baneri_GA

კომპანია ბრიტიშ პეტროლიუმ ამოკო
აღმაშენებლის 123ა, თბილისი, 
საქართველო 

შენიშვნები და კომენტარები გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტზე 

ძვირფასო ბატონო/ქალბატონო

გთხოვთ იხილოთ ამ წერილის კომენტარები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი: საქართველოს გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტზე.
ჩვენი აზრით, ანგარიშის პროექტმა ვერ გამომაჟღავნა ის ძირითადი ქმედებები, რათა შემსუბუქებულ და მინიმალიზირებული ყოფილიყო ნავთობსადენის უარყოფითი ზეგავლენა რეგიონის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურაზე.

ძირითადი პრობლემები

• ანგარიშში წარმოდგენილი ფონური ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით არასრულია (ბიომრავალფეროვნება, ჰიგიენა, ჯანმრთელობა, სოციო-ეკონომიკური პირობები) და მოითხოვს დამატებით შესწავლას. 
• ნაკლებად არის განხილული ნავთობსადენის მარშრუტის ის ალტერნატივები, რაც მომგებიანი იქნება გარემოსდაცვითი კუთხით. 
• ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ეყრდნობა სამენეჯმენტო გეგმებს, რომელთა უმრავლესობა უნდა შემუშავდეს. როგორც შედეგი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტები, რომელთაც გამოიწვევს პროექტი, შეუძლებელია სრულად და ობიექტურად იყოს შეფასებული წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად. გსზშ დოკუმენტი არ არის სრული და არ შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს (მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების). 
• გაურკვეველია, რა მეთოდიკით და რა სახის ანალიზზე დაყრდნობით მოხდა პროექტის მარშრუტის შერჩევა, რა ეკონომიკური გათვლების საფუძველზე მოხდა პროექტის ამა თუ იმ კომპონენტის შერჩევა, კონკრეტულად რომელი სტანდარტებია გამოყენებული პროექტის თითოეული კომპონენტისათვის. 
• საზოგადოების მონაწილეობას არანაირი ზეგავლენა არ ჰქონია მოსახლეობისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის (მიწის კომეპენსაციის, დასაქმებისა, სოციალური ინვესტირების პროგრამის) მიწოდების თვალსაზრისით. 

ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ყველა პრობლემა სოციალური, განვითარების, ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვისა და უსაფრთხოების რეგიონში ნავთობისა და გაზის განვითარებისათვის ზოგადად, და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კონკრეტულად უნდა იყოს გადაწყვეტილი პროექტის სპონსორისა და დამფინანსებლების მიერ.

პატივისცემით
მანანა ქოჩლაძე
მწვანე ალტერნატივა/ცენტრ. და აღმ.ევროპის
ბანკების დამკვირვებელთა ქსელი


შენიშვნები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი: საქართველოს გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ანგარიშის პროექტზე.

პროექტის ალტერნატივები

პროექტის "არ განხორციელების" ალტერნატივა, ისევე როგორც მილსადენის მარშრუტის ალტერნატივები და პროექტის სხვა კომპონენტების ალტერნატივები საკმაოდ სქემატურია და არ მოიცავს სხვა ალტერნატივების განხორციელების შეფასებას.
 

პროექტის მარშრუტის შერჩევა 
• არსად, როდესაც ლაპარაკია ძირითადი მარშრუტის შერჩევაზე, როგორც 10კმ-ანი ზოლის, 500 მეტრიანი და ასევე 100 მ-იანი, ისევე როგორც მილსადენის 500მ ზოლში დაგეგმარებაზე არ არის მოცემული თითოეული ალტერნატივის ეკონომიკური ღირებულების შედარება. 
• მაშინ, როდესაც დასავლეთის მარშრუტი შეფასებულია, როგორც უფრო პოტენციურად მომგებიანი ნავთობსადენის მშენებლობისათვის, ის იყო უარყოფილი გარკვეული უშიშროების საკითხების გამო, რაც თვითონ ანგარიშის პროექტში არ არის სრულად წარმოდგენილი და ასახული. "ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რაიონში განთავსებული სამხედრო სიმძლავრეები მიჩნეული იქნა მაღალი დონის რისკის ფაქტორად მილსადენის მარშრუტის გაყვანისათვის – ჯანდაცვის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის და სხვა თვალსაზრისით. შესაბამისად, აღმოსავლეთის დერეფანი გამოირიცხა." აქ არის საჭირო უფრო ღრმა კვლევების წარმოება და პრეზენტაცია შედეგების უშიშროების თვალსაზრისით. 
• მილსადენის მარშრუტის 500მ ზოლი საჭიროებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გადასინჯვასა და ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ იგი კვეთს გეოდინამიკურად მეტად სენზიტიურ უბნებს და ამავდროულად ისეთი მნიშვნელობის ადგილებს როგორიც არის ბორჯომის რაიონი და თრიალეთის ქედი სადაც მიწისქვეშა (ლავისქვეშა) წყლების ნაკადის სიჩქარე საკმაოდ მაღალია. 

ამის გამო აუცილებელია, მარშრუტის რამოდენიმე ალტერნატივის დადგენა (10 კმ-აინ, და თუნდაც 500მ-იან ზოლში) და ყველა პოტენციური რისკის შეფასება, გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიურ დასაბუთებებთან ერთად ეკონომიკური გაანგარიშებების წარმოდგენა.

გსზშ-ს მეთოდოლოგია

გსზშ-ს მეთოდოლოგია არ არის ნათელი, არ იძლევა ლოგიკურ დასაბუთებას იმისა თუ რა ფაქტორების საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება.
• ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიცდის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის ნაკლებობას, როგორიცაა ეკონომიკური ღირებულების ანალიზი პროექტის თითოეული კომპონენტისა და დეტალისათვის. 
• გაურკვეველია, რას ეყრდნობა შედარებითი ღირებულების ანალიზი, როდესაც ლაპარაკია, რომ რომელიმე გადაწყვეტილება მიღებულია მის შესაბამისად. მაგ. 4.7.8 "ელექტროენერგია და საწვავი ტუმბოს ამძრავებისათვის". სრულიად მიუღებელია, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ "ბრიტიშ პეტროლიუმის" ეკოლოგიური ნორმების საფუძელზე ჩატარებული ღირებულების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საუკეთესო გადაწყვეტა იქნება ამ ძრავების პირდაპირი შეერთება ტუმბოებთან", განსაკუთრებით როცა დოკუმენტში არსად არ არის მითითებული ბრიტიშ პეტროლიუმის ეკოლოგიური ნორმები. 
• ან მეორე მაგალითი მაგ. 4.5.1.6, 4-38 გვ. აღნიშნულია, რომ სოფელ საკირეს საზაფხულო დასახლებაზე გადიოდა ოპტიმალური მარშრუტი, "რაც მოითხოვდა რამდენიმე ხის შენობის დანგრევას" (ეს არის დასახლება, რომლითაც სარგებლობენ მხოლოდ ზაფხულის თვეების განმავლობაში). დოკუმენტის მიხედვით "ამ სახის მძიმე სოციალური ზემოქმედების გამო, არჩევანი შეჩერდა ალტერნატიულ ვარიანტზე, რომელიც მოცილებას მოითხოვს. მარშრუტის განხორციელებისას ადგილი ექნება დამატებითი ხეების ჭრას, ვინაიდან იგი სოფლის ჩრდილოეთით არსებულ ტყიან ფართობზე გაივლის, მაგრამ ეს ფაქტორი დასაშვებ კომპრომისად იქნა მიჩნეული, შენობების დანგრევის აუცილებლობასთან შედარებით". დოკუმენტიდან, ნამდვილად, გაუგებარია რა ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და თუნდაც სოციალური ფაქტორების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, თუ რატომ არის რამოდენიმე ხის შენობის დანგრევა "მძიმე სოციალური ზემოქმედება", ხოლო დამატებითი ხეების მოჭრა დასაშვები კომპრომისი. 

ნავთობსადენის მშენებლობის მეთოდოლოგია


მართალია, პროექტის სპონსორი ირწმუნება, რომ მილსადენი და მისი მიწისზედა ნაგებობები აშენებული იქნება საერთაშორისო სტანდარტებითა და ნორმატივებით. (თავი 5.5.3.) თუმცა აღწერაში არ არის მითითებული კონკრეტულად გამოყენებული ტექნოლოგიების და სერვისის სტანდარტები, პროექტის კონკრეტულ უბნებზე, რა სტადარტებით მოხდა მილსადენის სისქის შერჩევა, კოროზიისგან დაცვა და ა.შ.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ შეფასდეს პროექტის შესაბამისობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის მოთხოვნებთან, ვინაიდან ერგბ მოითხოვს პროექტის განხორცილებას "საუკეთესო" ტექნოლოგიებისა და სტანდარტების და "კარგი" პრაქტიკის გამოყენებით.

