miwa_2015

მწვანე ალტერნატივამ ახალი სახელმძღვანელო გამოსცა, რომელიც მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებს ეხება.

ბოლო ათწლეულში მსოფლიოში სწრაფად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა. ეს ზოგადი ტენდენცია საქართველოში ორგვარად გამოვლინდა; გაიზარდა: (1) სასოფლო-სამეურნეო საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მიწაზე მოთხოვნა; და (2) სასოფლო-სამეურნეო მიწაზე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით (საგზაო და სარკინიგზო, მილსადენების, ჰიდროელექტროსადგურების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტებით, სამთო-მოპოვებითი და სხვა ტიპის წარმოებით) გამოწვეული ზეწოლა. ხშირად, ასეთი ზეგავლენის ქვეშ ექცევა მიწები, რომლებსაც ფორმალურად ან არაფორმალურად (მაგ., მიწისა და მიწასთან დაკავშირებული რესურსების, მათ შორის, ტყის, ფლობის ტრადიციული სისტემებით) ფლობენ ანდა სარგებლობენ ადგილობრივი თემები.

განვითარების ასეთ ტენდენციას, მიწის სუსტი მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, ხშირად, მოჰყვება მიწის მფლობელებისა და მოსარგებლეების უფლებების შელახვა, ადგილობრივ თემებთან დაპირისპირება, მიწასა და მასთან დაკავშირებულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვის ან შეზღუდვის გამო. ეს კი, საბოლოოდ, აბრკოლებს თავად პროექტებს, საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე და რისკის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებას.

სუსტი მმართველობის პირობებში, მიწაზე მოთხოვნის ზრდითა და მიწების შეძენის პროცესის გაფართოებით გამოწვეული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემები და რისკები, ბოლო წლებში, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ყურადღების ქვეშ მოექცა. პროცესის სწორად და მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად წარმართვის მიზნით, სპეციალიზირებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაიწყეს ამ სფეროში სტანდარტების ჩამოყალიბება. მათ შეისწავლეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გამოცდილება და საბოლოოდ შეიმუშავეს და მიიღეს მიწის გონივრული მმართველობის  სახელმძღვანელო სტანდარტები იმისათვის, რათა განვითარების პროცესში არ შეილახოს ადამიანის უფლებები, დაცული და შენარჩუნებულ იქნეს ადამიანთა საარსებო წყაროები/გარემო და მაღალი კონსერვაციული ღირებულების ადგილები. მწვანე ალტერნატივას  ამ ახალ სახელმძღვანელოში სწორედ ეს საერთაშორისო სტანდარტები, ქცევის წესები და მათი გამოყენების პრაქტიკაა განხილული. 

ჩამოტვირთე: მიწის გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის (სახელმძღვანელო)