა ინვესტორთა (ლიცენზიის მფლობელთა) ინტერესებს, რომელთაც მიეწოდებოდათ არასწორი მონაცემები. ლიცენზიების გაცემის შემდეგ ლიცენზიის მფლობელი, ანუ დაინტერესებული მხარე, ვალდებული იყო ჩაეტარებინა სრული ინვენტარიზაცია და დაედგინა მის მიერვე მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა, რაც თავისთავად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს. აუქციონის გამოცხადებამდე არ ხდებოდა დაგეგმილი საქმიანობის გარემოსდაცვითი შესწავლა. სალიცენზიო პირობები ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო, რის გამოც ვერ ხერხდებოდა მათი კონტროლი. ამგვარი პრაქტიკა ხელს უშლიდა სატყეო სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა შორის ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, პრობლემებს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის მერქანზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას და აძლიერებდა ტყის ეკოსისტემების დეგრადაციის ტენდენციებს. ტყითსარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა გაუმჭვირვალედ, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უფლების უგულვებელყოფით. ეს კი, ნებსით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს კორუფციის შესაძლებლობის გაჩენას, საზოგადოებაში დაძაბულობის გაღვივებას და საკითხის პოლიტიზირებას.

მისასალმებელია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული სამთავრობო პოლიტიკა დადებითი კუთხით შეიცვალა და ძირითადი ხარვეზები – გაუმართავი სალიცენზიო პირობები, ინვენტარიზაციის არარსებობა და გადაწყვეტილების გაუმჭვირვალედ მიღება – გამოსწორდა[2]. იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება ტყეების ინვენტარიზაციის ხარისხი და მასშტაბი, დაიხვეწება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმები. კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გამჭვირვალე პროცედურების დამკვიდრება წაადგება არამარტო ტყეების დაცვასა და მდგრად გამოყენებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტების აღმოფხვრას და ხელს შეუწყობს სამოქალაქო კონფრონტაციის დარეგულირებას.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ 2009 წლის 21 აგვისტოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზემო სვანეთში ჩატარდა ტყის რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოები და მიღებული შედეგები, ტყითსარგებლობის აუქციონის გამოცხადების მიზნით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაეცა. მოკლე ინფორმაცია ლოტების შესახებ გამოქვეყნდა სატყეო დეპარტამენტის ვებ–გვერდზე.

[1] კომისიის შექმნის თაობაზე მინისტრს განცხადებით მიმართა მწვანე ალტერნატივამ

[2] გასული წლების განმავლობაში მწვანე ალტერნატივა აწარმოებდა და დღემდე აწარმოებს სატყეო სექტორის მონიტორინგსა და ადვოკატირების კამპანიას, რათა აღნიშნული ხარვეზები გამოსწორებულიყო, აღკვეთილიყო უკანონო გადაწყვეტილებები, ლობირებდა საკანონმდებლო ცვლილებებს და ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას.