baneri_GA

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადდა და განსახილველად გავრცელდა მთავრობის დადგენილებათა პროექტები: 

“ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ’’ დებულების დამტკიცების თაობაზე;
“ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ნებართვისა და ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე.
“გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;
“ბირთული და რადიაციული საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;
“ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე;
“სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე.

ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ თავად “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის მომზადებისა და მიღებისას სამინისტრომ არათუ არ მოაწყო მისი საჯარო განხილვა (რაც ორჰუსის კონვენციის დარღვევა), არამედ თვით სამინისტროში მომუშავე ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებთანაც კი არ მომხდარა კონსულტაცია, რამაც კანონში მნიშვნელოვანი ხარვეზების არსებობა განაპირობა.

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონთან დაკავშირებით ჩვენმა ორგანიზაციამ არაერთხელ მიაწოდა მთავრობას შენიშვნები და კომენტარები როგორც წერილობით, ისე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში დაგვიანებით გამართული შეხვედრებისას. მიუხედავად ამისა, ისინი ძირითადად არ იქნა გათვალისწინებული. ამჯერადაც, კომენტირებისთვის დაგზავნილი ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გვაფიქრებინებს, რომ სამინისტროს მხრიდან შენიშვნების მოთხოვნა ფორმალურ ხასიათს ატარებს და მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ხორციელდება. ამდენად, ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად ხელახლა, პუნქტობრივად გამოვთქვათ ჩვენი შენიშვნები, რაც დროისა და ენერგიის ფუჭ ხარჯვად მიგვაჩნია. თუმცა, აუცილებლად ვთვლით, გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტების მიმართ. 

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”-ს აზრით, წარმოდგენილი ცვლილებები არანაირად არ გამოიწვევს მეწარმეობის ხელშეწყობას და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას. პირიქით, ამგვარი ცვლილებები ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის კორუფციული გარიგებებისათვის და შეუქცევად ზიანს მოუტანს გარემოს. 

ქვემოთ ჩამოვთვლით ზოგიერთ გარემოებას, რომელიც პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის:

1. შემოთავაზებული ცვლილებებით, წიაღისეული რესურსების მოპოვებისას ინვესტორი გათავისუფლებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების ვალდებულებისგან. 

თუ ამ საკანონმდებლო ცვლილებას განვიხილავთ პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებული კანონების ფონზე, რომელთა მიხედვითაც წიაღის მომპოვებლის სასარგებლოდ შესაძლებელია კერძო საკუთრების ხელყოფაც და მიწის ჩამორთმევაც კი, სავარაუდოა, რომ ადგილი აქვს არასახელმწიფოებრივ აზროვნებას და/ან ვიღაცის კერძო ინტერესების ლობირებას. 

ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების (განსაკუთრებით კი, ლათინური ამერიკის ქვეყნების) გამოცდილება ცხადყოფს, რომ წიაღისეულის მოპოვების მსგავსი ხერხებით სახელმწიფო ხელშეწყობა არ იწვევს ეკონომიკურ ზრდას და სიღარიბის დაძლევას. პირიქით, ეს ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების გამოლევას და გარემოს სწრაფ დეგრადაციას, რაც თავის მხრივ, სიღარიბის დონის ზრდას იწვევს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ამა თუ იმ წიაღისეული რესურსის მოპოვება ხორციელდება.

უკანასკნელ პერიოდში ბუნებრ ივი რესურსებით (ამ შემთხვევაში, წიაღით) სარგებლობის სფეროში განხორციელებული ე.წ. “რეფორმები” და დამატებით, შემოთავაზებული ცვლილებები ნათლად აჩვენებს, თუ როგორ გადაიხარა მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა ადამიანის უფლებათა დაცვიდან ძალაუფლების მქონე პირების/ჯგუფების კერძო ინტერესების დაცვისკენ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიისწრაფის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, საქართველომ უნდა გაიზიაროს (და შესაბამისად, კანონმდებლობაში ასახოს) საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვის ფუძემდებლური პრინციპები და არ გაიმეოროს განვითარებადი ქვეყნების სავალალო შეცდომები. 

2. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო თავიდან იხსნის გადაწყვეტილების მიღების პროცესში (გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემისას) საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის ყველანაირ ვალდებულებას და გვთავაზობს საზოგადოებასთან “კონსულტაციის” ძალზე ბუნდოვან პროცედურას. წარმოდგენილი ცვლილებებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ და მხოლოდ, პირველი კატეგორიის საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, საჯარო განხილვის ჩატარებით. განხილვის ჩატარების ვალდებულებასაც სამინისტრო ინვესტორს/ნებართვის მაძიებელს აკისრებს (მოქმედი კანონით, ეს ინვესტორის უფლებამოსილება იყო), ოღონდ არა მას შემდეგ რაც სამინისტროს წარედგინება განაცხადი (რომელიც მოიცავს გზშ ანგარიშს), არამედ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების პროცესში.

წარმოდგენილი ცვლილებებით მნიშვნელოვნად იზღუდება “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” მოქმედი კანონით საზოგადოებისთვის მინიჭებული უფლებები (რომლებიც, პირიქით, გაფართოებას და მეტ დეტალიზებას მოითხოვდა). კერძოდ:


ინვესტორს შეუძლია საჯარო განხილვა ჩაატაროს გზშ ანგარიშის მომზადების ადრეულ ეტაპზე, ამდენად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ამა თუ იმ პროექტთან დაკავშირებული ძალზე შეზღუდული ინფორმაცია (თუ კი საერთოდ იქნება ხელმისაწვდომი, ვინაიდან საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება ინვესტორს არ ეკისრება);
გზშ-ს პროცეში საჯარო განხილვის ჩატარების შემთხვევაშიც კი, საზოგადოებისთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი გზშ-ს საბოლოო ანგარიში (რომელიც წარედგინება სამინისტროს ნებართვის მისაღებად) და არც ანგარიშის თაობაზე აზრის გამოხატვის საშუალება ექნება;
მოქმედი კანონისგან განსხვავებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა (არც ინფორმირება და არც კონსულტაცია) საერთოდ არ არის გათვალისწინებული მეორე კატეგორიის საქმიანობების შემთხვევაში. არადა ამ კატეგორიას განეკუთვნება ის საქმიანობები, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმთელობაზე და გარემოზე.
3. ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მნიშვნელოვნად შემცირდა პირველი კატეგორიის საქმიანობათა ჩამონათვალი. მაგალითისთვის, კმარა ისიც, რომ პირველი კატეგორიის საქმიანობათა ჩამონათვალში აღარ ექცევა ენერგეტიკულ მრეწველობას განკუთვნილი შემდეგი საქმიანობები: ნავთობნედლეულის გადამუშავება და ნავთობქიმიური წარმოება, 10 მეგავატზე მეტი თბოელექტროსადგურების მშენებლობა, გაზის მაგისტრალურ გადამცემ საშუალებათა მშენებლობა, 10 მეგავატზე მეტი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, კაშხლებისა და ხელოვნური წყალსაცავების მშენებლობა, ატომური ელექტროსადგურების მშენებლობა და სხვ. 

მართალია, ამჟამად მოქმედი კანონი “გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ” დახვეწას მოითხოვდა (კანონში არსებული ხარვეზები კვლავ ასეთად რჩება), მაგრამ ჩვენი აზრით, კანონით განსაზღვრულ საქმიანობათა ჩამონათვალში წარმოდგენილი დებულებით გათვალისწინებული ცვლილებები, უკეთეს შემთხვევაში, დილეტანტობით, უარეს შემთხვევაში კი, გამიზნულადაა განხორციელებული გარკვეული ინტერესების სასარგებლოდ, ვითომ და მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით. 

4. მრავალი, ამჟამად საქართველოში კომერციულად მომგებიანი საქმიანობა, რომელიც დამყარებულია ბუნებრივი რესურსის მოპოვებაზე (მაგალითად, სოჭის გირჩებისა და თეთრყვავილას ბოლქვების შეგროვება და ექსპორტი) და შეუძლია უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს გარემოზე, დარჩენილია რეგულირებისა და კონტროლის გარეშე. 

5. გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ყველაზე კორუფციული ნაწილი – სატყეო სფეროს კანონმდებლობა, ფაქტიურად უცვლელი რჩება, რაც მიუთითებს, რომ რეფორმის დაწყების არანაირი ნიშნები არ არსებობს. ნარჩუნდება ტყის კოდექსის დაკანონებული, მოვლითი და სპეციალური ჭრების ჩატარების წესი – ტყის ეკოსისტემის დეგრადაციისა და უკანონო ქმედებების მთავარი წყარო. 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” იტოვებს უფლებას გამოიყენოს ყველანაირი სამართლებრივი გზა, საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების ინფორმირების ჩათვლით, რათა წინ აღუდგეს გარემოსათვის და სოციალურად საშიში რეგულაციებისა და წესების შემოღებას.