baneri_GA

მოწვევა შეხვედრაზე

გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში

არსებული გამოწვევები

29 ნოემბერი, 2013 წ., 13:00 – 18:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“

ა.წ. 29 ნოემბერს (პარასკევს), 13:00 სთ-ზე, სასტუმროში „ვერე პალასი“, მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვერაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები.

შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა საქართველოში „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციის შესრულების მდგომარეობის შესახებ დისკუსიას*. შეხვედრის მეორე ნაწილში კი, მწვანე ალტერნატივა წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ, ევროკავშირის ჰორიზონტულ გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის კონვერგენციის გეგმას (convergence roadmap) **. 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. შეხვედრაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 27 ნოემბრის 18:00 სთ-მდე, მისამართზე: nksovreli@greenalt.org.   


დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ:

* ორჰუსის კონვენციის მხარეებს, მათ შორის საქართველოს, მოეთხოვებათ რეგულარულად, სამ წელიწადში ერთხელ, კონვენციის მხარეთა შეხვედრისთვის ეროვნული ანგარიშის წარდგენა ქვეყანაში კონვენციის განხორციელების მდგომარეობის შესახებ. კონვენციის მხარეთა მორიგი, მეხუთე შეხვედრა შედგება 2014 წლის 30 ივნისს – 2 ივლისს მაასტრიხტში (ნიდერლანდები). მხარეთა ამ შეხვედრაზე საქართველო წარადგენს ეროვნულ ანგარიშს, რომლის პროექტი განთავსებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://moe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&info_id=2408. ა.წ. 1 ნოემბერს სამინისტრომ ჩაატარა ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა.

** ჰორიზონტული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა მოიცავს ისეთ საკითხებს, რომლებიც თანაბრად ეხება გარემოს სხვადასხვა ელემენტის (მაგ., წყლის, ჰაერის, ნიადაგის) მარეგულირებელ კანონმდებლობას. ჰორიზონტული კანონმდებლობა პროცედურული ხასიათისაა და მიზნად ისახავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და გადაწყვეტილების პროცესის გაუმჯობესებას. ევროკავშირის ჰორიზონტული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა აერთიანებს ხუთ დირექტივას. ესენია: დირექტივა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ, დირექტივა გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ, დირექტივა საზოგადოების მონაწილეობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში, დირექტივა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ,  დირექტივა ანგარიშგების შესახებ.