DSC04640

ამა წლის 11 ივნისს საქართველოს ორჰუსის ცენტრის ოფისში გაიმართება ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა და დიდი ლილოს მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფის მრგვალი მაგიდის შეხვედრა „ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მშენებლობასა და ექსპლუატაციის პროექტ“-თან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება სოფ. დიდი ლილოს და ნორიოს თემის ტერიტორიებზე. 

შეხვედრაზე განხილული იქნება პროექტთან დაკავშირებული პრობლემები. ქ. თბილისის მერიის მიერ პროექტი ხორციელდება სოფ. დიდი ლილოს მაცხოვრებლების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, რაც მათი საკუთრების უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

პროექტის მთლიანი ღირებულება საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. პროექტით გათვალისწინებულია ქ. თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით 94 ჰა მიწის ნაკვეთზე თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოწყობა. ნაგავსაყრელის პოლიგონი დაახლოებით 7 კმ-ით არის დაშორებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემულ (2010 წლის, 24 მარტი) ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, სადაც აღნიშნულია, რომ სამოქალაქო და სამხედრო აეროდრომებიდან 10-12 კმ-ის რადიუსში პოლიგონის მოწყობა დაუშვებელია. 
შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

11 ივნისი, 2010 წელი, 15:00 საათი
საქარტველოს ორჰუსის ცენტრი 
თბილისი, გულუას ქ. 6 (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმდებარედ)