abra GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგზე განხილული იქნება ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტრეინინგზე პრაქტიკულ ნაწილს, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიან დაგეგმვის (მარკალის მოდელი) საკითხებს, ენგურჰესისა და ზაჰესის მაგალითებზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას. ტრეინინგზე, მათ შორის, განხილული იქნება ასევე: ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სფეროში საქართველოში არსებული ნორმატიული ბაზის და სახელმწიფო პოლიტიკის ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ჰიდროელექტროსადგურებისთვის მდგრადობის კრიტერიუმების შექმნის აუცილებლობა და სხვ.

ტრეინინგი გამიზნულია არამარტო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისათვის, არამედ სხვა (მაგალითად, ეკონომიკურ, სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის) საკითხებზე მომუშავე გაერთიანებებისთვისაც. 

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და არაუგვიანეს 2014 წლის 13 ოქტომბრისა, გაუგზავნონ ნათია ქსოვრელს ელექტრონულ მისამართზე: nksovreli@greenalt.org მონაწილეთა შერჩევა დასრულდება 2014 წლის 15 ოქტომბერს; შერჩევის დასრულებისთანავე, შედეგები ეცნობება ტრეინინგში მონაწილეობის ყველა მსურველს.

ტრეინინგი ჩატარდება თბილისში სასტუმრო „ბეტსი“ (მაყაშვილის ქუჩა 32-34) და გასტანს ორ დღეს ( 20-21 ოქტომბერი). საქართველოს რეგიონებიდან შერჩეულ მონაწილეთა მგზავრობის და თბილისში ცხოვრების ხარჯებს დაფარავს მწვანე ალტერნატივა. იხილეთ ტრეინინგის სააპლიკაციო ფორმა