აბსოლუტურად, მიუღებელია ის ფაქტიც, რომ გზშ-ს მომზადების ეტაპზე არ იყო ჩამოყალიბებული დამხმარე სამშენებლო ობიექტების უმრავლესობის განლაგების ადგილის რამოდენიმე ალტერნატიული ვარიანტი და ამის გამო პროექტის სპონსორი აღნიშნავს, რომ თურმე "შეშფოთების დონისა და მნიშვნელობის ზუსტი შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია" და თურმე "აღნიშნული ობიექტების საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევისათვის საჭირო იქნება "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საოპერაციო კომპანიის" (BTC Co) თანხმობა, რაც განაპირობებს ამ პროცესში სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას."

ანუ არა საქართველოს ავტორიტეტული ორგანო, სახელდობრ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იძლევა ამ ნებართვას, არამედ თურმე საოპერაციო კომპანიის თანხმობა განაპირობებს "სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებას." 

გარემოსდაცვითი მონიტორინგის მეთოდოლოგია
პროექტით გათვალსწინებული სამუშაოები ყველა ეტაპზე იმდენად ზემოქმედებს გარემოზე, რომ აუცილებელია პროექტის მიმდინარეობისას (მშენებლობის დაწყებიდან ექსპლუატაციის ჩათვლით) განხორციელდეს გარემოს მონიტორინგის ღონისძიებანი. მონიტორინგის პროგრამის თითოეული ღონისძიების შემუშავება, რომელიც გახდება გზშ-ს ნაწილი, უნდა მოიცავდეს მილსადენის პროექტის განხორციელების ზემოქმედების თითოეული რეცეპტორის მონიტორინგისათვის აუცილებელ ღონისძიებებათა ნუსხას. მონიტორინგის ღონისძიებათა სპეციფიკა და ინტენსიობა (სიხშირე) უნდა გამომდინარეობდეს გარემოს რეცეპტორზე პროექტით გათვალისწინებული თითოეული ქმედების პოტენციური ზემოქმედების ხარისხიდან, ხანგრძლივობიდან და ეკოლოგიური რეცეპტორის ფასეულობიდან/მნიშვნელობიდან გამომდინარე. 

ასევე გარდაუვალია ამ ეტაპზევე დაკონკრეტდეს შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების ვადები (ე.ი. ღონისძიების დაწყებისათვის დროის ზღვრული მინიმუმი, ზღვრული მაქსიმუმი და თვის ღონისძიების გატარების ხანგრძლივობა) პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ტიპისა და ეკოლოგიური რეცეპტორის გათვალისწინებით. ამ მოთხოვნის ამ ეტაპზევე გათვალისწინება აუცილებელია, რადგან ამა თუ იმ შემარბილებელი ღონისძიების დაგვიანებით განხორციელებამ შესაძლოა გამოიწვიოს გარემოში შეუქცევადი მოვლენები (ანუ ღონისძიების დაგვიანებით განხორციელება ნაკლებადეფექტური ან საერთოდ უშედეგოც შესაძლოა აღმოჩნდეს). 

შესაბამისობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკასთან
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საოპერაციო პოლიტიკა 4.04

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საოპერაციო პოლიტიკა 4.04 გარკვევით აყალიბებს შემდეგ დებულებას, რომ პროექტის მთლიანი სარგებელი უნდა აღემატებოდეს მიყენებულ ზარალს. გამომდინარე ამ დებულებიდან ძალიან უცნაურად არის განხილული ბორჯომის რაიონისა და მინერალური წყლების პრობლემატიკა. არც დოკუმენტი, და არც კონკრეტულად 13 თავი – კუმულაციური ზემოქმედება არ იძლევა პასუხს ამ შეკითხვაზე.

ბორჯომის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია ყოფილ საბჭოთა კავშირში და დღეს დღესობით ის აგრეთვე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტს საქართველოში. 

