mochrili_xeebi

უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიქცია მთავრობის გადაწყვეტილებებმა ონში ჰესების კასკადის მშენებლობისა და ხე–ტყის დამზადების 20 წლიანი ლიცენზიების გაყიდვის მიზნით აუქციონის გამოცხადების თაობაზე. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ახალი არაა: საქართველოს ხელისუფლება რაჭის ეკონომიკური განვითარების მთავარ მიმართულებად აირჩია ბუნებრივი რესურსების ფართო მასშტაბიანი ექსპლუატაცია: ტყის სამრეწველო ჭრა, წიაღისეულის მოპოვება, ჰიდროენერგორესურსების ათვისება. რაჭის უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ეს მიმართულება ნამდვილად არ შეესაბამება მდგრადი განვითარების თანამედროვე პრინციპებს: დიდი ჰესები, ხე–ტყის სამრეწველო ჭრა და სამთო–მოპოვებითი მრეწველობა გარემოს დეგრადაციის განმაპირობებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რასაც ხშირად სტიქიური პროცესების გააქტიურება და მოსახლეობის იძულებითი გადასახლება ახლავს. სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებას ამ საკითხებისადმი ჯეროვანი ყურადღება არ გამოუჩენია.

რაჭაში გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. ის იგეგმება ონის რაიონში, მდინარე რიონზე სოფელ ჭიორასთან. გეგმის მიხედვით, ჰესის წყალსაცავის სავარაუდო მოცულობა იქნება 210 მილიონი მ3, დადგმული სიმძლავრე – 272 მეგავატი. წყალსაცავი დაიკავებს ტერიტორიას სოფელ ჭიორადან სოფელ გლოლამდე. თავის დროზე ამ ინფორმაციამ არ მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება, რაშიც გარკვეული როლი რუსეთის სამხედრო აგრესიამ ითამაშა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგივე რუსული აგრესიის პირობებში, 2008 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ გადაწყვეტილია ონის კასკადის მშენებლობა, რომლის ტენდერში რუსული კომპანია მიიღებდა მონაწილეობას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 22 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გამართული დონორთა საერთაშორისო კონფერენციის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოსთვის დამხარების სახით შეპირებული 4,5 მილიარდი დოლარიდან, ონის ჰესის მშენებლობაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 50 მილიონ ევროს გამოყოფს კერძო სექტორისათვის. თუ რამდენად დაეხმარება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას ასეთი პროექტის განსახორციელებლად კერძო სექტორისთვის თანხის გამოყოფა, ეს ალბათ განსაკუთრებული მსჯელობის საგანია. 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიის გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დიდი კაშხლების/ჰესების უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე (იძულებითი გადასახლება, ტრადიციების დაკარგვა, ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ლანდშაფტის და ლოკალური კლიმატის შეცვლა) იმდენად ძლიერია, რომ ისინი უკვე აღარ განიხილება განახლებადი ენერგეტიკის ნაწილად. ამასთანავე, დიდი ჰესების მშენებლობის ინიცირებით მცირე და საშუალო ჰესების დაფინანსება ძალზე რთულდება, არადა საქართველოს მცირე ჰესების განვითარების უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია, რაც არა მარტო ხელსაყრელია ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე მისაღებია გარემოსდაცვითი კუთხითაც. განმარტებას საჭიროებს ის საკითხიც, რომ დიდი ჰესები არ წარმოადგენენ მუდმივი ელექტროენერგიის წყაროს. უმეტესობას შეცდომით ჰგონია, რომ რადგან ჰესის ტურბინებს მდინარის წყალი ატრიალებს, ხოლო მდინარეში წყალი არ ილევა, დენის გამომუშავებაც მუდმივად მოხდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის – დიდი ჰესების საოპერაციო პერიოდი დაახლოებით 50 წელია; წყალსაცავი თანდათან ივსება მდინარის ნატანი ქვა-ხრეშით; ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კაშხალი საჭიროებს შეკეთებას ან დემონტაჟს. 

