borjomi_crack

15 მარტს ბორჯომის რაიონის სოფელ დგვარში ამ გაზაფხულზე უკვე მესამე სახლი დაინგრა და სამი წვრილშვილიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სოფელში არსებული სახლების უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობის სიცოცხლე ყოველდღიური საფრთხის ქვეშაა. მეწყრული მოვლენების გააქტიურების გამო, უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ასკომლიანი სოფელი მიწის ქვეშ, ან უკეთეს შემთხვევაში, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდეს. 

სოფელი დგვარი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. კატასტროფულ ბუნებრივ მოვლენებს, 2002 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენის მშენებლობის ზემოქმედებით მეწყრული პროცესების გააქტიურების საშიშროება დაემატა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ნავთობსადენიდან სულ რაღაც 900 მ-ის დაშორებით მდებარეობს, ბთჯ მილსადენის კომპანიას დღემდე არ შეუსწავლია და უარყოფს სოფელზე მშენებლობის ზეგავლენის შესაძლებლობას და შესაბამისად, იხსნის ყოველგვარ ვალდებულებას სოფლის მოსახლეობის გადასახლებაზე. 

ადგილობრივი მოსახლეობის პერმანენტული საპროტესტო აქციების შედეგად, ბთჯ მილსადენის კომპანია გარკვეულ «დათმობაზე» წავიდა და 2004 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ «ბრითიშ პეტროლეუმი» გამოიჩენდა «კეთილ ნებას» და საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადასცემდა ერთ მილიონ აშშ დოლარს დგვარის მოსახლეობის გადასახლებისათვის. ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 ოქტომბრის ¹908 განკარგულებით, სოფელი დგვარის მოსახლეობის გადასახლებისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან 798 ათასი ლარი იქნა გამოყოფილი. ჯამში, «ბრითიშ პეტროლეუმისა» და საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხა საკმარისი იყო სოფლის გადასახლებისათვის, მაგრამ პრეზიდენტის ფონდიდან თანხა დაუყოვნებლივ გამოიყო, ხოლო «ბრითიშ პეტროლეუმი» თანხის გამოყოფისათვის მთავრობისაგან შეთანხმების პირობების შესრულებას ელოდა. 

ადგილობრივ მოსახლეობას გადასახლებისათვის საჭირო თანხის არსებობის შესახებ ხელისუფლებამ ბატონი ნოდარ გრიგალაშვილის მეშვეობით აცნობა და დგვარელებმაც სანაცვლო ბინების ძიება დაიწყეს. დგვარელებმა საბედისწერო შეცდომა სწორედ მაშინ დაუშვეს, როდესაც ბორჯომის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონი ნოდარ გრიგალაშვილის სიტყვას ენდნენ[1], 2005 წლის ზაფხულში აიღეს პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხა და ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, დგვარელები ვალდებული არიან თანხის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში გაათავისუფლონ სოფლის ტერიტორია და გადასახლდნენ უსაფრთხო ადგილზე. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი თანხის ორ ეტაპად გადახდის, ანუ კომპანიის მიერ გამოყოფილი/გამოსაყოფი თანხის შესახებ. 
როგორც საბოლოოდ აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობას დგვარის გადასახლებისათვის «ბრითიშ პეტროლეუმის» მიერ გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვს – მთავრობა ამ თანხას მისთვის სასურველი უკეთესი მიზნებისთვის გამოიყენებს. 

ამჟამად დგვარელების დიდ ნაწილს უკვე სანაცვლო სახლი აქვს მოძებნილი და თანხის მეორე ნაწილის მიღების იმედით, პრეზიდენტის ფონდიდან მიღებული თანხა «ბე»-ს სახით აქვს გადახდილი. 

ადგილობრივი მთავრობა დგვარელებს სასამართლოს ძალით გამოსახლებით ემუქრება. 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, მოგვმართოთ: 
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა 
მისამართი: თბილისი, ყიფშიძის ქ. 5ა, IV სადარბაზო, მე-7 სართული 
ტელ.: (+995 32) 22 16 04; ფაქსი: (+995 32) 22 38 74 
ელ.ფოსტა: greenalt@caucasus.net, greenalt@wanex.net 
www.greenalt.org

[1] ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი არწმუნებდა დგვარის მოსახლეობას, რომ აეღოთ პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხა და დაეწყოთ ბინების ძიება, ამასობაში კი კომპანიაც გადმორიცხავდა დაპირებულ ერთ მილიონს და თანხის დანარჩენ ნაწილს მოგვიანებით მიიღებდნენ.