ამავდროულად, მინერალური წყლების წარმოებაში უხეში შეფასებით დაკავებულია ბორჯომის რაიონის 25%-მდე და არა 1200 კაცი, როგორც ეს მოყვანილია დოკუმენტში. რადგანაც არსებობს უამრავი სხვა საწარმოები, გარდა საქართველოს მინერალური წყლების კომპანიის ქარხნებისა, რომელიც ასხავს ამ წყალს. 

საქართველოს მინერალური წყლების კომპანიის 60%-ზე მეტი ექსპორტირდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზარზე, აქვს საკმაოდ დიდი პროფილი ბაზარზე და კონკურენციას უწევს თვით რუსული წარმოების წყლებისაც. მხოლოდ მინერალური წყლების კომპანიას რუსეთის ბაზრის 42% ეკავა 2000 წელს.

1997 წელს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს ორი ჩამომსხმელი ქარხნის და ტარის მწარმოებელი ქარხნის რეაბილიტაციისა და სადისტრიბუციო ქსელის ჩამოსაყალიბებლად. 
მხოლოდ, საქართველოს მინერალური წყლების კომპანიის წლიური ბრუნვა შეადგენს 60 მილიონ აშშ დოლარს, და 40%-ით იზრდება წელიწადში, რომ არაფერი ვთქვათ რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე. 

მიუხედავად ამისა დოკუმენტში არსად არ არის შეფასებული ბორჯომში ნავთობსადენის მშენებლობის ზეგავლენა ტურიზმის პოტენციურ განვითარებასა და მინერალური წყლების მშენებლობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტიშ პეტროლიუმის დოკუმენტი ირწმუნება, რომ "ამ რეგიონში და მთლიანად მილსადენის გასწვრივ ნავთობის დაღვრის უკიდურესად დაბალი ალბათობის გათვალისწინებით, პოტენციური ზემოქმედების არსებობა საკმაოდ თეორიულ ხასიათს ატარებს და ზემოთ მოცემული მიმოხილვა უნდა განიხილებოდეს თავის შესაფერისი ალბათობის კონტექსტით", აუცილებელია კიდევ ერთხელ მოხდეს მარშრუტის იდენტიფიცირება, იმგვარად რომ მან არ გაიაროს არც "ბორჯომის ბუნებრივი წყაროების ზედაპირულ წყალშემრკებზე და გამოსასვლელი ჭრილებზე 175.5 და 190-ს შორის." კიდევ ერთხელ გადამოწმდეს მარშრუტი ქართველ ჰიდროლოგებსა და გეოლოგებთან ერთად, ალტერნატივის გამოსავლენად რისი საშუალებაც თვით 500 მ-იან ზოლში, და მით უმეტეს 10კმ-იან ზოლში ნამდვილად არსებობს.

ყურადღება უნდა გამახვილდეს არა მარტო იმაზე, მოხდება თუ არა ნავთობის ისეთი დაღვრა, რომელიც ჩააღწევს მინერალური წყლების წარმოქმნის ფენამდე, არამედ უკვე იმ საშიშროებაზე, რაც მოჰყვება ნებისმიერი ტიპის დაღვრას ამ რეგიონში, რის შედეგადაც მინერალური წყლების კომპანიამ და ე.ი. საქართველომ შეიძლება მთლიანად დაკარგოს ბაზარი ყოფილ საბჭოთა კავშირში, კონკურენტების მხრიდან ე.წ. შავი PR-ის გამო.

სწორედ, ამიტომ აუცილებელია კიდევ ერთხელ დაზუსტდეს მარშრუტი, ხოლო ბრიტიშ პეტროლეუმმა აიღოს პასუხიმგებლობა იმ რისკისათვის, როდესაც შეიძლება დაიკარგოს ბორჯომის მინერალური წყლების წარმოების ბაზარი და წარმოადგინოს საკომპენსაციო მოქმედებათა გეგმა. 


შესაბამისობა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის საოპერაციო პოლიტიკა 4.01., 4.04., სახელმძღვანელო პრინციპებთან და ერგბ-ს გარემოსდცავით პოლიტიკასთან.

გარემოზე ზემოქმედების შემამსუბუქებელი ღონისძიებები და გეგმები 

გარემოსდაცვით ქმედებათა გეგმების დიდი ნაწილი სამწუხაროდ საკმაოდ სქემატურია და არ შეესაბამება იმ საერთაშორისო მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც პროექტის სპონსორი ირწმუნება რომ მოამზადა დოკუმენტი. 


