Logging

განცხადება

 საქართველოს მთავრობა კანონმდებლობის უხეში დარღვევებით აგრძელებს ტყით სარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაყიდვას, მიუხედავად ამ საკითხისადმი საზოგადოების, სპეციალისტების და ადგილობრივი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებისა. ლიცენზიები გაიცემა ვადაგასული ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება კი მიიღება დაუსაბუთებლად და გაუმჭვირვალედ. მთავრობა არ ცნობს დაინტერესებული საზოგადოებისა და ქვეყნის მთელ მოსახლეობის კანონით დადგენილ მექანიზმებს, მიიღოს მონაწილეობა საცხოვებელი და კულტურული გარემოს უმნიშვნელოვანეს ნაწილთან – ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც საქართველოს მოსახლეობას საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა კანონით დადგენილ გზას უჭრის და მხოლოდ პროტესტის გამოხატვის უკიდურეს ფორმებს უტოვებს. ასეთ ნაბიჯზე მთავრობა მხოლოდ გარკვეული კერძო ინტრესების სასარგებლოდ მიდის. აღსანიშნავია, რომ ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც ცივილიზებული კაცობრიობა აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 60 წლისთავისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეებს.

2008 წლის 10 ნოემბერს გამოიცა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მორიგი ბრძანება, რომლითაც გამოცხადდა აუქციონი გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით. აუქციონზე გამოტანილია 64 ლოტი, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მოიცავს 165 752 ჰა-ს. აუქციონი დანიშნულია 2008 წლის 11 დეკემბერს 11 საათზე, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შენობაში.

მწვანე ალტერნატივა ცდილობს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა, რათა წინ აღუდგეს ტყეების დეგრადაციის საშიშროებას. ამჯერად ორგანიზაციამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა პრემიერ-მინისტრს 2008 წლის 11 დეკემბერს დანიშნული აუქციონის გაუქმების მოთხოვნით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დიდი იმედი საკითხის სამართლიანად გადაწყვეტისა არ არსებობს. მსგავსი შინაარის საჩივრით მწვანე ალტერნატივა უკვე მესამედ მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ყოველ ჯერზე საჩივრებში მოყვანილ ჩვენს არგუმენტებს მოპასუხე (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და/ან ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) უპირისპირებს ან კანონმდებლობის თავისთვის მოსახერხებელ მცდარ ინტერპრეტაციას, ან საერთოდ უპასუხოდ ტოვებს, ხოლო საჩივრის განმხილველი უპირობოდ ეთანხმება მოპასუხის არაკომპეტენტურ დასაბუთებას. იხილეთ სრულად