2009 წლის 4 აპრილს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავიდა გადაცემა "ოჩოს ქოხი". ამ გადაცემის მაყურებელი ცხოველთა მიმართ სისასტიკის გამოჩენისა და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტების მოწმე გახდა. ეთერში გასულ კადრებზე ნათლად ჩანდა, რომ ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება ხდებოდა კანონმდებლობის უხეში დარღვევით, რაც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამასთანავე, ამ კადრებს ახლდა კომენტარები, რომლებიც შეიცავდნენ ამგვარი ქმედებების წაქეზება–პროპაგანდას. ამასთანავე, გადაცემა ეთერში გავიდა იმ დროს, როდესაც ტელეეკრანს მცირეწლოვანი ბავშვები უყურებენ. განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ გადაცემა მომზადებული იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭრით.

მომხდარის გამო მწვანე ალტერნატივამ მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ გოგა ხაჩიძეს და მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რათა კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს ყველა პირი, ვინც დაკავშირებულია 2009 წლის 4 აპრილის გადაცემა "ოჩოს ქოხში" დაფიქსირებულ დანაშაულის ფაქტებთან და ანალოგიური დანაშაულის პროპაგანდასთან. მიმართვის ასლი გაეგზავნა ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელობას, აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განმარტების გაკეთებისა და მომავალში თავისი ეთერით მსგავსი მასალის დემონსტრირების დაუშვებლობის მოთხოვნით.

სრულად იხილეთ