5238_4bc04d1441191

ბატონო სოზარ

აღნიშნული წერილით, გვსურს თქვენი ყურადღება თბილისის წყალმომარაგების სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე და ჩვენი ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე მივაპყროთ, რამაც საზოგადოების სერიოზული და სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია. 

მოგახსენებთ, რომ შპს. “თბილისის წყალმა” 2007 წლის გაზაფხულიდან დაიწყო საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება (საერთო მრიცხველების დამონტაჟება) და საცხოვრებელ კორპუსებში სულადობის მოწესრიგება. ვაშლიჯვარი წარმოადგენს თბილისის ერთ-ერთ პირველ უბანს, სადაც საერთო მრიცხველები სრულად იქნა დამონტაჟებული. ასევე მოწესრიგდა საცხოვრებელ კორპუსებში მაცხოვრებელთა რეალური რაოდენობა1

ჩვენი ორგანიზაციის მიერ ვაშლიჯვრის დასახლებაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლიჯვრის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების მიერ მოხმარებულმა წყლის ოდენობამ 2007 წლის მაისის ბოლოს შეადგინა ფიქსირებულ გადასახადზე საკმაოდ ნაკლები. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ვაშლიჯვრის დასახლების 7ბ კორპუსის მიერ 2007 წლის მაისის თვის საერთო მრიცხველის მიერ ნაჩვენები მონაცემების მიხედვით, გადასახადმა ერთ სულზე შეადგინა 1.99 ლარი ანუ ფიქსირებულ გადასახადზე (2.40 ლარი) გაცილებით ნაკლები.

მიუხედავად იმისა რომ 2007 წლის ივნისის თვიდან თანხის დარიცხვა უნდა მომხდარიყო უკვე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის დაზუსტებული რაოდენობის შესაბამისად და საცხოვრებელ კორპუსებში დამონტაჟებული წყლის საერთო მრიცხველის ჩვენების მიხედვით, დღემდე ვაშლიჯვრის მოსახლეობა, მათ შორის 7ბ კორპუსის მაცხოვრებლები, იხდიან კვლავაც ფიქსირებულ 2.40 ლარს ერთ სულზე და არა მრიცხველის მიერ დაწერილი ჩვენების მიხედვით, რაც წარმოადგენს მათი უფლებების სერიოზულ დარღვევას. ამასთან აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფიქსირებული გადასახადი მოდის უკვე მოსახლეობის კორექტირებული სიების შესაბამისად და არა ძველი სიების მიხედვით, რაც პირდაპირ მიუთითებს კომპანიის მხრიდან მიზანმიმართულად ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე და იწვევს მოსახლეობის სამართლიან აღშფოთებას.
გარდა ზემოთაღნიშნული დარღვევისა გვინდა დეტალურად წარმოგიდგინოთ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ირგვლივ გამოვლენილი სხვა დარღვევებიც, რამაც შესაძლოა მოახდინოს უარყოფითი ზემოქმედება თბილისის მოსახლეობაზე.

2007 წლის აპრილში შპს. “თბილისის წყალი”-ს2 მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (ერგბ) შეტანილ იქნა 25 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი3. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა საცხოვრებელ კორპუსებზე საერთო მრიცხველების დამონტაჟებასა და წყლის სექტორის მართვის მიზნით, კომპანიისთვის კერძო სამართლის საზოგადოებრივი პარტნიორობის განვითარებას. მიუხედავად საზოგადოების მხრიდან მძლავრი წინააღმდეგობისა, რაც დაკავშირებული იყო გამჭირვალობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უგულვებელყოფასთან, აღნიშნული პროექტი 2007 წლის 10 ივლისს ერგბ-ს მიერ მაინც იქნა დამტკიცებული. 

წყლის სექტორში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ამავე წლის აგვისტოში თბილისის მერიისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ თბილისის წყალმომარაგების სისტემა მოულოდნელად შეტანილი იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში4

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ ტენდერში გამარჯვება მოიპოვა შვეიცარულმა კომპანია “მულტიპლექს სოლუშენსმა”, რომელსაც ერთის მხრივ, წყლის სექტორის მართვის არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, და მეორეს მხრივ, საეჭვოა თვით ამ კომპანიის წარმომავლობაც5.

1. გამჭირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა

გაერთიანებული ერების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის მიერ გაკეთებული მე-15 ზოგადი კომენტარის 48 მუხლი6 ითვალისწინებს წყლის სექტორში მიმდინარე რეფორმების ირგვლივ არსებული ინფორმაციის გამჭირვალობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას. მიუხედავად ჩვენს მიერ შპს. “თბილისის წყალი”-დან, თბილისის მუნიციპალიტეტიდან და ერგბ-დან პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მრავალჯერადი მოთხოვნისა, საზოგადოებისათვის მხოლოდ პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება გახდა ცნობილი, ისიც მხოლოდ ერგბ-ს მიერ პროექტის დამტკიცების შემდეგ. გარდა ამისა არც პროექტის საზოგადოებრივი განხილვა მოწყობილა, რაც ასევე წარმოადგენს გაეროს აღნიშნული კონვენციის უხეშ დარღვევას. 

პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისის სრული საკრედიტო ანალიზი7, რომელიც უნდა ყოფილიყო პროექტის დამტკიცების ერთ-ერთი საფუძველი, საერთაშორისო საბუღალტრო კომპანიას უნდა მოემზადებინა. მიუხედავად ამისა საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი რჩება მომზადდა, თუ არა საერთოდ აღნიშნული ანალიზი.

საზოგადოებისათვის ასევე უცნობია, რის გამო იქნა სახელმწიფოს მხრიდან მომგებიანი საწარმოს პრივატიზების გადაწყვეტილება მიღებული, ისევე როგორც უცნობია ტენდერში გამოვლენილი გამარჯვებული კომპანიასთან დასადები კონტრაქტის პირობებიც. იმ დროს როცა ქვეყანაში არ არსებობს არანაირი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებდა წყალთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა წყლის ტარიფის რეგულირება, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და ა.შ. ეს შეიძლება აღმოჩნდეს წყლის სექტორში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების წარუმატებლობის მთავარი მიზეზი, რასაც უარყოფითი ასახვა ექნება თბილისის მოსახლეობაზე.

2. წყლის სექტორში მიმდინარე პროცესების ირგვლივ არსებული დარღვევები 

ერგბ-ს პროექტის მოკლე ანოტაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის დამტკიცებამდე უნდა მომზადებულიყო პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი, სადაც აღწერილი იქნებოდა კომპანიის საქმიანობის სრული ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური, გარემოსდაცვითი და დაგეგმილი ინვესტიციების მიმოხილვა და ასევე უნდა მომხდარიყო კომპანიის ანგარიშების აუდიტი. 

ერგბ-ს მიერ პროექტი ისე იქნა დამტკიცებული, რომ არც ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და არც კომპანიის ანგარიშების აუდიტი არ ჩატარებულა. ერთადერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ერგბ-მ პროექტის დამტკიცების დროს იმსჯელა, წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება იყო8

აღსანიშნავია, ის გარემოებაც რომ ერგბ-ს მიერ თბილისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის დამტკიცების შემდეგ, საკრებულოს ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე თბილისის წყალმომარაგების სისტემა თბილისის მუნიციპალიტეტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შეტანილ იქნა საპრივატიზაციო ნუსხაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით დარღვეულ იქნა საქართველოს კანონი “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ”9. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე ჩვენ ვთვლით, რომ თბილისის წყლის მიწოდების სისტემების გასხვისების მიზნით, ჩატარებული ტენდერი უკანონოა.

3. გამრიცხველიანებასთან დაკავშირებული პრობლემები

ერგბ-ში შეტანილი თბილისის მუნიციპალური წყალმომარაგების პროექტის ერთ-ერთ მიზანს საცხოვრებელ კორპუსებში საერთო მრიცხველების დამონტაჟება წარმოადგენს, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთო მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლებმა უნდა გადაიხადონ სულადობის მიხედვით გადასახადი. 

გარდა ამისა საინტერესოა, ერგბ-ს პროექტში არსებული ინდივიდუალურ მრიცხველების დამონტაჟებასთან არსებული მიდგომაც. პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათების თანახმად, ინდივიდუალური მრიცხველების დაყენება არ შედის კომპანიის ვალდებულებებში და საერთო მრიცხველების დაყენება ერთადერთი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, ვინაიდან ინდივიდუალური გამრიცხველიანება საკმაოდ ძვირი დაუჯდებოდა მოსახლეობას. “კომპანია უნდა ათვითცნობიერებდეს, რომ მისი პასუხისმგებლობა სრულდება სხვისი საკუთრების საზღვარზე და შესაბამისად ის არ არის პასუხისმგებელი საცხოვრებელი კორპუსში არსებულ წყალსადენებზე”10

მართალია, წყლის კომპანია არ არის ვალდებული საცხოვრებელ კორპუსში არსებული წყალსადენები უფასოდ შეაკეთოს, თუმცა გაურკვეველია, მაშინ ვის მიერ უნდა იქნეს შეკეთებული დაზიანებული მილები და ვინ უნდა აიღოს მილების შეკეთების ხარისხზე პასუხისმგებლობა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წყლის მაღალი დანახარჯი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ქსელებისა და სველი წერტილების მოუწესრიგებლობამ განაპირობა, აშკარაა, რომ შიდა ქსელების ხარისხიანი შეკეთება საკმაოდ მნიშვნელოვანია დადებითი გარემოსდაცვითი ეფექტის მიღწევისათვის. 

რაც შეეხება მრიცხველებს, ამ შემთხვევაში, სიტუაცია განსხვავებულია. მომხმარებლიდან წყლის გადასახადების ამოღება კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო გადასახადის ოდენობა მრიცხველის მიერ დაწერილი ჩვენების მიხედვით განისაზღვრება. ამდენად, სწორედ წყლის კომპანიაა ვალდებული, რომ დაამონტაჟოს ინდივიდუალური მრიცხველები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საერთო მრიცხველებთან არის დაკავშირებული, იმ მომხმარებლების შესაძლო გათიშვა წარმოადგენს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს. ეს კი გამოიწვევს მეზობლებს შორის დაძაბულობის ზრდას. 

