მიმდინარე წლის 13 ივნისს შედგა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გაფართოებული სხდომა, რომლზეც ერთ-ერთი საკითხად განიხილებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შემუშავებული სატყეო სექტორის რეფორმის კონცეფცია. სხდომაზე მიწვეული იყვნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სატყეო სექტორის ექსპერტები. 

კანონმდებლებს სურდათ მოესმინათ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პოზიცია სატყეო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით. სხდომას სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა, რომელიც არ აღმოჩნდა კომპეტენტური, პასუხი გაეცა დასმული კითხვებისათვის. კომიტეტის წევრთა რეაქცია სამინისტროსადმი მკვეთრად უარყოფითი იყო. კომიტეტმა გადაწყვიტა, საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, უახლოეს მომავალში ჩაატაროს საქართველოს სატყეო სექტორისადმი მიძღვნილი სხდომა.

სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ არათუ საზოგადოების რიგითი წევრები, პარლამენტარებიც კი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან მთავრობის მხრიდან სატყეო სექტორის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებში. საზოგადოების დაბნეულობას, მთავრობის მიერ რეფორმის პროცესის არაგამჭვირვალედ წარმართვასთან ერთად, რომელსაც ხშირად არაპროფესიონალები უდგანან სათავეში, იწვევს ზოგიერთი პოლიტიკური ელფერის მქონე განცხდება. ასეთი განცხადებები, იმის გამო, რომ არ შეიცავენ დამაჯერებელ არგუმენტებს, კიდევ უფრო აბნევს საზოგადოებას და საქართველოს ტყეების სასიკეთოდ არ მოქმედებს. ხოლო მთავრობა მარჯვედ იყენებს ამ მომენტს და მისთვის არასასურველ ყველა აზრს ერთ ქვაბში ხარშავს და ერთნაირად უკეთებს იგნორირებას, მიუხედავად იმისა, რა არგუმენტს შეიცავს და ვინ გამოთქვამს მას: პოლიტიკური ოპონენტი, დარგის ექსპერტი, მეცნიერი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მისდევს რა პრინციპს: "მთავარი ის კი არ არის რა არის საუკეთესო, არამედ ის, ვინ წყვეტს რა არის საუკეთესო". 

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი ითამაშებს პოზიტიურ როლს საქართველოს ტყეების ბედის გადაწყვეტში და ხელს შეუწყობს რეფორმის პროცესის გამჭვირვალობას. ასოციაციამ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით, წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებს. 

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა