BORJOMI1

საერთაშორისო დახმარებით დაგეგმილი პროექტის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ზეგავლენის თაობაზე

2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდგომ წარმოშობილი კრიზისის დასაძლევად დონორმა ქვეყნება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოს აღუთქვეს 4,55 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფა. ამ თანხის დიდი ნაწილი განკუთვნილია ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების დასაფინანსებლად. მათგან ერთ-ერთი – „შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი“ – ითვალისწინებს 500-კვ ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას (დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე). პროექტთან დაკავშირებული წინასწარი შესწავლა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დააფინანსა გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა (KfW) 8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტით, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) გეგმავენ 250 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას პროექტის განსახორციელებლად /მშენებლობისათვის.

ყურადსაღებია, რომ აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და შეწყდა 1992 წელს. ამჟამად შემოთავაზებული საპროექტო გადაწყვეტით, ელექტროგადამცემმა ხაზმა უნდა გადაკვეთოს რამოდენიმე დაცული ტერიტორია: ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი, ქცია–ტაბაწყურის აღკვეთილი და გარდაბნის აღკვეთილი. ჩამოთვლილთაგან, გარდაბნის აღკვეთილის ტერიტორიაზე სამუშაოები საბჭოთა პერიოდშია განხორციელებული, ხოლო დანარჩენი დაცული ტერიტორიების გადაკვეთას დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს. ეს კი, ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ხოლო ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით შედგენილი პროექტის დაფინანსება კი ეწინააღმდეგება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციებს, რაც შესაძლებელია პროექტის ჩაშლის მიზეზი გახდეს. განსაკუთრებული პრობლემა წარმოიშვა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან მიმართებაში. საქმე ისაა, რომ პროექტით შემოთავაზებულია ბორჯომის ხეობის გადაკვეთის სამი ალტერნატიული მარშრუტი. პირველი ალტერნატივის შემთხვევაში, ელექტროგადამცემი ხაზი ეროვნულ პარკს კვეთს 11.5-კილომეტრიან, ტყით დაფარულ მონაკვეთში, მეორე ალტერნატივის შემთხვევაში – ტყით დაუფარავ 4.7 კილომეტრიან მონაკვეთში, ხოლო მესამე ალტერნატივის შემთხვევაში, გვერდს უვლის ეროვნულ პარკს, თუმცა, გაივლის ყველაზე მეტ ტყით დაფარულ ტერიტორიას, რომელიც უახლოეს პერიოდში შეუერთდება ეროვნულ პარკს. ამდენად, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკზე ზემოქმედება ყველაზე ნაკლებია მეორე ალტერნატივის შემთხვევაში. 
ეროვნული პარკის ადმინისტრაცია და გარემოზე ზემოქმედების შესწავლისათვის დაქირავებული კონსულტანტიც ემხრობიან მეორე ალტერნატივას. მიუხედავად ამისა, პროექტის განხორციელებით დაინტერესებული ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს ზეწოლა მოახდინოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე და კანონმდებლობის უხეში დარღვევით, პროექტის რეალიზაციისას გამოიყენოს ყველაზე იაფი ალტერნატივა, რომელიც გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ყველაზე მეტ ზემოქმედებას (პირველი ალტერნატივა). ხაზი უნდა გავუსვათ, რომ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში მოცემული გარემოს დაცვის პრინციპების, კერძოდ "პრიორიტეტულობის პრინციპის" თანახმად, "ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებრისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებადღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს". ამ შემთხვევაში დაირღვევა „დაცული ტერიტორიების შესახებ“ კანონიც, ვინაიდან ანძები და მაღალი ძაბვის ხაზები უნდა განლაგდნენ დაცული ტერიტორიის ვიზიტორთა ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში; გადამცემი ხაზის მთელ პერიმეტრზე პირწმინდად უნდა გაიკაფოს ტყე, მშენებლობის პროცესში ადგილი ექნება სახეობების შეწუხებას; მშენებლობის დასრულების შემდეგ მოიმატებს ტყის ხანძრების საშიშროება და ლანდშაფტი ვიზუალურად დაბინძურდება. ვიზუალური დაბინძურების, ანუ ლანდშაფტის დამახინჯების გამო, ეროვნული პარკი ნაკლებად მიმზიდველი გახდება ტურიზმისათის, რაც აისახება ეროვნული პარკის შემოსავლებზე. ამრიგად, გარდა კანონმდებლობის დარღვევისა და ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე ზემოქმედებისა, პროექტი იქონიებს ხანგრძლივვადიან სოციალურ და ეკონომიკურ უარყოფით ზეგავლენას. 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია სამხრეთ კავკასიაში, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიის მთავრობას და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკს (KfW). ას წელზე მეტია, აქ სხვადასხვა ფორმით უწყვეტად ხორციელდება დაცვის რეჟიმი. ეს ჯერჯერობით ერთადერთი ეროვნული პარკია რეგიონში, რომელიც გაერთიანებულია ეროვნული პარკების საერთაშორისო ქსელში, PAN-Park-ში. მისი ტერიტორია მოიცავს საქართველოს ტერიტორიის 1 პროცენტზე მეტს; პარკში შემორჩენილია ხელუხლებელი ეკოსისტემები და ბინადრობს მრავალი ენდემური, რელიქტური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა, რომელთაც იცავს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა. საქართველოში კავკასიური ირემი შემორჩენილია მხოლოდ სამ ადგილას: ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების, ასევე აღნიშნული პროექტის გავლენის ქვეშ მყოფი დაცული ტერიტორიების – გარდაბნის აღკვეთილისა და ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის, ფარგლებში. 
პარადოქსულია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ დონორების მიერ გამოყოფილი თანხების გამოყენებით, კიდევ უფრო დააზიანოს ამ აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული ეროვნული პარკი. 
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დონორ სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, არ დაუშვან, რუსეთის აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ფინანსები გამოყენებულ იქნეს ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის დეგრადაციისთვის. ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ვიტოვებთ უფლებას გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტი, რათა წინ აღვუდგეთ საქართველოსათვის დესტრუქციული პროექტების განხორციელებას. 
კოალიცია "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის":

კოალიციის "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის" მისიაა საქართველოსთვის დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომი კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მთავრობის ანგარიშვალდებულების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების თანამონაწილეობის უზრუნველყოფა ფინანსური დახმარების განკარგვის პროცესში. 
კოალიციის წევრი ორგანიზაციები: "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”, "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, "კივიტას გეორგიკა", "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო"
ვრცლად კოალიციის შესახებ იხილეთ ვებ–გვერდზე: http://www.transparentaid.ge

წინამდებარე განცხადებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: 
ირაკლი მაჭარაშვილი
მწვანე ალტერნატივა
ტელ.: 22 16 04; 22 38 74
imacharashvili@greenalt.org