abra GA

2010 წლის 18 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარადგინა შენიშვნები საქართველოში ორჰუსის კონვენციის განხორციელების მდგომარეობის თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებულ მესამე ეროვნულ ანგარიშზე; 3 ნოემბერს კი, ორგანიზაციამ მიიღო ორჰუსის კონვენციის ეროვნული პასუხისმგებელი პირის საპასუხო განმარტებები წარდგენილ შენიშვნებზე.

უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად "ორჰუსის კონვენციის განხორციელების ანგარიშიც" და საპასუხო განმარტებებიც ძალზე სუსტია და შეიცავს იმდენ სერიოზულ უზუსტობას, რომ დაწვრილებითი კომენტარების გაკეთება ფაქტიურად შეუძლებელია. ამ განცხადებაში გვსურს, პასუხი გავცეთ ორჰუსის კონვენციის პასუხისმგებელი პირის მხოლოდ ერთ კომენტარს: "უნდა გაცნობოთ, რომ სამინისტროს კანცელარიაში მიწოდებულ იქნა თქვენი შენიშვნა, რომელიც არ დადასტურდა – არ მოიძებნა არცერთი პასუხგაუცემელი წერილი“.

ჩვენი კომენტარების გაგზავნის მომენტისათვის, მწვანე ალტერნატივაში დაფიქსირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების მნიშვნელოვანი დარღვევით პასუხგაუცემელი და ასევე არასრულყოფილი პასუხები ჩვენს სულ მცირე შემდეგ განცხადებებზე:

1. 2010 წლის 14 სექტემბერის, N04 / 10 – 22 განცხადება: ბათუმის დელფინარიუმში შავი ზღვის აფალინას ეგზემპლარების შესახებ საჯარო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე – სამინისტროდან პასუხი გამოგზავნილია ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაღვევით, 2010 წლის 21 ოქტომბერს (N 12–11/3860), ამასთან, წერილს არ ახლავს მოთხოვნილი დოკუმენტები. 
2. 2010 წლის 7 ივლისის N04/10–20 განცხადება: თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე – პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
3. 2010 წლის 2 ივნისის – N 04/03–199 განცხადება: სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული რამოდენიმე განსაკუთრებით აქტუალური საკითხის (როგორიცაა: 1. თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზის პროცესი; 2. ლილოში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის პროექტის ეკოლოგიური ექსპერტიზა; 3. აჭარის სანიტარული ნაგავსაყრელის პროექტი; 4. სამინისტროს მიერ შემუშავებული ნარჩენების მართვის პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმის კონცეფცია; 5. “წაბლის კიბოს” პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით გატარებული/გასატარებელი ღონისძიებები; 6. ტყითსარგებლობის ლიცენზიების გაყიდვის მიზნით ბოლო პერიოდში აუქციონების გამოცხადების პროცესი; 7. ჯავახეთის ზეგანზე საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაარსების საკითხი; 8. „საქართველოს სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის (ს.ზ.ი.მ.) სტრატეგიის“ პროექტის მიღების საკითხი; 9. „მადნეულის“ მიერ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა) თაობაზე მინისტრთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრის თხოვნა. მწვანე ალტერნატივას გარდა, განცხადებას ხელს აწერდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, სათემო ფონდი „ადგილის დედა“, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. განცხადებაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია. გარდა საჯარო ინფორმაციის მოწოდების ხარვეზებისა, აქტუალურ საკითხებზე სამინისტროს მიერ შეხვედრების არგამართვა, ბევრის მანიშნებელია. 
4. 2010 წლის 18 აგვისტოს 04/02–120 განცხადება: ქ. ქუთაისში ნიკეას ქუჩის დასახლებასთან არსებული ნაგავსაყრელის შესახებ ინფორმაციის მოწოდების თაობაზე – სრულყოფილი პასუხი დღემდე არ მიგვიღია.
5. 2010 წლის 20 მაისის N 04/5–115 განცხადება; ტყითსარგებლობის აუქციონის გამოცხადებისას საზოგადოების მონაწილეობის თაობაზე – პასუხი ფოსტით მოვიდა 2010 წლის 19 ოქტომბერს (4 თვეზე მეტი ხნის დაგვიანებით). პასუხში აღნიშნულია, რომ ტყითსარგებლობის აუქციონის გამოცხადებისას საზოგადოების მონაწილეობის პროცედურის განმსაზღვრელი მუხლი შეჩერებულია მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. ტყითსარგებლობის საკითხებში საზოგადოების მონაწილეობის პროცედურის გაუარესების საკითხი საერთოდ არ არის აღნიშნული ორჰუსის ანგარიშში.

ამდენად, საპასუხო კომენტარში აღნიშნული ფაქტი, თითქოს სამინისტროში არ ფიქსირდება არცერთი პასუხგაუცემელი წერილი არ შეესაბამება სიმართლეს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ, "ორჰუსის კონვენციის განხორციელების შესახებ" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებულ ეროვნულ ანგარიშზე მწვანე ალტერნატივას კომენტარები და ამ კომენტარებზე ორჰუსის კონვენციის პასუხისმგებელი პირის საპასუხო განმარტებები.