DSC_0083

მიმდინარე წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით გაიმართა რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც ეძღვნებოდა საქართველოში დერივაციული ტიპის ჰესებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის, ბატონი ილია ელოშვილის შეთავაზებით, პრობლემის განხილვა დაიწყო მშენებარე „დარიალჰესისა“ და დაგეგმილი „ყაზბეგი ჰესის“ (ხდის ხეობა, ბროლისწყალი) მაგალითებზე.

შეხვედრების თითქმის ყველა  მონაწილე, პროექტის არსებული ფორმით შემუშავებაში ან დამტკიცებაში მონაწილეობდა: ჰესების მშენებელი კომპანია, ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ აღნიშნული ჰესების წინასაპროექტო კვლევების („გროს ენერჯი“), გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის („გამა“ და მისი ექსპერტები) და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის (გარემოს ეროვნული სააგენტო) მომზადებაში. შეხვედრებში დამოუკიდებელ მხარედ ჩვენს ორგანიზაცისთან ერთად, მხოლოდ „საქართველოს მწვანეები“, ბატონი მამუკა გვილავა და შეიძლება ერთი ან მაქსიმუმ ორი მონაწილე ჩაითვალოს (სამწუხაროდ, ყველას სახელი და გვარი ჩვენთვის არ არის ცნობილი). თემის ფართო საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მწვანე ალტერნატივამ პირველივე შეხვედრაზე მოითხოვა, ჯგუფი უფრო ღია და წარმომადგენლობითი გამხდარიყო, მოწვეული ყოფილიყვნენ სამეცნიერო, საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ. WWF Caucasus) და სამოქალაქო საზოგადოების (განსაკუთრებით ადგილობრივი) წარმომადგენლები. სამწუხაროდ, მწვანე ალტერნატივას ეს მოთხოვნა  არ იქნა გათვალისწინებული. ასევე, ენერგეტიკის სამინისტრომ არ შეასრულა საჯაროდ გაცხადებული დაპირება და არ უზრუნველყო პროცესში ადგილობრივი ჯგუფების ჩართვა.

ენერგეტიკის სამინისტრო ხშირად აპელირებს იმ ფაქტზე, რომ ზემოაღნიშნულ პროცესში ჩართულია აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი (რომლის თავმჯდომარედაც არჩეულია მწვანე ალტერნატივას თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე). აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მესამე – ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის – ჯგუფის ინიციატივით, მართლაც გაიმართა შეხვედრა ენერგეტიკის მინისტრთან და  მოხდა შეთანხმება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე. თუმცა, პლატფორმა არ მოიზრებს მსგავს სამუშაო ჯგუფებში ჩართულობას, როგორც პლატფორმის წევრთა ექსკლუზიურ უფლებას და აღიარებს სამოქალაქო საზოგადოების მთელი სპექტრის მონაწილეობის აუცილებლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმის მესამე სამუშაო ჯგუფის ჩართულობა არავითარ შემთხვევაში არ უშლის პლატფორმის არაწევრი არასამთავრობო ორგანიზაციების პროცესში  ჩართვას. პირიქით, შერჩევითი ჩართულობა სწორედ  პლატფორმის პრინციპების უხეში დარღვევაა და პროცესის დისკრედიტაციის საფუძველს ქმნის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, მაქსიმალურად გაიხნას პროცესი, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს პროცესში სრულფასოვანი ჩართვის შესაძლებლობა.