baneri_GA

22 თებერვალს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. საჩივარი შეეხება საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის გაფორმებელი შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების ანგარიშს, რომლის მოპოვებას მწვანე ალტერნატივა 2009 წლის მაისიდან უშედეგოდ ცდილობს. საქართველს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განმარტებით, მწვანე ალტერნატივასათვის აღნიშნული ანგარიშის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სამინისტრო მხოლოდ „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედისაგან“ წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ მიიღებს. ეს პასუხიც მწვანე ალტერნატივამ ეკონომიკის სამინისტროსთან 9-თვიანი მიმოწერის შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის 10 აპრილის N 245 „ქ. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასმელი წყლით მომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ განკარგულებით, შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყალის” 100% წილების პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. განკარგულების თანახმად, საწარმოები მყიდველს გადაეცა მთელი რიგი პირობებით, რომლებიც პირდაპირ კავშირშია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან. ასე მაგალითად: 

წყლის ხარისხი მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურ რეგლამენტს, მაგრამ არ იყოს მცხეთასა და თბილისში დღეს არსებულზე უარესი;
გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წელიწადში; გარდაბნის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და ახალი საკოლექტორო სისტემა უნდა შეიქმნას ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელიწადში;
ქალაქის წყლით მომარაგება ძველი საზღვრების ფარგლებში (26.12.06 წლის მდგომარეობით) 2011 წლიდან და შემდეგ უნდა იყოს უწყვეტი (24-საათიანი), მაგრამ 2011 წლამდე არ უნდა იყოს ქალაქ თბილისში დღეს არსებულზე უარესი; ქალაქის წყლით მომარაგება ახალი საზღვრების ფარგლებში 2015 წლიდან და შემდეგ უნდა იყოს უწყვეტი (24-საათიანი), მაგრამ 2015 წლამდე არ უნდა იყოს ქალაქ თბილისში დღეს არსებულზე უარესი;
უნდა აღმოიფხვრას მდ. მტკვარში კანალიზაციის ჩადინება ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არა უგვიანეს 2012 წლისა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილი ზემოაღნიშნული პირობები და შესაბამისად, მათი შესრულების ამსახველი ნებისმიერი დოკუმენტი „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ (ორჰუსის) კონვენციის თანახმად, წარმოადგენს გარემოსდაცვით ინფორმაციას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის; აგრეთვე, ეს არის ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც აუცილებლად იქონიებს გავლენას ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და რომლის გასაიდუმლოებაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, დაუშვებელია. რაც მთავარია, ეს არის ინფორმაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქისათვის.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს არ განუმარტავს მწვანე ალტერნატივასთვის, თუ რატომ ელოდება სამინისტრო „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის“ წერილობითი თანხმობას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ დოკუმენტი შესაძლოა შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სამინისტროს უნდა გამოეყენებინა საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი, გამოეცალკევებინა საიდუმლო ინფორმაცია და მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია. სამწუხაროდ, აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია.

წყალმომარაგების კომპანიების განკერძოებასთან დაკავშირებით ყურადსაღებია კიდევ ერთი გარემოება -გასაიდუმლოებულია თავად შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყალის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ.თბილისის მთავრობასა და შპს “მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს” შორის 2008 წლის 14 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტიც. 2009 წლის მაისში მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ხელშეკრულების გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე უკვე ხუთი სხდომა შედგა, სასამართლო ვერ იწყებს საკითხის არსებით განხილვას იმ მიზეზით, რომ ვერ მოხერხდა პროცესში შპს “მალტიპლექს ენერჯი ლიმითედის” ჩართვა – კომპანია არ არის საქართველოში რეგისტრირებული, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ მიწოდებულ მისამართზე კი, კომპანია უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს; სხვა საკონტაქტო ინფორმაცია სამინისტროში არ მოიპოვება.