EU

ემბარგო: 4 დეკემბერი, 2006, 13:00 სთ.
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
30 ნოემბერი, 2006 წ.
თბილისი
პრეს-რელიზი

ა.წ. 4 დეკემბერს 13:00 საათზე, ა.დიუმას ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის 10, საჯარო ბიბლიოთეკის წინ ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” საზოგადოებას წარუდგენს თავის ახალ ანგარიშს “გარემოსდაცვითი მმართველობა საქართველოში და ევროკავშირის როლი მიერ გაძლიერებაში”. ანგარიში ასევე მხარდაჭერილია საქართველოს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

პუბლიკაციაში განხილულია საქართველოში არსებული გარემოსდაცვითი მმართველობის პრობლემები და ევროკავშირის ახალი სამეზობლო პოლიტიკის როლი გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში.Aაღსანიშნავია, რომ ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს თანამშრომლობა გარემოს დაცვის საკითხებში, ასევე მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ეს უდავაოდ წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის აუცილებლობის იგნორირების, აგრეთვე ინფორმირებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უფლებების, გამჭვირვალობისა და მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე.

თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობამ, რომელიც კონკრეტულ პროექტებსა და პროგრამებში უნდა აისახოს, შესაძლოა, შეუქცევადი ზიანი მიაყენოს საქართველოს გარემოს. სამოქმედო გეგმაში ხაზგასმითაა აღნიშნული საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში, რაც მოიცავს ტრანსევროპული ქსელების გაფართოებას, სტრატეგიული ენერგო-მატარებლების და მაღალვოლტიანი გადამცემი ხაზების მშენებლობას. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ლიბერალიზაცია უპირველესი პრიორიტეტია, გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების ჰორიზონტული ინსტრუმენტები კი პრაქტიკულად არ მუშაობს, არ არსებობს ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგია და გარემოს დაცვას ყურადღება საერთოდ არ ეთმობა, სატრანზიტო პოტენციალის განვითარების შედეგად, შესაძლოა, მივიღოთ დეგრადირებული გარემო, ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა და გაზრდილი სიღარიბე.

სამწუხაროდ, სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს მთავრობის მიერ არ იყო გადაგმული შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუწყობდა საზოგადოების სრულფასოვან ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქვეყანაში დოკუმენტზე საკუთრების გრძნობის ზრდას. მიუხედავად ამისა, დღეს სამოქმედო გეგმის სწორედ განხორციელებისათვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა და მონიტორინგი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მათი შესაბამისობისა ევროკავშირის საკანონმდებლო მოთხოვნებთან.

ანგარიშში ასახულია ქვეყანის გარემოსდაცვით მმართველობაში არსებული პრობლემები და წარმოდგენილია რეკომენდაციები ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ კარგი მმართველობის პრაქტიკისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისათვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:
ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”
მისამართი: ყიფშიძის ქ. ¹5ა, მე-4 სად., მე-7 სართ.
ტელ: (+995 32) 221 604, 223 874
ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net

ცნობები რედაქტორთათვის:

2004 წლის გაფართოების შემდეგ, ევროკავშირის ფართო ევროპის კონცეფციამ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩართვამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, ახალი პერსპექტივები გაუხსნა საქართველოს, რათა უფრო აქტიურად ჩაერთოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებში, მოახდინოს კანონმდებლობის თანმიმდევრული ჰარმონიზაცია და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ცხოვრების დონის ზრდას. მართალია, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა არ წარმოადგენს გაფართოების პოლიტიკას, მაგრამ ის მიმართულია საქართველოს, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორი ქვეყნის ჩამოყალიბებაზე და დონორიმიმღების ურთიერთობიდან გამოსვლაზე. ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს, ისევე როგორც სხვა  მეზობელი ქვეყნების, წილის ზრდას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და გაზარდოს სტაბილურობა და უსაფრთხოება. გრძელვვადიან პერსპექტივაში; ევროპის კომისია ასევე გეგმავს ევროკავშირის გარკვეული პროგრამების გახსნას სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისათვის.

ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებათა დაცვას, კანონის უზენაესობის დამკვიდრებასა და კარგი მმართველობის ჩამოყალიბებას, ასევე, ისეთი დანაშაულების აღკვეთას, როგორიცაა ტრეფიკინგი და ტერორიზმი. სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ პირველ ნაბიჯს წარმოადგენდა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება, ანუ იმ პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავება, რომელიც საფუძველს დაუდებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიზნებს მომავალი ხუთი წლისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების შესრულებას და საქართველოს მომავალ ინტეგრაციას ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებში. სამოქმედო გეგმის განხორციელებამ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი საქართველოს კანონმდებლობის, ნორმებისა და სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან, რაც თავის მხრივ, საფუძველს ქმნის ეკონომიკური ინტეგრაციისათვის, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური ზრდისათვის.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებისათვის შემუშავდა თანამშრომლობის ინსტრუმენტი (European Neighborhood Partnership Instrument, ENPI), რომელიც 2007 წლიდან ჩაანაცვლებს ევროკავშირის ამჟამად მიმდინარე ყველა დახმარების პროგრამას. ევროკავშირის გადაწყვეტილებით დაახლოებით 11 მილიარდი დოლარი გამოიყოფა 2007-2013 წლებში სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებისთვის (ბელორუსია, უკრაინა, მოლდავეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, სირია და პალესტინა).

აგრევე გაფართოვდა და დამტკიცდა ევროპის საინვესტიციო ბანკის (European Investment Bank, EIB) მანდატი. ახალი მანდატით 2007-2013 წლებში ევროპის საინვესტიციო ბანკი რუსეთს, უკრაინასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დაახლოებით 3,7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას გააკეთებს ევროკავშირისათვის საინტერესო ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი (ტრანს-ევროპული სატრანსპორტო მაგისტრალების გაფართოება), ენერგეტიკა (სტრატეგიული ენერგო-პროექტები), ტელეკომუნიკაცია და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის განვითარება.