მიუხედავად, იმისა რომ დოკუმენტი გვარწმუნებს რომ უკვე შემუშავებულია კომპლექსური აღდგენის შემაჯამებელი გეგმა, ლანდშაფტის ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მართვის გეგმა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის გეგმა, ამ გეგმებს არა აქვთ შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და გრაფიკი, ძირითადში არ არის პროცედურულად გაწერილიც კი, ხოლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც გაწერილია ლაპარაკია, რომ დოკუმენტი ფაკულტატურია და კონტრაქტორს შეუძლია ის შეცვალოს.

თუმცა მთელ შემთხვევებში შემუშავებულია მხოლოდ გეგმების "ჩარჩოები", რომლებშიც შემდეგ მშენებლობის კონტრაქტორმა უნდა შემუშავოს (ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გეგმა; ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის გეგმა; მუშათა ბანაკების მართვის გეგმა; ინფრასტრუქტურისა და მომსახურეობის მართვის გეგმა; მომაგრაგებისა და მოწოდების მართვის გეგმა; დასაქმებისა და პროფესიული მომზადების მართვის გეგმა; განსახლების სამოქმედო გეგმა; ნარჩენების განკარგვის გეგმა; დაბინძურების თავიდან აცილების მართვის გეგმა; ტრანსპორტის მოძრაობის მართვის გეგმა), რაც პროექტის სპონსორის რწმუნებით შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სახელმძღვანელო პრინციპებს. 

თუმცა საერთაშორისო პრაქტიკით, მსოფლიოს ბანკის საოპერაციო პოლიტიკის 4.01-ით, აუცილებელია, რომ გარემოსდაცვითი და სოციალური გეგმები პროექტის დაწყებამდე იყოს შემუშავებული და დამტკიცებული და უნდა წარმოადგენდეს გზშ-ს განუყოფელ ნაწილს და ასევე ეს გეგმები უნდა ხდებოდეს განსჯის საგანი. 


მაგალითად, მილსადენის დერეფნის კომპლექსური აღდგენის შეყოვნება, გარდა იმ უარყოფით ეფექტებისა, რაზეც გამახვილებულია ყურადღება დოკუმენტის 16 თავში, გამოიწვევს: უარყოფით ზეგავლენას ფაუნაზე ჰაბიტატის ხანგრძლივი დროით წყვეტის გამო, მათ სახეობრივ მრავალფეროვნებაზე და ცალკეული სახეობის პოპულაციურ სტატუსზე. აუცილებელია, რომ უკვე ამ ეტაპზევე უნდა იყოს შეფასებული მილსადენის კომპლექსური აღდგენის გეგმის რისკ-ფაქტორები, მომავალში ამ ფაქტორების მინიმიზაციის მიზნით.

მონიტორინგი და მართვა 
გსზშ დოკუმენტის მიხედვით პროექტის ეკოლოგიური და სოციალური მიზნების განხორციელების კოორდინაციისა და შემოწმების უმთავრესი საშუალება იქნება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გარემოსდაცვითი სამენეჯმენტო სისტემა (EMS), რომელიც მოიცავს სოციალურ საკითხებსაც. EMS შემუშავდება, როგორც მშენებლობის ასევე ექსპლუატაციის ეტაპისთვის.
დოკუმენტიდან გამომდინარე, ეს სისტემა უნდა იყოს სერიოზული ბერკეტი, სადაც გაიწერება გარემოსდაცვითი და სოციალური ქმედებები, მათ განხორციელებაზე ვალდებული სუბიექტები თუ ორგანიზაცია, ამავე სისტემით განხორციელდება გარემოსდაცვით და სოციალურ ქმედებების შესრულებაზე კონტროლი და მონიტორინგი. ანუ მთელი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების განხორციელება დამოკიდებულია EMS -ის არსზე. 

ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე EMS-ის ეფექტურად განხორციელება დაეფუძნება ეკოლოგიური და სოციალური გეგმების შემუშავებასა და შესრულებას. თუმცა როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამ გეგმების უმეტესობა არ არის შემუშავებული. უფრო მეტიც თვით EMS-ის სისტემა შეუმუშავებელია და დღეისათვის არ არსებობს თუნდაც მისი ჩარჩო (სტრუქტურული) ვარიანტი და დოკუმენტში არსებული ზოგადი ჩანაწერებით მის სტრუქტურაზე ძალზედ ბუნდოვანი წარმოდგენა იქმნება. 