რეგიონის ხე–ტყის რესურსები 20 წლიანი ლიცენზიებით გასაყიდად პირველად 2007 წელს გაიტანეს აუქციონზე, როდესაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აუქციონი გამოცხადდა. მათ შორის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთიდან 27914 ჰა სახელმწიფო ტყის ფართობი, წლიური მოსაპოვებელი მერქნის რაოდენობა 38120 კუბური მეტრით განისაზღვრებოდა. აუქციონი მაშინ ჩაიშალა. 2009 წლის 11 ივნისს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა ამბროლაურის რაიონის ტყის რესურსები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება კვლავ უკანონოდ შეუზღუდეს მოსახლეობას. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც პირადი მოხმარებისათვის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობა უაღრესად შეზღუდულია გაუმართავი კანონმდებლობის გამო. არ არის შეფასებული, თუ რა რაოდენობით ტყის რესურსი სჭირდება ადგილობრივ მოსახლეობას და შესაძლებელია თუ არა რეგიონის ტყეების ხარჯზე ერთდროულად დიდი ფისკალური ეფექტის მიღება და ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა. მაგალითად, ნიკორწმინდა, სადაც განსაზღვრულია ლიცენზიების გაყიდვა, ერთ–ერთი ყველაზე ცივი ადგილია საქართველოში, აქ ერთ ოჯახს ზამთარში არანაკლებ 20 კუბური მეტრი შეშა ესაჭიროება. ამ პირობებში ლიცენზიების გაყიდვამ შეიძლება გააორმაგოს ტყეებზე ზეწოლა და რესურსის სწრაფი ამოწურვა გამოიწვიოს, რაც საბედისწერო აღმოჩნდება მასზე დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობისათვის. 

სამთო-მოპოვებითი სამუშაოები საქართველოში იმ საქმიანობას მიეკუთვნება, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან დაბინძურებას, დეგრადაციასა და სტიქიური პროცესების განვითარებას იწვევენ. რაჭის ტერიტორიაზე დღეისათვის უკვე გაყიდულია წიაღის მოპოვების 40–წლიანი ლიცენზიები რამდენიმე ყველაზე მსხვილ საბადოზე. ზოგიერთმა წარმოებამ განსაკუთრებით უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

ამბროლაურის რაიონში გაცემულია ლიცენზია ლუხუნის დარიშხანის საბადოზე. ლიცენზიით გათვალისწინებულია დარიშხანის (9 534 ტ), ანთიმონიტის (39 500 ტ), ოქროს (1,4 ტ) მოპოვება. ამ ლიცენზიის მფლობელია ს/ს „მადნეული“, რომელიც 2005 წელს რუსული „პრომიშლენნიე ინვესტორის“ შვილობილმა კომპანიამ „სტენტონ იქუითიზ ქორფორეიშენმა“ შეიძინა. როგორც ცნობილია, იგივე კომპანია ფლობს ოქროსა და სპილენძის საბადოს ბოლნისის რაიონში, კაზრეთში და ქვეყანაში მოქმედი გარემოს ერთ–ერთი მსხვილი დამაბინძურებელია. ნიშანდობლივია, რომ რაჭაში დარიშხნის წარმოება ასევე (საბჭოთა) რუსეთს უკავშირდება: გასული საუკუნის ავადსახსენებელ ოცდაათიან წლებში (1936–37) დაიწყო, როდესაც მძიმე მრეწველობას საბჭოთა კავშირში სერგო ორჯონიკიძე კურირებდა.

ონის რაიონში, სოფელ შქმერში გაცემულია ლიცენზიები მანგანუმის (მარგანეცის) მოპოვებაზე. ლიცენზიით გათვალისწინებული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური რაოდენობა 2 მლნ ტონამდეა (ლიცენზიის მფლობელია შპს „მეტექსი“). ეს ლიცენზია ითვალისწინებს მადნის მოპოვებას ღია კარიერული წესით. ამ მეთოდის გამოყენება იწვევს მიწის ნაყოფიერი ფენის დეგრადაციას, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებას, ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილების დეგრადაციას. გარდა ამისა, მანგანუმის ნაერთები მძიმედ მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მანგანუმის მოხვედრის საშიშროება არსებობს მანგანუმის მოპოვების, გამდიდრების და გადამუშავების დროს. მანგანუმი არ იწვევს მწვავე მოწამვლას, მაგრამ მისი ხანგრძლივი მოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს, ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე ინტოქსიკაცია, რომელიც კლინიკური გამოვლინებით მოგვაგონებს ენცეფალიტურ პარკინსონიზმს. მანგანუმი იწვევს ბრონქული ასთმის და ეგზემის განვითარებას, მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვის შედეგად კი სუნქვითი სისტემის სპეციფიკურ დაავადებას – მანგანოკონიოზს. 

