პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო,

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-ი გიწვევთ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდება ამა წლის 14-15 ივლისს თბილისში. 

შეხვედრის მიზანია “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება შემდეგ სფეროებში:

1. ადამიანის უფლებების დაცვა;
2. დემოკრატია და კარგი მმართველობა;
3. სოციალური დაცვა და ჯანმრთელობა, გენდერული ასპექტები;
4. ეკონომიკური განვითარება;
5. გარემოს დაცვა.

“ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” ფარგლებში მომზადებული ქვეყნის 2007-2013 წლების სტრატეგიული დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად დონორები (მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ბილატერალური დახმარება და სხვ.) მოახდენენ დახმარების გადანაწილებას ქვეყანაში. 2009 წლის დასაწყისში ევროკომისია იწყებს ამ დოკუმენტის გადახედვის პროცესს და ამდენად, დაინტერესებულია არასამთავრობო ორგანიზაციების თვალთახედვის წარმოჩენით ამ სფეროში.

შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოს არასამთავრობო სექტორს, განახორციელოს საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და თანამშრომლობის ინსტრუმენტის შესრულების ეფექტური მონიტორინგი, გააღრმავოს დიალოგი ევროკომისიასა და ქართულ არასამთავრობო სექტორს შორის. 

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმოება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) და “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) წარდგენას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მონიტორინგისა და ადვოკატირების წარმოების ხარისხის ამაღლებას. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა რეკომენდაციების შემუშავებას, რომლებიც შემდგომ გადაეცემა ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, ა.წ. 12 ივნისამდე მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია და დარეგისტრირდეთ (მისამართზე greenalt@wanex.net ან manana@bankwatch.org)

1. სახელი, გვარი;
2. საკონტაქტო მონაცემები;
3. ორგანიზაციის დასახელება; 
4. ორგანიზაციის საქმიანობის სფერო;
5. ორგანიზაციის მოქმედების არეალი (ეროვნული, რეგიონული, რაიონული – გთხოვთ, მიუთითოთ);
6. გქონიათ, თუ არა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის და/ან განხორციელების გამოცდილება?
7. მიგიღიათ, თუ არა მონაწილეობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ან შეფასებაში?
8. თქვენი წვლილი სამუშაო შეხვედრაში: დაასახელეთ სამუშაო შეხვედრის თქვენთვის საინტერესო სფერო/ები;
9. რეგიონებიდან თბილისში მგზავრობისა და თბილისში ცხოვრების ხარჯებს შეხვედრის დღეებში დაფარავს ასოციაცია მწვანე ალტერნატივა. რეგიონულ ორგანიზაციებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ მგზავრობის ხარჯების სავარაუდო გათვლა.

დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, გავრცელდება მოგვიანებით. 

სამუშაო შეხვედრას ატარებენ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა და Europstep-ი, Aprodev, Oxfam Novib, Acsur & Womnet, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან თანამშრომლობით. 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მანანა ქოჩლაძე 
manana@bankwatch.org, 
ტელეფონი: 223874/221604
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა