Logging

ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 2009 წლის 11 ივნისს გამოაცხადა აუქციონი ხე–ტყის დამზადების გრძელვადიანი სპეციალური ლიცენზიების გაცემის მიზნით. გასაყიდ ობიექტებს წარმოადგენენ ამბროლაურის რაიონის ტყის ფართობები. ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა ხელყოფა ადამიანების უფლებისა, მიიღოს მონაწილეობა გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რითაც დაირღვა ქვეყნის კანონმდებლობა. გარემოსთან, ტყეებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გაუმჭვირვალედ მიღება ნებსით თუ უნებლიედ, ისინი ხელს უწყობს კორუფციის შესაძლებლობის გაჩენას, საზოგადოებაში დაძაბულობის კერის გაღვივებას და საკითხის პოლიტიზირებას. 

აღნიშნულ შემთხვევაში, გასული წლებისგან განსხვავებით, სატყეო დეპარტამენტმა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს აუქციონზე გასატანად მიაწოდა ის ტყეები, სადაც ტყეთმოწყობა (ტყის რესურსების ინვენტარიზაცია) არის ჩატარებული, ასევე ლიცენზიით გასაცემ ობიექტებში არ შეუტანიათ მაღალი კონსერვაციული (გარემოსდაცვითი) ღირებულების ტყეები. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ტყითსარგებლობის აუქციონების გამოცხადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული დარღვევები, სამწუხაროდ, ბოლომდე არ აღმოფხვრილა. 

გასული აუქციონების შედეგებისა და ლიცენზიანტების მიერ წარმოდგენილი სავალდებულო ანგარიშების გაანალიზების შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ არსებული სალიცენზიო პირობები უვარგისია და ვერ უზრუნველყოფენ ვერც ტყის დაცვასა და მდგრად გამოყენებას და ვერც ინვესტორების დაინტერესებას. არსებული პრობლემის გადასაჭრელად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ახალ სალიცენზიო პირობებზე. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება, იმ დროს გამოეცხადებინა ახალი აუქციონი, როდესაც ახალი სალიცენზიო პირობები ჯერ არ არის ძალაში შესული, სულ ცოტა არაკოლეგიალური იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიმართ, რომელთათვისაც ეს გარკვეული "სიურპრიზი" აღმოჩნდა. ასევე არაკორექტული იყო ეს ქმედება მომავალ ინვესტრორებთან მიმართებაში, რომლებსაც ლიცენზიის მიღების შემთხვევაში, აუქციონის შესახებ განცხადებაში მოცემულისგან განსხვავებული პირობებით მოუწევთ მუშაობა. ასეთი ტიპის ქმედებები ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში პატიოსანი, სერიოზული ინვესტორების ჩაბმას.