DSC_0052

სააპელაციო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე დანიშნული პროცესი, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2012 წლის 7 ნოემბერს, 16:00 საათზე გადადო.

პროცესზე სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად კანონიერია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. “მწვანე ალტერნატივა” საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას სთხოვდა, რომლითაც დარიალის ჰესის მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა.

სამწუხაროდ, სააპელაციო სასამართლოს სხდომა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თხოვნით გადავადდა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – 90%-ის – მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში.

სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.