nenskra

წვანე ალტერნატივას განცხადება ნენსკრა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით


23 აპრილი, 2012

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ ა.წ. 17 აპრილს ტრადიციულ ბრიფინგზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობა სვანეთში დაიწყება. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს მიხეილ სააკაშვილი პირადად მოინახულებს“.

ნენსკრას პროექტის მშენებლობა სეზონური რეგულირების, 300 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებს. მშენებლობა ორ ფაზად განხორციელდება: თავდაპირველად, მდ. ნენსკრაზე აშენდება 210 მგვტ სიმძლავრის ჰესი და მოეწყობა 130 მ სიმაღლის ქვანაყარი კაშხალი, ასევე 200 მლნ კუბური მეტრის წყლის რეზერვუარი (რეზერვუარის სარკის ფართობი 3.7 კმ2) სოფელ ტიტადან (ჭუბერის თემი) 10 კმ-ში. მეორე ფაზაზე, კი იგეგმება მდ. ნაკრას წყლის 11.8 კმ სიგრძის სადერივაციო გვირაბის საშუალებით მდ. ნენსკრას ხეობაში გადმოგდება და დამატებით 90 მგვტ სიმძლავრის გამომუშავება.

პროექტის განხორციელებას მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება როგორც ნაკრის, ისე ნენსკრას ხეობებზე და მდინარეების ეკოსისტემაზე. სვანეთის მაღალმთიანეთში გაიჩეხება 400 ჰა-მდე ხელუხლებელი ტყე და სრულად შეიცვლება არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი. ნენსკრასა და ხუდონზე დაგეგმილი რეზერვუარების ერთობლივი ზემოქმედება, ადგილობრივი კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, გააუარესებს ადამიანთა ჯანმრთელობას და გამოიწვევს სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებას. მნიშვნელოვნად გააქტიურდება პროექტის უშუალო ზემოქმედების არეალში არსებული მყინვარების დნობის პროცესი (5 კმ-ის რადიუსში 2.30 გაიზრდება საშუალო წლიური ტემპერატურა). ამას გარდა, პროექტი ითვალისწინებს 330,000 მ3 გამომუშავებული ქანების განთავსებას პროექტის მიმდებარე ბუნებრივ ხევში და ხევის ფერდობების მცენარეული საფარისაგან სრულად გაწმენდას.

2012 წლის 23 თებერვალს, მესტიაში ჩატარებულ საჯარო განხილვაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად გამოხატავდა თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ნენსკრა ჰესის მშენებლობის მიმართ.
ობიექტს ჯერჯერობით არ მიუღია არც გარემოზე ზემოქმედების და არც სამშენებლო ნებართვა; ამდენად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს არალეგალური მშენებლობის გახსნაში.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, თავისი გადაწყვეტილებით ახორციელებს ზეწოლას ნებართვის გამცემ სტრუქტურებზე. ის, აგრეთვე, უგულვებელყოფს საქართველოს მოსახლეობის დიდი კაშხლების მშენებლობებით გამოწვეულ სამართლიან შეშფოთებას.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი, 17.04.2012, იხილეთ:http://www.president.gov.ge/ge/PressOffice/News/Briefings?p=7467&i=1