baneri_GA

არასამთავრობო ორგანიზაციათა პოზიცია სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესებზე 


გასული წლის ბოლოს რამდენიმე გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თხოვნით მივმართეთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, ბატონ დავით ტყეშელაშვილს მოეწყო ღია შეხვედრა, რომელიც მიეძღვნებოდა საქართველოს სატყეო სექტორის პრობლემებს. 
აღნიშნული თხოვნის მიზეზი იყო სამინისტროს სხვადასხვა ოფიციალური პირის მიერ სატყეო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებაში გაურკვევლობას იწვევდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ხაზგასმით ვითხოვდით, რომ ღია შეხვედრაზე სამინისტროს პოზიცია ერთობლივად ბატონ მინისტრსა და სატყეო დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს, ბატონ ზვიად ჭეიშვილს, წარმოედგინათ. ხელმომწერი ორგანიზაციები იმედს გამოვთქვამდით, რომ ღია დიალოგი უფრო ნათელს გახდიდა სატყეო სექტორში მიმდინარე თუ დაგეგმილ ცვლილებებს და ხელს შეუწყობდა საზოგადოებასა და სამინისტროს შორის ნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას. 

სამწუხაროდ, შეხვედრა არ შედგა, ვინაიდან ჩვენი თხოვნის მიუხედავად, შეხვედრის სურვილი მხოლოდ ბატონმა ზვიად ჭეიშვილმა გამოხატა. ასევე, ჩვენთვის მიუღებელი იყო შეხვედრის შემოთავაზებული ფორმატი – ერთი დღით ადრე წერილზე ხელმომწერი ორგანიზაციების სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე ორგანიზებული შეხვედრა სრულიად განსხვავდება ღია შეხვედრის შესახებ დემოკრატიულ საზოგადოებაში დამკვიდრებული წარმოდგენისაგან. ღია შეხვედრის შესახებ ცნობა, როგორც წესი, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდება, რათა მასზე დასწრებისა და მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეცეს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსადმი მიმართვას მხოლოდ ოთხი ორგანიზაცია აწერდა ხელს, ქვეყანაში არაერთი პროფესიონალი თუ დაინტერესებული პირია, რომლისთვისაც საინტერესო იქნებოდა სამინისტროს პოზიციის მოსმენა, ხოლო მათი გამოცდილება სამთავრობო სტრუქტურებსაც გამოადგებოდა.Yყოველივე აღიშნულის გამო, ჩვენ უარი განვაცხადეთ სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბატონი ჭეიშვილის მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე. 

ამა წლის 12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი ტყეშელაშვილი მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენდა სატყეო სექტორის რეფორმის პროექტს. აღნიშნული დოკუმენტი სამინისტრომ გასული წლის 16 იანვარს გაავრცელა საზოგადოებისაგან კომენტარებისა და შენიშვნების მისაღებად და არაერთი კრიტიკული შენიშვნაც მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან. დოკუმენტის კომენტირებისათვის გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტრომ არცერთი მიღებული შენიშვნა არ გაიზიარა, არც დოკუმენტის განხილვა მოაწყო და გასული წლის მაისში, უცვლელი სახით აპირებდა მთავრობის სხდომაზე გატანას. სატყეო დეპარტამენტის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა კი განაცხადა, რომ სამინისტროში არ შესულა არცერთი შენიშვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (იხ. გაზეთი Georgia Today ¹311, 23.06.06-29.06.06). შეგახსენებთ, რომ მთავრობის სხდომაზე რეფორმის კონცეფციის განხილვა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მთავრობის კანცელარიის წინ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შედეგად ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, 2006 წლის ბოლოსაც ბატონი ჭეიშვილი სამინისტროს სატყეო რეფორმის კონცეფციას მთავრობის მიერ მოწონებულად აცხადებდა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ბატონმა ირაკლი ღვალაძემ სამინისტროს სატყეო სექტორის რეფორმის კონცეფციას უწოდა "უცხოელი ექსპერტების ნამუშევარი, რომელიც სამინისტროს პოზიცია არ არის (!!!)". იგი არწმუნებდა პარლამენტის წევრებს, რომ კონცეფციის ახალი ვარიანტი უკვე შემუშავებულია და მალე წარედგინება საზოგადოებასა და მთავრობას, თუმცა ვერ შეძლო კომპეტენტური განმარტებები გაეკეთებინა ამ საკითხზე. მას ერთი და იგივე დოკუმენტი ეგონა “საქართველოს სატყეო პოლიტიკა” და სამინისტროს მიერ შემუშავებული “სატყეო სექტორის რეფორმის კონცეფცია”. 

