Jhoneti-Namaxvani

2012 წლის 14 მარტს, მდინარეების დაცვის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ხმას იმაღლებს მდინარეთა ეკოსისტემების განადრგურების წინააღმდეგ.

წლევანდელი, რიგით მეთხუთმეტე გლობალური ღონისძიება მიმართულია კაშხლების წინააღმდეგ და იცავს მდინარეებს, წყალს, სიცოცხლეს. სლოგანით – “შევინარჩუნოთ თავსუფალი მდინარეები”- მსოფლიო დღეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ მდინარეების დაცვას არსებული პრაქტიკის თუ კანონმდებლობის გაუმჯობესების გზით.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა უერთდება საერთაშორისო აქციას და ქართულ საზოგადოებას შეახსენებს რომ 2012 წელი საქართველოს მთავრობის მერ ჰესების მშენებლობის წლად არის გამოცხადებული.

ჩვენს ორგანიზაციას კიდევ ერთხელ სურს საზოგადოებას ყურადღება გაამახვილებინოს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება ხუდონჰესის, დარიალჰესის, ნამახვანის, ნენსკრას, ჭოროხისა თუ სხვა ჰიდროელექტროსადგურების კასკადების მშენებლობამ მოიტანოს.

აღნიშნული პროექტების განხორცილების შედეგად წყლით დაიფარება (ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის) სულ მცირე 3000 ჰექტარი ფართობი: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგისა და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება იქ არსებული ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო.

ეს პროექტები კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც საგანგაშოდ დაზიანებულ სასიცოცხლო სივრცეს და დააჩქარებს ეკოლოგიურ კატასტროფებს ქვეყანაში.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

1. შეწყდეს საქართველოში დაგეგმილი დიდი და მოსახლეობისა და გარემოსთვის საზიანო, ჰესების მშენებლობის განხორციელებისთვის მიმდინარე სამუშაოები.

2. საზოგადოების ფართო მონაწილეობით შემუშავდეს საქართველოს ენერგო-სექტორის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც განიხილავს ყველა რეალისტურ ალტერნატივას (მათ შორის, მცირე ჰიდროსისტემებს, ქარისა და მზის ენერგეტიკას, ბიომასას), რათა შეირჩეს საქართველოს ბუნებისა და მოსახლეობისათვის ყველაზე უმტკივნეულო, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, როგორც ეს რეკომენდირებულია კაშხლების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.