IMG_0447
მიღებულია 
2007 წლის 25 მაისს თბილისში 
სამეცნიერო სემინარზე 
საქართველოს ტყეების მნიშვნელობა, რეალობა და პერსპექტივა 

ჩვენ ქვემოთ ხელმომწერნი: 

ვაცნობიერებთ რა, რომ საქართველოს ტყეებს გააჩნიათ უდიდესი ეკოლოგიური ფუნქცია – გამოირჩევიან ენდემიზმის მაღალი დონით, უნიკალური ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ასრულებენ კლიმატის წარმომქმნელ, ნიადაგდაცვით, წყალმარეგულირებელ და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს; 

ვაღიარებთ რა, საქართველოს ტყეების უდიდეს ესთეტიურ, სულიერ და კულტურულ მნიშვნელობას; 

მხედველობაში ვიღებთ რა, იმ გარემოებას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ შემონახულია თითქმის ხელუხლებელი ტყეები, რომლებიც ჩვენი ბიოგეოგრაფიული ერთეულის ტყეების რეპრეზენტატიულ მაგალითს წარმოადგენენ; 

ვაღიარებთ რა, რომ 21-ე საუკუნში, ტყეებს განსაკუთრებული როლი ენიჭება კლიმატის ცვლილებისა და სხვა გლობალური ეკოლოგიური კატაკლიზმების გავლენის შერბილებაში; 

გამოვხატავათ რა შეშფოთებას, საქართველოს ტყის ეკოსისტემების სავალალო მდგომარეობის გამო, რადგან ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილში ტყეების დეგრადაციის დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია; 

ხაზგასმით აღვნიშნავთ რა, რომ თუ შენარჩუნდა საქართველოს ტყიანი ეკოსისტემების მერქნული რესურსების გამოყენების არსებული ტემპი, მიუხედავად იმისა, კანონიერი ჭრები იქნება ეს, თუ უკანონო, 10-15 წელიწადში მთლიანად მოისპობა საქართველოს ტყეები; 

მოვუწოდებთ რა, ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის შესაბამისად, 

მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ: 

• შეწყდეს საქართველოს ტყეების მერქნული რესურსის ფართომასშტაბიანი ექსპლუატაცია; 

• სახელმწიფომ აქცენტი გადაიტანოს ტყეების დაცვასა და კონსერვაციაზე; 

• სახელმწიფომ გაზარდოს სატყეო სექტორში გამჭვირვალობა და საზოგადოების მონაწილეობა. 

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, გარდაუვალია გარკვეული რაოდენობით ტყის მერქნული რესურსების ათვისება, მაგრამ ამის განხორციელება ეკოსისტემური მიდგომის გარეშე, საქართველოს ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანს. 

მიგვაჩნია, რომ სატყეო სექტორში ამჟამად არსებული მდგომარეობა ტყის არასწორი მართვის შედეგია და სექტორი გადაუდებლად საჭიროებს რეფორმირებას; მაგრამ, ამავე დროს, სრულიად მიუღებელია, როდესაც რეფორმის სახელით, ხე-ტყის დამზადების მიზნით გამოიყენება მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყეები ყოველგვარი წინასწარი შეფასებისა და დასაბუთების გარეშე. მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია თანამიმდევრულად გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები: 

1. დასრულდეს საქართველოს ტყეების ინვენტარიზაცია/კატეგორიზაცია და გარემოსდაცვითი შეფასების საფუძველზე, გამოიყოს ის უბნები, სადაც შეზღუდული ტყის ჭრა ჯერ კიდევ დასაშვებია. 

2. საქართველოს ტყეების არანაკლებ 15% მიენიჭოს დაცული სტატუსი (IUCN I-IV კატეგორია); ამ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ჩამოყალიბებამდე ნორმატიული აქტით მიენიჭოს მათ სარეზერვო დაცული ტერიტორიების სტატუსი და აიკრძალოს მერქნის ინდუსტრიული დამზადება. 

3. მოეწყოს საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის სრულფასოვანი (და არა პროფანაციული) საჯარო განხილვები ფართო საზოგადოების, სპეციალისტებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობით. 

4. საჯარო განხილვების შედეგად, დადგინდეს საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსია და დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. 

5. საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის საფუძველზე: 
- განისაზღვროს მდგრადი მეტყევეობის ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა; 
- გატარდეს პოლიტიკისა და სტრატეგიის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები; 
- გატარდეს შესაბამისი ინსტიტუციური ცვლილებები. 

პოლიტიკის დოკუმენტი, ეროვნული სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, ახალი ტყის კოდექსი, ასევე, ტყის მართვის ყოველი კონკრეტული მექანიზმი უნდა იყოს ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი მათ მიღებამდე/დამტკიცებამდე. ამასთან, საზოგადოების მიერ გამოთქმული შენიშვნებისა თუ მოსაზრებების გაუზიარებლობის შემთხვევაში, ორჰუსის კონვენციის მოთხოვნების თანახმად, ხელისუფლებამ საჯაროდ უნდა დაასაბუთოს თითოეულის გაუთვალისწინებლობის მიზეზი. 

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერებს, მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული იქნება ხელისუფლებისა და საზოგადოების თანამშრომლობის, საქართველოს ტყეებისა და ჩვენი შთამომავლობის მომავალზე ხელისუფლებისა და საზოგადოების მიერ ერთობლივი პასუხისმგებლობის აღების ყველაზე მისაღები და ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ტყეებს დაუტოვებს გადარჩენის შანსს. 

ირაკლი მაჭარაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ 
გია სოფაძე, „ეკოხედვა“ 
დავით თარხნიშვილი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა შემსწავლელი ფაკულტეტის დეკანი 
ნათია კოპალიანი, ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცოცხალი სამყაროს მეცნიერებათა შემსწავლელი ფაკულტეტის პროფესორი 
თეიმურაზ კანდელაკი, სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პროფესორი, „საქართველოს მეტყევეთა საზოგადოება“ 
მარინა ჟორდანია, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 
კახა სუხიტაშვილი, საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოება 
მანანა ქოჩლაძე, ბანკებზე დამკვირვებელთა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქსელის რეგიონული კოორდინატორი CEE Bankwatch Network 
ირაკლი ქობულია, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 
პავლე ცაგარეიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მდგრადი განვითარების ცენტრი „რიო“ 

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა,
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5ა IV სადარბაზო VII სართული; 
ტელ: +995 32 22 16 04; ფაქსი: +995 32 22 38 74; 
ელფოსტა:greenalt@wanex.net.