შემარბილებელი ღონისძიებები მშენებლობის დროს

გასხვისების დერეფნის გაწმენდის და მომზადების პროცესების ნეგატიური ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები

შემარბილებელი ზომა 1 – ამ ზომით გათვალისწინებული კვლევები დღეისათვის ჩატარებული უნდა იყოს და შესაბამისად უნდა არსებობდეს ღონისძიებათა პაკეტი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობების შესანარჩუნებლად და იმ ნეგატიური ზემოქმედების შესამსუბუქებლად, რომელსაც გასხვისების დერეფნის გაწმენდა მიაყენებს ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას. თუმცა ნათელია, რომ გასხვისების დერეფანთან დაკავშირებული საქმიანობების ფაუნის სახეობებისადმი ნეგატიური ზემოქმედების შერბილება ძალზედ გართულდება.

შემარბილებელი ზომა 2 _ პირველ რიგში უნდა დაკონკრეტდეს მოჭრილი ხე-ტყის გაყიდვით მიღებული ფინანსური მოგების მოსარგებლე. აღსანიშნავია, რომ ხის მოჭრა გამოიწვევს არა მარტო “ზეზემდგომი” ხის (მერქნული რესურსი) დანაკლისს, არამედ ტყის ეკოსისტემის ფრაგმენტულ განადგურებას ანუ სრულად უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული ქვეტყის ფაქტორი. მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ხეების დარგვა (თუნდაც 1:1,5 შეფარდებით) ვერ უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემის აღდგენას. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია განადგურებული ტყის ეკოსისტემის კომპლექსური აღდგენა ეკოსისტემაში გავრცელებული ფლორისა და ფაუნის ყველა სახეობის გათვალისწინებით. თუმცა ეს გათვალისწინებულია მე-3 შემარბილებელ ზომაში ძალზედ ზედაპირულად და აღნიშნულია, რომ უნდა მოხდეს კომპლექსური აღდგენის კონკრეტული მეთოდოლოგიის შემუშავება. ვფიქრობთ, რომ კომპლექსური აღდგენის მეთოდოლოგია დღეისათვის მომზადებული უნდა იყოს მისი ეფექტურობის შეფასების მიზნით. შესაფასებელია ე.წ. გასაჩეხი ტყის ფუნქციური ღირებულება.

შემარბილებელი ზომა 5 – უკვე უნდა არსებობდეს გამოყენებული დროებითი მისასვლელი გზების ან დროებითი ობიექტების ტერიტორიების პროექტისწინა მდგომარეობამდე კომპლექსური აღდგენის ღონისძიებათა გეგმა/პაკეტი მისი ეფექტურობის შეფასების მიზნით.

შემარბილებელი ზომა 7 – მონიტორინგი არ არის შემარბილებელი ღონისძიება, არამედ შემარბილებელი ღონისძიების დასაგეგმად და განსახორციელებლად საჭირო წინა ეტაპია. ლოგიკურია, რომ ჰაბიტატების დანაწევრების და გარეული ცხოველების თავშესაფრების შეშფოთების ფონზე, ნებისმიერი მონიტორინგის შედეგი იქნება ნეგატიური. ამიტომ ვალდებულებად ჩაიდოს მონიტორინგით გამოვლენილი უარყოფითი შედეგის აღმოსაფხვრელად საჭირო კონსერვაციული ღონისძიებების შემუშავება ცალკეულ სახეობებთან მიმართებაში და მათი დაუყონებლივ/დროული გატარება. 

შემარბილებელი ზომა 9 – ამ ზონაში მიწისზედა ობიექტების მშენებლობით გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედების რეცეპტორებად გვევლინება მთლიანად ეკოსისტემა და ცალკე არის გამოყოფილი ფაუნა, მაგრამ შემარბილებელ ღონისძიებებში არ არის გათვალსიწინებული შესაბამისი ქმედებები. 

შემარბილებელი ზომა 19 – მშენებლობის დროს გარკვეული საქმიანობებით გამოწვეული ხმაურის რეცეპტორია ფაუნა, თუმცა დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები.

მილსადენის დეკომისიის საკითხი

მილსადენის დერეფნის კომპლექსური აღდგენის გეგმის შესამუშავებლად აუცილებელია გარკვეული იყოს მილსადენის ექსპლუატაციიდან გამოყვანის შემდეგ მილსადენის “მიტოვების” საკითხი. როგორც პუნქტ 1.4.5-დან ჩანს იგი შემდგომში რჩება მილსადენის დერეფანში და კვლავ გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისათვის, როგორიცაა დაბალი წნევის გაზის ქსელისათვის ან წყლისათვის გამოყენება, რაც საკმაოდ აბსურდულად გამოიყურება. განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ რაღაც მომენტში მილსადენი მაინც გამოვა წყობიდან, ხოლო დედამიწის დანაგვიანება მსგავსი მილებით ნამდვილად არ არის წინ გადადგმული ნაბიჯი მდგრადობისაკენ.


გზშ-ს ნაწილად უნდა იყოს წარმოდგენილი დეკომისიის პროგრამა და ფინანსური მექანიზმი რითაც ის დაფინანსდება.

ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგია

დოკუმენტში ერთი შეხედვით დიდი ყურადღება ექცევა ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობას. პროექტის სპონსორი ირწმუნება, რომ დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კანონმდელობასთან და საერთაშორისო კონვენციებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საოპერაციო პოლიტიკასთან და ბრიტიშ პეტროლიუმის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიასთან.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის საოპერაციო პოლიტიკა 4.04.-ის მეოთხე პუნქტი გარკვევით აცხადებს, რომ "საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია არ უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვენ ზიანს აყენებენ გარემოს, თუკი არ არის წარმოდგენილი პროექტისა და მისი ადგილმდებარეობის რეალური ალტერნატივები და თუკი ამომწურევი ანალიზი არ აჩვენებს რომ პროექტის სარგებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს გარემოსდაცვით ხარჯებს."

ხოლო ბრიტიშ პეტროლეუმის ბიომრავალფეროვნების სტრატეგია თავის მიზნად ისახავს "შეირჩეს ისეთი დერეფანი, რომელიც გვერდს აუვლის ყველაზე მგრძნობიარე არეებს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის I და IV კატეგორიის დაცულ ტერიტორიებს." თუმცა ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში მარშრუტის გატარება ნამდვილად ეწინააღმდეგენა ამ პრინციპს, ვინაიდან ის წარმოადგენს IUCN IV კატეგორიით დაცულ ტერიტორიას.
ამავდროულად, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის გარემოსდაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესები ველური ბუნების მართვისათვის მოითხოვს მთელ რიგ უსაფრთხოების ზომებსა და გეგმებს იმ ველური ბუნების შენარჩუნებისათვის, რომელიც არსებობს მხოლოდ პროექტის შეხებულ არეებში. (ასეთია ორქიდიები ბედენის პლატოზე, როჭო).

მშენებლობის ეტაპი განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს დაცულ სენსიტიურ ეკოსისტემებზე, მათ ფლორასა და ფაუნაზე. მილსადენის ტრასა გადაკვეთს სენსიტიურ ჰაბიტატებს, რომელთა ნაწილი მდებარეობს ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუფერული ზონის ტერიტორიაზე.

გვ. 8-146. მილსადენი გადის ეკოლოგიური თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ და ღირებულ ტერიტორიაზე, როგორიცაა თავკვეთილის მთის მიდამოების ჭარბტენიანი ტერიტორიები. მაღალმთის ზონაში არსებული ჭარბტენიანი ტერიტორია მიეკუთვნება მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ჰაბიტატს მისი იშვიათი გავრცელებისა და დაბალი თვითაღდგენის პოტენციალის გამო. ამ მიზნით აუცილებელია განსაკუთრებული კონსერვაციული ღონისძიებების გატარება მილსადენის, როგორც მშენებლობის ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე.

ასევე ცხრაწყარო – კოდიანის ზონაში მილსადენის მარშრუტი კვეთს მაღალი საკონსერვაციო ღირებულიების უბანს (სიგრძე 4,830). (გვ.147 8.11.2.2.2)
მაღალი საკონსერვაციო ღირებულების ტერიტორიებისათვის უნდა შემუშავდეს კონსერვაციის და დაცვის სპეციფიკური გეგმები მომავალში მათზე კუმულაციური ზემოქმედების მინიმიზაციის მიზნით.

