baneri_GA

საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი “ლიცეზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. (ინფორმაცის წყარო: law@civilin.org). ცვლილებები გულისხმობს ახალი სახეობის ლიცენზიების შემოღებას – ესაა “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორის სახეობებით სარგებლობის ლიცენზია”. 

ამ ცვლილებებისა და დამატებების აუცილებლობა განპირობებულია ზოგიერთი სახეობის არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით გამოყენების დიდი მასშტაბით. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონმა რეგულირების გარეშე დატოვა არამერქნული რესურსების მოპოვება. არადა, ამგვარი რესურსსარგებლობა საკმაოდ გავრცელებული ბიზნესია ჩვენს ქვეყანაში (მაგ. სოჭის გირჩები, თეთრყვავილას ბოლქვები), საქმიანობის არამდგრადი მეთოდებით წარმართვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას. 

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში მსგავსი დამატებებისა და ცვლილებების შეტანას ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ლობირებდა დღიდან კანონპროექტის გამოქვეყნებისა. ეს ცვლილებაც მნიშვნელოვანწილად ამ ლობირების შედეგია. 

კანონპროექტის პირველი წაკითხვით მიღებამდე ასოციაციამ მასთან დაკავშირებული შენიშვნებითა და წინადადებებით წერილი გააგზავნა საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, რეფორმების დარგში სახელმწიფო მინისტრის, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების სახელზე (16 ივნისი, 2005 წელი). მოგვიანებით შენიშვნები წერილობითი სახით უფრო ვრცლად მიეწოდა სამინისტროს (15 ივლისი, 2005 წელი). 

ყველა წერილი უპასუხო დარჩა, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ხელისუფლება საერთოდ არ იწუხებს თავს საზოგადოების წარომადგენელთა წერილების კითხვით, ან არ უნდა რომ აღიაროს თავისი შეცდომები. 

თუმცა ამის შემდეგაც მწვანე ალტერნატივა არ შეგუებია ხელისუფლების უყურადღებობას და ლობირებას აგრძელებდა. კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ წერილებით კვლავ რამდენჯერმე მივმართეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შედგა შეხვედრები ხელმძღვანელობასთან, გაკეთდა საჯარო განცხადებები. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ სხვადასხვა შეხვედრებსა და სემინარებზე გაკეთდა მოხსენებები კანონის არასრულყოფილების შესახებ. შეხვედრების მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლები დისკუსიებისას სრულად ეთანხმებოდნენ მწვანე ალტერნატივას შენიშვნებს ამ საკითხთან მიმართებაში (ასე მაგალითად: შეხვედრა “გარემოსდაცვით პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის შესახებ” 2005. 10. 10, თბილისი, დიუმას ცენტრი; ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ვ. ლეჟავა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ზ. ლომთაძე, ამავე სამინისტროს დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები; სემინარი: “სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესები და დამოუკიდებელი მონიტორინგი”, 2005. 23.12, თბილისი, ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ს. ახობაძე, ამავე სამინისტროს დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები). სულ ბოლოს 2006 წლის 9 თებერვალს ჰენრიხ ბიოლის ფონდში გამართული დებატებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზ. ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო მოხარულია არაამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ამის მაგალითად მოიყვანა ჩვენს მიერ მიწოდებული შენიშვნები არამერქნულ რესურსებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი თქმით გაზიარებულ იქნა სამინისტროს მიერ. 

სამწუხაროდ, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანმხლებ განმატებით ბარათში აღნიშნულია, რომ მის შემუშავებაში არასახელმწიფო ორგანიზაციებს, ექსპერტებს, და სხვ. მონაწილეობა არ მიუღიათ და, შესაბამისად, მათი მხრიდან კანონპროექტის შეფასება არ მომხდარა. 


სამწუხაროდ, კონსულტაციები მართლაც არ გამართულა, რამაც განაპირობა გარკვეული ხარვეზები ამ მცირე მოცულობის კანონპროექტის ტექსტში (მაგ. ამ რედაქციით კანონის მიღების შემთხვევაში კვლავ შეუძლებელია სოჭის თესლზე ლიცენზიის გაცემა, მაგრამ შესაძლებელი გახდება “წითელი ნუსხის” მერქნიანი სახეობების მოჭრა. ჩვენის აზრით, ეს ნამდვილად არ არის უნებლიე რედაქციული შეცდომა). ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ შენიშვნების წერილობითი სახით მიწოდების შემდეგ საქართველოს პარლამენტისადმი, შესაძლებლობა მოგვეცემა ვისაუბროთ მათზე საკომიტეტო მოსმენებზე. 


არასახელმწიფო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა თავისთავად წარმოადგენს ნებისმიერი სამინისტროსა თუ ხელისუფლების სხვა დაწესებულების მუშაობის მახასიათებელს და ქვეყანაში განსაზღვრავს “კარგი მმართველობის” დონეს. ამის შესახებ ხმამაღლა განცხადება სწორედ კარგი “პიარი” იქნებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის – “პიარი”, ხომ დღევანდელი ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი ძალაა – და არა ისეთი, როგორსაც ახლა აკეთებენ. თუმცა დღეისათვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის საზოგადოებასთან კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწლეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა საკუთარი თავის ყველაზე ჭკვიანებად წარმოჩენისა და დაშვებული შეცდომების დამალვის სურვილი.