baneri_GA

ა.წ. 9 დეკემბერს, კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 14.00 საათზე "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის" კოალიცია გამართავს სამოქმედო გეგმის შესრულების ალტერნატიული ანგარიშის პრეზენტაციას. 

კოალიცია აერთიანებს ოთხ ორგანიზაციას, ესენია: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო, ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. კოალიციის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით დადგენილი ღონისძიებების განხორციელებას და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ამ მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და არსებული ხარვეზების შესახებ, ასევე, ხელისუფლებას შესთავაზოს რეკომენდაციები ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

კოალიციის მიერ მომზადებული პირველი ალტერნატიული ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს ხელისუფლების მიერ სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2007-2008 წლებში განხორციელებულ საქმიანობას და მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ სფეროებზე, რომლებიც შედის კოალიციის წევრი ორგანიზაციების ზოგადი საქმიანობის არეალში, კერძოდ: კანონის უზენაესობასა და ეფექტურ მმართველობაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, მდგრად განვითარებაზე და გარემოს დაცვაზე.

პრეზენტაციაზე კოალიციის წევრები მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოშო სამოქმედო გეგმის, იგივე, ევროპის კავშირის მოთხოვნების შესრულების მხრივ და რა ნაბიჯებია მომავალში გადასადგმელი იმისთვის, რომ ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების ევროპული სტანდარტები
დააკმაყოფილოს.

პრეზენტაცია ჩატარდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ოფისში 
მის: ზოვრეთის ქ. 38. 
ტელ: 38 04 67/68