baneri_GA

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" ინიცირებულ ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის კამპანიას გამოეხმაურენ. "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის[1]" დამფინანსებლები იზიარებენ გარემოსდამცველთა თვალსაზრისს და აღნიშნავენ, რომ ეროვნული პარკის ინტერესერესები სრულად იქნება გათვალისწინებული პროექტის განხორციელებისას. მათ ეს საკითხი დაფინანსების წინაპირობად წაუყენეს საქართველოს მთავრობას. დონორებმა არასაკმარისად მიიჩნიეს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე გამავალი ელექტროგადაცემის მარშრუტის დასაბუთება და მთავრობას დამატებითი შესწავლის განხორციელება დაავალეს. აღნიშნული შესწავლისა და დამაჯერებელი დასაბუთების გარეშე საკითხი ღიად დარჩება. გარდა ამისა, მთავრობას დაევალება მოამზადოს და განახორციელოს ეროვნული პარკზე ზემოქმედების შერბილებისა და კომპენსაციის ღონისძიებები. 

"შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი" ითვალისწინებს 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას დასავლეთ საქართველოდან, აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე. პროექტის დაფინანსების წყაროდ მოიაზრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) კრედიტი (დაახლოებით 250 მლნ ევრო), რომელიც არის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგების დასაძლევად გამოყოფილი 4,55 მილიარდ დოლარიანი საერთაშორისო დახმარების ნაწილი. ომის შედეგად ყველაზე მეტად ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი დაზიანდა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს პროექტის განხორციელებისას გამოიყენოს მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 კილონეტრიანი ტყის ზოლის პირწმინდად გაჩეხვას. ამავდროულად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ელექტროგადაცემის ხაზმა ეროვნული პარკი გადაკვეთოს 4,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე, ისე, რომ არ გამოიწვიოს ტყის ჩეხვა და გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება. 

მწვანე ალტერნატივას და კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" ინიცირებული კამპანია მიზნად ისახავს, "შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტის" განხორციელებისას საქართველოს მთვარობამ არ გამოიყენოს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკისათვის ყველაზე დამანგრეველი მარშრუტი. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში. ას წელზე მეტია, აქ სხვადასხვა ფორმით უწყვეტად ხორციელდება დაცვის რეჟიმი. ეს ჯერ-ჯერობით ერთადერთი ეროვნული პარკია რეგიონში, რომელიც გაერთიანებულია დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში. პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. 

იხილეთ თანდართული ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წერილი.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა, IV სადარბ. VII სართ.
ტელ: (+995 32) 22 16 04, 22 38 74; ფაქსი: (+995 32) 22 38 74
ელ-ფოსტა: greenalt@greenalt.org
ვებ-გვერდი: www.greenalt.org

[1] პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.greenalt.org/Transparent_Aid/