ამავდროულად, გასული წლის გაზაფხულზე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად სამინისტრომ, გაერო-ს სურასათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო "საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის" მომზადებაზე მუშაობა. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადდა “საქართველოს სატყეო პოლიტიკის საფუძვლები”, რომლის განხილვაც ჩატარდა 2006 წლის 22-23 მაისს გუდაურში მოწყობილ შეხვედრაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ქალბატონი სოფიკო ახობაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის წევრები. 
სამინისტროსა და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის არსებული შეთანხმების თანახმად, ამ დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე მთავრობას თავი უნდა შეეკავებინა სექტორში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებებისაგან. “საქართველოს სატყეო პოლიტიკის საფუძვლების” მიხედვით შემუშავდებოდა მთავრობის დადგენილება, რომლითაც დამტკიცდებოდა პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები. შემდგომში დაიწყებოდა “საქართველოს სატყეო პოლიტიკის” შემუშავების პროცესი, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდებოდა პრეზიდენტის ბრძანებულებით, ან პარლამენტის დადგენილებით. 

სამწუხაროდ, ჩვენი იმედი არ გამართლდა და თითქოს სწორად დაწყებული პროცესი, მთავრობამ კვლავ არასწორი მიმართულებით წარმართა, კიდევ ერთხელ დაარღვია რა თავისი პირობა. ბოლო დოკუმენტს, რომელიც კომენტირებისათვის გაავრცელა სამინისტრომ 2006 წლის ნოემბერში, ეწოდება “საქართველოს სატყეო პოლიტიკა და სტრატეგია” (ანუ პრეტენზია აქვს დასრულებულ, საბოლოო დოკუმენტზე) და წარმოადგენს “საქართველოს სატყეო პოლიტიკის საფუძვლებისა” და სამინისტროს “რეფორმის კონცეფციის” ნაზავს. მისი შინაარსი და ფორმა ვერ უძლებს კრიტიკას, ხოლო შეპირებული საჯარო განხილვა და კონსენსუსისკენ სწრაფვა ფუჭ დაპირებად დარჩა. 

 

მინისტრმა ტყეშელაშვილმა 2006 წლის 25 ნოემბერს განაცხადა, რომ სამინისტროში არ მიმდინარეობს ახალი ტყის კოდექსის შემუშავება. საპირისპიროზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის სატყეო განვითარების პროექტის საზედამხედველო ჯგუფის ანგარიში, რომლის თანახმად, “მიმდინარეობს ტყის კოდექსზე მუშაობა (თავად სამინისტროში), რომელიც უნდა დასრულდეს 2007 წლის შუა პერიოდში. რეკომენდირებულია მსოფლიო ბანკის პროექტიდან 30 000 აშშ დოლარის გადაცემა სამუშაო ჯგუფისათვის”. 

ჩვენთვის მეტად სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ამჟამინდელი მინისტრი, თავისი დანიშვნის დღეს საჯაროდ გაკეთებული დაპირების მიუხედავად, აგრძელებს მისი წინამორბედის მიერ დამკვიდრებულ საზოგადოებისგან გაუცხოების პრაქტიკას, ზღუდავს გარემოს შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და საზოგადოების აზრის მოსმენისა და გათვალისწინების გარეშე წარუდგენს სტრატეგიულ დოკუმენტს მთავრობას მისაღებად. 

ჩვენ განმეორებით ვთხოვთ, ბატონ მინისტრს საკითხის მთავრობის სხდომაზე გატანამდე მოაწყოს ღია შეხვედრა და აქვე გვსურს შევახსენოთ მას და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს, რომ მოკლევადიანი სარგებლისა და იოლად მოპოვებადი “დღევანდელი კვერცხის” დევნა, შედეგების ნათლად და სრულად გააზრების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება ისეთ სფეროში, როგორიცაა სატყეო სექტორი, სულ მოკლე ხანში ბუმერანგივით დაუბრუნდება საქართველოს მოსახლეობას უდიდესი ეკოლოგიური ზიანისა და გაზრდილი დანახარჯების სახით. 

ჩვენ მოვუწოდებთ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს გაიცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა საქართველოს ახლანდელი და მომავალი თაობებისადმი! 

ნინო გუჯარაიძე, მწვანე ალტერნატივა 
კახა ბახტაძე, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 
გიორგი მაღრაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა 
ლიკა თოდუა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)