ოქროს მოპოვებაზე გაცემულია ლიცენზია, რომელიც მოიცავს ზემო რაჭას და ლენტეხს (ცანას). ლიცენზიის მფლობელია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რესურსების შპს – Eastern Mediterranean Resources Public Ltd (“EMED”). ყურადსაღებია, რომ ეკოლოგიური კატასტროფების გამომწვევ მიზეზთა შორის, ოქროს მოპოვებას წამყვანი ადგილი უჭირავს. ოქროს მისაღებად ხშირად გამოიყენება ვერცხლისწყალი და ციანიდი, ვინაიდან ეს ყველაზე იაფი საშუალებაა არსებულებს შორის. ოქროს ღია კარიერები შეუქცევად და მზარდ ზიანს აყენებენ გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. მიწისზედა და გრუნტის წყლები და ნიადაგი ბინძუდება ვერცხლისწყლითა და ციანიდებით, საიდანაც ისინი სოფლის მეურნეობის კულტურებში, ხოლო საბოლოოდ ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან. ესაღნიშნულის პარალელურად, ხელისუფლების საჯარო გამოსვლებში უფრო პოპულარული თემაა რაჭაში ტურიზმის განვითარება. გარდა ტრადიციული კურორტების რეაბილიტაციისა (მათ შორის მინერალური წყლების მიმდებარე კურორტები უწერა, შოვი და სხვ.), შაორის წყალსაცავის მიმდებარე ტურისტული ქალაქის მშენებლობა და დაცული ტერიტორიის–ეროვნული პარკის შექმნა. ხშირია საუბარი ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და ქართული ღვინოების მსოფლიო ბაზარზე გატანაზე. თუმცა, ამ კუთხით პრაქტიკულად არაფერი არ გაკეთებულა. 

როცა გადაწყვეტილების მიმღებნი რაჭის განვითარების გზებზე საუბრობენ, უნდა დაფიქრდნენ, თუ რამდენად მისაღები იქნება საერთაშორისო ბაზარზე და რამდენად აღიქმება მაგალითად, ხვაჭკარა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტად, როცა იმავე რაიონში იარსებებს დარიშხანის წარმოება? რამდენად შეთავსებადია ერთის მხრივ დიდი კაშხალი, ხე-ტყის წარმოება, ოქროს საბადო, ხოლო მეორეს მხრივ ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობა და ეროვნული პარკი ერთმანეთის მეზობლად? რამდენად მიმზიდველი იქნება ეკოტურიზმისათვის დაცული ტერიტორიაში შესვლა ხელოვნური წყალსაცავების და ქიმიური ქარხნების გავლით? ადამიანი, რომელიც დასვენებისა და ხელუხლებელი ბუნების ნახვის მიზნით ტურისტული მოგზაურობის დაგეგმვას შეუდგება და რუკაზე მოძებნის საქართველოს, ნახავს, რომ სულ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში თავმოყრილია ფერადი ლითონების, დარიშხანის, მანგანუმისა და ხე-ტყის წარმოება, ასევე ეროვნული პარკი და კურორტები. შეუძლებელია, რომ ამის შემხედვარე ვინმემ რაჭისკენ აიღოს გეზი. იმას, ვინც იცის ეკოტურიზმის არსი და საკუთარი ჯანმრთელობის ფასი, კარგად მოეხსენება, რომ ასეთმა ანთროპოგენულმა პრესმა არ შეიძლება ბუნების დეგრადაცია არ გამოიწვიოს იმ დონემდე, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში გახდეს. თუმცა არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში არათუ ეკოტურისტების მოზღვავებას, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესებასა და გაუსაძლისი პირობების გამო მშობლიური მხარიდან მიგრაციას უნდა ველოდეთ. 

აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ რამდენიმე ფაქტი მოპოვებით მრეწველობასთან დაკავშირებით: ბოლო წლებში საქართველოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოპოვებითი მრეწველობის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზება გაუმჭვირვალედ და ხშირად კანონის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა; ახალი მესაკუთრეების ხელშეკრულებებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი, სოციალური თუ სხვა სახის ვალდებულებები, უმეტეს შემთხვევაში, უკანონოდ არის გასაიდუმლოებული; ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ დღეს საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება აღარ ექვემდებარება ლიცენზიის გაცემამდე ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების წინასწარ შესწავლას; საერთაშორისო ორგანიზაციათა კვლევები აჩვენებენ, რომ მოპოვებით მრეწველობაზე დამოკიდებულ ქვეყნებში: მაღალია კორუფცია, მთავრობები ავტორიტარულია, მმართველობა არაექფეტურია, მაღალია სამხედრო ხარჯები, ადგილი აქვს სამოქალაქო ომებს და ხშირია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები. მოპოვებითი მრეწველობის მსხვილმასშტაბიანი პროექტების განხორციელებას, როგორც წესი, მოჰყვება ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი გადასახლება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესებს – ბუნებრივი გარემოსა და კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას, მოსახლეობის სტაბილურ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას, ჩვენს მთიან რეგიონებში უზრუნველყოფს ტურიზმის, დაცული ტერიტორიების და სოფლის მეურნეობის განვითარება და არა წიაღისეული და ხე-ტყის მრეწველობისა და გიგანტური ჰესების ხელშეწყობა. მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას ყველა კანონიერი გზით წინ აღუდგეს გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით სახიფათო პროექტების განხორციელებას, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს – თავი შეიკავონ მსგავსი პროექტების დაფინანსებისგან.