მშენებლობის გამო მაღალი დონის ნარჩენი ზემოქმედება ხდება ფლორაზე, გასხვისების დერეფანში მოქცეული პირველადი ხშირი ტყით დაფარული ტერიტორიის გაწმენდის გამო. ეს ტერიტორია მდებარეობს თეთრიწყაროსა და სოფლებს: ციხისჯვარსა და საკირეს შორის. ტყის გაკაფვა გამოიწვევს მაღალი საკონსერვაციო ღირებულების მქონე ხე-მცენარეების დანაკარგს, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობების ჩათვლით (მაღალმთის მუხა). აქ აღნიშნულია, რომ საქართველოში სატყეო საქმის ან ტყეების მართვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან შემოთავაზებული მილსადენის პროექტით ტყეებზე გამოწვეული ზემოქმედება, ქვეყანაში არსებული ტყის საერთო ფონდის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან ამ შემთხვევაში ზემოქმედება არა ტყის ფართობის მიხედვით უნდა შეფასდეს, არამედ ზემოქმედების შეფასების ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება, ცალკეული სახეობის ფასეულობა ეკოსისტემისათვის და სახეობების პოპულაციური სტატუსი. 

ასევე ამავე თავში აღნიშნულია, რომ არ არის შეფასებული რა ზეგავლენას მოახდენს ძუძუმწოვართა მიგრაციის ქცევაზე თეთრიწყაროს რაიონში ჰაბიტატის ფრაგმენტაცია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებით ამ საკითხის დაზუსტების მიზნით უკვე უნდა იყოს ჩატარებული სამუშაოები და არ უნდა იგეგმებოდეს მომავალში.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში მთელი აქცენტი გადატანილია ცალკეული სახეობების კონსერვაციაზე. ჰაბიტატებთან მიმართებაში აღნიშნულია, რომ მოხდება ჰაბიტატის კომპლექსური აღდგენა. ეკოსისტემის ცალკეულ კომპონენტზე ზემოქმედების გაანალიზების შემდეგ ნათელი ხდება, რომ ჰაბიტატის კომპლექსური აღდგენა ყველა შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია. ასევე ამ ეტაპზე არ არის შემუშავებული ჰაბიტატების კომპლექსური აღდგენის გეგმები, რაც შექმნიდა შესაძლებლობას ადრეულ ეტაპზევე შეფასებულიყო მათი განხორციელების და შედეგიანობის/ეფექტურობის ხარისხი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული დარღვეული ჰაბიტატისათვის უნდა შემუშავდეს ცალკე, დამოუკიდებელი აღდგენის გეგმა. კომპლექსური აღდგენის გეგმის შემუშავება უნდა მოხდეს მასზე ზეგავლენის ხარისხისა და კონკრეტული ჰაბიტატის ბიომრავალფეროვნების გათვალისწინებით.

საყოფაცხოვრებო და მავნე ნარჩენების მართვა

ნარჩენების მართვის დეტალური გეგმა როგორც მშენებლობისათვის ასევე ექსპლუატაციისათვის არ არსებობს. პროექტის სპონსორი გვარწმუნებს, რომ კონტრაქტორი მოამზადებს მშენებლობისათვის ამ გეგმას, ევროკავშირის დირექტივებზე დაყრდნობით.
აღსანიშნავია, ისიც რომ ევროკავშირის დირექტივა 1994/67 და 89/369 თანახმად, ბრიტიშ პეტროლეუმი უშვბს საყოფაცხოვრებო და მავნე ნარჩენების ნაწილის განთავსებას, ხოლო ნაწილის დაწვას მუნიციპალური ნაგავსაწვავ ღუმელებში. ანუ ძალიან საინტერესოა, რომელ მუნიციპალურ ნაგავსაწვავ ღუმელებში აპირებს დაწვას ეს ნარჩენი ბრიტიშ პეტროლუმმა.

აღსანიშნავია, ისიც რომ მიუხედავად, იმისა რომ მსოფლიო ბანკი, ევროკავშირის მსგავსად უშვებს მავნე ნარჩენების დაწვას, ამავდროულად ხაზი აქვს გასმული რომ: "Successful incineration requires good design and careful operation. The key operational characteristics are temperature, residence time, and turbulence in the combustion chamber, all of which affect the efficiency of destruction. A poor installation can emit particulates, acidic gases, unburned wastes, and trace quantities of hazardous organic by-products. Some waste, such as PCBs, require careful control to ensure, for example, that minimum temperatures are maintained. Selected wastes can be incinerated in high-temperature process plan