baneri_GA

მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის

11-12 ივლისი, 2015
თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს, სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის.

სემინარი გამიზნულია მიწისა და ტყის მართვის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, ასევე, ფერმერთა გაერთიანებებისთვის. მწვანე ალტერნატივა განსაკუთრებით მიესალმება საქართველოს რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციების ინტერესს, მონაწილეობა მიიღონ სემინარში.

სემინარში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, არაუგვიანეს ა.წ. 8 ივლისისა, დაადასტუროთ მონაწილეობა ნათია ქსოვრელთან ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 229 27 73 ან 222 38 74.  სემინარში მონაწილეობის დადასტურების შემდეგ, მონაწილეებს დაეგზავნებათ სემინარის დეტალური დღის წესრიგი.

სემინარში მონაწილეობა უფასოა; საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეების მგზავრობისა და თბილისში ცხოვრების ხარჯებს მწვანე ალტერნატივა დაფარავს. სემინარი ჩატარდება თბილისში, სასტუმროში „ბეტსი“ (მაყაშვილის ქ. #32/34) და გასტანს ორი დღე – 2015 წ. 11-12 ივლისს. 


ფონური ინფორმაცია სემინარზე განსახილველი თემის შესახებ

ბოლო ათწლეულში მსოფლიოში სწრაფად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა. ეს ზოგადი ტენდენცია საქართველოში ორგვარად გამოვლინდა: 1. გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მიწაზე მოთხოვნა; 2. გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით (საგზაო და სარკინიგზო, მილსადენების, ჰიდროელექტროსადგურების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტებით, სამთო-მოპოვებითი და სხვა ტიპის წარმოებით) გამოწვეული ზეწოლა. ხშირად, ასეთი ზეგავლენის ქვეშ ექცევა მიწები, რომლებსაც ფორმალურად ან არაფორმალურად (მაგ., მიწისა და მიწასთან დაკავშირებული რესურსების, მათ შორის, ტყის, ფლობის ტრადიციული სისტემებით) ფლობენ ანდა სარგებლობენ ადგილობრივი თემები.

განვითარების ასეთ ტენდენციას, მიწის სუსტი მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, ხშირად, მოჰყვება მიწის მფლობელებისა და მოსარგებლეების უფლებების შელახვა, ადგილობრივ თემებთან დაპირისპირება, მიწასა და მასთან დაკავშირებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვის ან შეზღუდვის გამო. ეს კი, საბოლოოდ, აბრკოლებს თავად პროექტებს, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე და რისკის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებას.

სუსტი მმართველობის პირობებში, მიწაზე მოთხოვნის ზრდითა და მიწების შეძენის პროცესის გაფართოებით გამოწვეული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები და რისკები, ბოლო წლებში, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა. პროცესის სწორად და მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად წარმართვის მიზნით, სპეციალიზირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს ამ სფეროში სტანდარტების ჩამოყალიბება. მათ შეისწავლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილება და საბოლოოდ შეიმუშავეს და მიიღეს მიწის გონივრული მმართველობის  სახელმძღვანელო სტანდარტები იმისათვის, რათა განვითარების პროცესში არ შეილახოს ადამიანის უფლებები, დაცული და შენარჩუნებულ იქნეს ადამიანთა საარსებო წყაროები/გარემო და მაღალი კონსერვაციული ღირებულების ადგილები.