abra GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა მიესალმება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რომელიც დაგეგმილია 2014 წლის ივნისში, აგრეთვე საქართველოს სურვილს გახდეს ევროპის ენერგოგაერთიანების სრულუფლებიანი წევრი.

მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით უაღრესად მნიშვნელოვანია, დაჩქარებული წესით გატარდეს ძირეული რეფორმები საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროებში.

სამწუხაროდ საქართველოში დღეს არსებული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ, არ შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს და ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამის ნათელი მაგალითია, საქართველოში დაგეგმილი და მიმდინარე განვითარების სხვადასხვა პროექტები, მათ შორის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი, სადაც საზოგადოებას არ მიეცა საშუალება ჩართულიყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მწვანე ალტერნატივა მოუწოდებს მთავრობას დაჩქარებული ტემპით დაიწყოს ჰორიზონტალური გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს საქართველოს მიერ ევროპის ენერგოგაერთიანების მოთხოვნებისა და ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით შესრულებას.