გარდა ამისა წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ დახასიათებაში11 აღნიშნულია, რომ საშუალოდ თითოეული ბინისთვის საჭიროა 4 მრიცხველის დაყენება, რის გამოც საჭირო იქნებოდა დაახლოებით 1.2 მილიონიმრიცხველის შეძენა. თუმცა გაუგებარია რა საჭიროა ერთ ბინაში 4 მრიცხველის დაყენება, როცა სრულიად საკმარისი იქნებოდა ბინაში შემავალ წყლის ცენტრალურ მილზე დაყენებულიყო მხოლოდ ერთი მრიცხველი.

4. რეგულირებასთან დაკავშირებული დარღვევები

2007 წლის 27 ოქტომბერს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოცხადდა შვეიცარული კომპანია “მულტიპლექს სოლუშენსი”12. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დასახელებული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნული კომპანია შეინარჩუნებდა აღნიშნულ ტარიფს ორი წლის განმავლობაში.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი წყლის ტარიფის რეგულირებაზე, წყლის ხარისხის კონტროლზე და ა.შ. გაურკვეველია საერთოდ რა მეთოდოლოგით ხდება წყლის ფასის დადგენა, ვინაიდან საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არასდროს არ შეიცავს მის ეკონომიკურ დასაბუთებას.

ამასთან, გაუგებარია, რატომ მოხდა ასე ნაჩქარევად ასეთი მნიშვნელოვანი ობიექტის გასხვისების გადაწყვეტილება მიღებული და აგრეთვე ის თუ როგორ აპირებს სახელმწიფო ამ კომპანიაზე ზედამხედველობის გაწევას. 

 

ბატონო სოზარ,

ზემოთაღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, რეაგირება მოახდინოთ ვაშლიჯვრის დასახლებაში საერთო მრიცხველების დამონტაჟებასთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების არსებულ დარღვევებზე და აგრეთვე უზრუნველყოთ კომპანიის მხრიდან მსგავსი უსამართლობის აცილების მექანიზმი. გარდა ამისა მოგმართავთ თხოვნით, წყლის სექტორში მიმდინარე პროცესების თბილისის მოსახლეობაზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, უშუალოდ ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესში, კერძოდ: 

• ხელი შეუწყოთ აღნიშნულ პრობლემატურ საკითხებზე სახელმწიფოს, კერძო კომპანიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის განხილვების დაწყებას და პრივატიზაციასთან დაკავშირებული ყოველგვარი დოკუმენტაციის საჯაროობის უზრუნველყოფას; 

• ხელი შეუწყოთ ისეთი მექანიზმის შექმნას, რომლის ფარგლებში საზოგადოებას ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს და მეთვალყურეობა გაუწიოს წყლის სექტორში ყოველგვარი გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რომელიც ეხება წყლის ტარიფის დადგენას, საინვესტიციო ვალდებულებებს, მრიცხველებს და სხვა.

ჩვენ მოხარულნი ვიქნებით ვითანამშრომლოთ სახალხო დამცველის ოფისთან ზემოთაღნიშნულ საკითხებზე. 

წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.

პატივისცემით,

დავით ჭიპაშვილი

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების 

პროგრამის კოორდინატორი

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა

დანართი (სულ 4 გვერდი): 

 

1. თვით მოსახლეობის მიერ იქნა დადგენილი კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის სრული სია და მიწოდებულ იქნა აღნიშნული სიები კომპანიისათვის;
2. შპს “თბილისის წყალი” და მასთან დაკავშირებული აქტივები თბილისის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში შედის;
3. http://www.ebrd.com/projects/psd/psd2007/37321.htm 
4. http://www.economy.ge/geo/main.php?news=128 
5. ამ კომპანიის შესახებ მხოლოდ ისა არის ცნობილი, რომ ის დაფუძნდა 2005 წელს შვეიცარიაში 5 პირის მიერ და მისი საწესდებო კაპიტალი შეადგენს
მხოლოდ 85 ათას აშშ დოლარს. ამასთან არაფერი არ არის ცნობილი თვით ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ, რაც ბადებს კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში.
6. http://www.law.wits.ac.za/humanrts/gencomm/escgencom15.htm წყალზე უფლება, პარაგრაფი 48;
7. წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება, 12 თავი, გვ. 122;
8. პოლ კოვენდენი, ერგბ-ს უფროსი ბანკირი, მინიციპალური და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურა;
9. “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” N 5295, 11 ივლისი, 2007 მე-3 მუხლის 5 პუნქტი: “სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო”
10. წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დახასიათება, 9.4.2 თავის, მე-3 პარაგრაფი;
11. დოკუმენტის 9.4.2 თავის მე-4 პარაგრაფში;
12. “Georgia today”- Swiss Company takes over Tbilisi Water- 02/11/07-08/11/07;