traventini

ა.წ. 29 მაისს, სოციალური ქსელის საშუალებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმიდამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე,  გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზაგამტარ გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების დროს მშენებლებმა მძიმე ტექნიკით ძლიერ დააზიანეს ხევის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავი ადგილი – ტრავერტინები. ამ ვანდალური ქმედებით შეუქცევადი ზიანი მიადგა საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების ღირსშესანიშნავ ობიექტს. 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს მეტად წინააღმდეგობრივი განცხადებები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მეტად მწირი მონაცემები გაგვაჩნია თავად პროექტთან დაკავშირებით, თუმცა არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას შემდეგი:

ჩვენი აზრით, გუდაური-კობის საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარე საქმიანობა უნდა წარმოადგენდეს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით (გზაგამტარი გვირაბის საინჟინრო დაცვის ნაგებობების აგება) და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით (ექსპლუატაციის პირობების შეცვლა) განსაზღვრულ საქმიანობას. შესაბამისად, პროექტის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (საავტომობილო გზების დეპარტამენტს ან მის კონტრაქტორს), ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებისა და გარემოზე ზემოქმდების ნებართვის მოპოვების მიზნით, უნდა მიემართა გარემოს დაცვის სამინისტროსათვის. თუ პროექტის დეტალური გაცნობის შედეგად დადასტურდა, რომ პროექტი მართლაც წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრულ საქმიანობას, საჭიროა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე მუხლის შესაბამისად (საქმიანობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე).

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, წარმოადგენდა, თუ არა გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები ეკოლოგიურ ექსპერტიზას  დაქვემდებარებულ საქმიანობას, თვალნათელია, რომ მათი წარმოებისას დაირღვა გარემოს დაცვის წესები, რამაც გამოიწვია ბიოლოგიური/ლანდშაფტური მრავალფეროვნების მნიშვნელოვანი დაზიანება. ეს კი წარმოადგენს  სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების საფუძველს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გვსურს, ხაზი გავუსვათ სხვა გარემოებებსაც, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ბუნების განადგურების ამ ფაქტს:

„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის (გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტები) შესაბამისად, ყველა იმ საქმიანობის წარმოებისთვის, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, სავალდებულოა გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ეს ნორმა ძალაშია 2007 წლიდან, გარემოს დაცვის სამინისტროს დღემდე არ შეუმუშავებია გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც დააწესებდა გარემოსდაცვით მოთხოვნებს საავტომობილო გზების რეაბილიტაციის პროექტებისთვის.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის N27 დადგენილებით „საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის  სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის დამტკიცების შესახებ“, 2005-2010 წლებში უნდა შედგენილიყო ბუნების ძეგლის კატეგორიის კანდიდატ ობიექტთა ნუსხა, მომზადებული და მიღებული ყოფილიყო შესაბამისი კანონპროექტები, ასევე შემუშავებულიყო მათი მენეჯმენტის გეგმები. ამასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსის ბრძანებით, შექმნილი იყო სპეციალური კომისია, რომელმაც შეიმუშავა ბუნების ძეგლის კატეგორიის კანდიდატ ობიექტთა ნუსხა. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის N380 განკარგულებით „საქართველოს მთავრობის 2011 წლის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის დამტკიცების შესახებ“, 2011 წლის მეორე კვარტალში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების უნდა მოემზადებინა კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“. გაურკვეველი მიზეზების გამო, დღემდე ვერ მოხერხდა ამ კანონის მიღება, რის გამოც საქართველოს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი კვლავ განადგურების საფრთხის ქვეშაა. 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ტრავერტინების განადგურების ფაქტის შესახებ საექსკავაციო სამუშაოების დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ სოციალური ქსელებიდან შეიტყო. საქმე ისაა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული გაუაზრებელი რეფორმების შედეგად, გაუქმებულ იქნა სამინისტროს რეგიონული სამსახურები და ოფიციალურად, არავის ევალებოდა ამ ინფორმაციის სამინისტროს ცენტრალური აპარატისთვის მიწოდება.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა ყაზბეგის რაიონში, როდესაც გარკვეული ადამიანების დანაშაულებრივი ქმედებებისა და გულგრილობის  გამო, ნადგურდება უნიკალური ბუნება. გასულ წლებში, სხვადასხვა ეკონომიკური პროექტის განხორციელების საბაბით, გამოუსწორებელი ზიანი მიადგა თრუსოს ხეობის მინერალურ ტბას და ტრავერტინებს, დარიალისა და  ხდის ხეობებს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

საქართველოს მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად გამოძიოს გუდაური-კობის საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრავერტინების დაზიანების ფაქტი და გამოიყენოს შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების მიმართ;

გარემოს დაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობის ხელახლა შემუშავებაზე, ევროკავშირის დირექტივებისა და საუკეთესო  საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრულფასოვანი კანონმდებლობის შემუშავებამდე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტი საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებისთვის

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღოს კანონპროექტი „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომლითაც ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება ჯერ კიდევ 2010 წელს სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ, ბუნების ძეგლების ნუსხაში შეტანილ 100 ობიექტს.