DSC_0052

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ შპს „დარიალი ენერჯის“ წარუდგინეს შენიშვნები და კომენტარები დარიალის ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის „ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ (ბსგზშ) ანგარიშის საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოდგენილი ვერსიის თაობაზე.

პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგზე, დარიალის ხეობაში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. დარიალი ჰესი ენერგოსისტემას მიუერთდება დარიალის 110 კვ-იანი ხაზით, რომელიც აერთებს საქართველოსა და რუსეთის ენერგო-სისტემებს. პროექტის თანახმად, გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილი მოეწოდება საქართველოს ენერგოსისტემას შიდა მოხმარებისთვის, ნაწილი კი, გავა უცხოურ ბაზარზე. პროექტს ახორციელებს კომპანია „დარიალი ენერჯი“. პროექტის დოკუმენტების თანახმად, პროექტის დაფინანსების საკითხი, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ პროექტი, ნაწილობრივ მაინც, დაფინანსდება ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ დარიალის ჰესის შემოთავაზებული სახით მშენებლობა და ოპერირება გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს დარიალის ხეობას და მის ეკოსისტემას. პროექტი ითვალისწინებს 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის (90 პროცენტის) სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე მდინარეში დარჩება მხოლოდ საშუალო მრავალწლიური ხარჯის 10 პროცენტი. „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“ აზრით, პროექტი აბსოლუტურად შეცვლის დარიალის ხეობის ლანდშაფტს, რის გამოც ის დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ასევე ექნება ძალზე მნიშვნელოვანი შეუქცევადი ზეგავლენა „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობაზე, ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს მდ. თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.

დაგეგმილ პროექტზე „დარიალი ენერჯისთვის“ წარდგენილი ეს და სხვა შენიშვნები შეგიძლიათ იხილოთ აქ: ჩამოტვირთეთ დოკუმენტი