20.11.2011

დღეს მწვანე ალტერნატივამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია მოითხოვს, ზემო სვანეთში 702 მეგავატი სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Limited (Georgia)-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებას.  მწვანე ალტერნატივა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უნდა თქვას, მომავალში ამავე კომპანიასთან ახალი შეთანხმების დადებაზე ან არსებულის განახლებაზე.

მწვანე ალტერნატივა განმარტავს, რომ ხუდონ-ჰესის პროექტის განხორციელება დაკავშირებულია მნიშვნელოვან სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ხასიათის რისკებთან. გარდა ამისა, პროექტის განსახორციელებლად დადებული ხელშეკრულებით, მთავრობას აღებული აქვს მნიშვნელოვანი ვალდებულებები და არსებითი რისკები (მათ შორის, ფინანსური), რომლებიც არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი ადეკვატური გარანტიებით; და ეს მაშინ, როდესაც საქართველო პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს, შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, არ მიიღებს.

ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა, მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ არსებობს ხელშეკრულების გაუქმების მყარი საფუძველი, ვინაიდან დღემდე, პროექტის ინვესტორმა კომპანიამ არაერთხელ დაარღვევია  ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები; მათ შორის, კომპანიამ: 

ვერ მოიპოვა პროექტის განსახორციელებლად მშენებლობის ნებართვა;
- ვერ მოამზადა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და ვერ ჩაატარა საჯარო კონსულტაციები;
- ვერ წარმოადგინა განსახლების გეგმა;
- არ დააბრუნა მისთვის 1 აშშ დოლარად გადაცემული ადილობრივთა მიწა და ქონება.

მწვანე ალტერნატივას წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ბუნდოვან წარმომავლობაზე და დამატებით აღნიშნავს, რომ როგორც აღმოჩნდა, კომპანია Trans Electrica Limited-ი არ ფლობს საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელ ლიცენზიას: „ჩვენ დავუკავშირდით ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მომსახურების კომისიას, რომელმაც განმარტა, რომ მართალია, კომპანია Trans Electrica Limited-ი  რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, მაგრამ მას არ გაჩნია ოფისი ადგილზე და არ ფლობს  ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ფინანსური მომსახურების ლიცენზიას. ამ ლიცენზიის ფლობა კი აუცილებელი წინაპირობაა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ საქმიანობის  (საინვესტიციო, სადაზღვევო, საბანკო) წარმოებისთვის, როგორც თავად ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ“.

დათო ჭიპაშვილი ყურადღებას ამახვილებს ასევე ხელშეკრულების კიდევ ერთ პირობაზე, რომელიც მისი გაუქმების აუცილებლობას ადასტურებს. მისი განმატებით, ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება, ხუდონ-ჰესის გამომუშავებული ელექტროენერგიის ზამთრის ოთხი თვის განმავლობაში აუცილებელი შესყიდვის თაობაზე (5.84 აშშ ცენტი 1 კვტ/სთ), ეწინააღმდეგება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნებს, რომლის შესრულების ვალდებულება (ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის პაკეტი) საქართველომ უკვე აიღო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით.

განცხადების დასასრულს მწვანე ალტერნატივა საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს ხუთ მოთხოვნას უყენებს და ასევე, მოუწოდებს ევროკომისიას, ევროპარლამენტის 2014 წლის 18 დეკემბრის რეზოლუციის შესაბამისად, საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს ხუდონ-ჰესის პროექტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების პროცესს და შეაფასოს ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობა.

იხილეთ მწვანე ალტერნატივას განცხადება სრულად.