Chicken-roosting-bar

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა შეშფოთებას გამოხატავს ისეთი ეკონომიკური რეფორმის გამო, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ბუნებას

ქართველმა ეკონომისტებმა გლობალური ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის გზებს მიაგნეს 

მსოფლიოში ქათმების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე დათვებისა. ამისი მიზეზი კი ისაა, რომ ქათმები კერძო საკუთრებაშია, მათ კლავენ, ჭამენ და ამის გამო უკეთაც მრავლდებიან. დათვებზეც თუ იგივე საკუთრების უფლება გავრცელდება, მათი რაოდენობაც გაიზრდება ქათმების მსგავსად. ამ მიზეზით საჭიროა ტყეების – განურჩევლად მათი ეკოლოგიურ და ეკომონიკური ღირებულებისა, ნაკრძალებისა და სხვა დაცული ტერიტორიების კერძო საკუთრებაში ან გრძელვადიან იჯარაში გადაცემა. ყოველგვარი რესურსის წინასწარი შეფასება, კვოტების დადგენა, ლიცენზირება, რეგულირება და კონტროლი სრულიად ზედმეტია. 

არ გეგონოთ რომ ეს საახალწლო ხუმრობაა. ეს იდეები წარმოდგენილ იქნა 30 დეკემბერს ორგანიზაცია “ახალი ეკონომიკური სკოლის” მიერ მოწყობილ შეხვედრაზე. არც ის გეგონოთ, რომ ეს მოყვარული სტუდეტების წრე ან რაიმე უცნაური სექტაა. პრეზენტაციის ავტორმა განაცხადა, რომ მისი დაწერილია საქართველოს კანონი “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”, ახლა კი წერს “საქართველოს ტყის კოდექსს”. ხოლო კონვენციებიდან და შეთანხმებებიდან (ორჰუსის, ბიომრავალფეროვნების და სხვ.) რომ უნდა გამოვიდეთ (?!) ამაზე ისეთივე დაბეჯითებით ლაპარაკობენ, როგორც, მაგალითად, ლაგოდეხის ნაკრძალის კერძო პირების ხელში გადაცემაზე. 

ამ ლიბერალ-ეკონომისტების გუნდის მოსაზრებები ეყრდნობა გაურკვეველი კვალიფიკაციის უცხოელების მოსაზრებებს. თავიანთი იდეების კანონებში გადატანაში მათ არ უშლით ხელს (როგორც შეხვედრაზე გაირკვა), რომ არ იციან და რაც მთავარია, არც თვლიან საჭიროდ იცოდნენ, თუ რას ნიშნავს, თუნდაც “ბიომრავალფეროვნება”, “ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირი”, “დაცული ტერიტორია”, “სატყეო მეურნეობა”, რა განსხვავებაა სამონადირეო მეურნეობასა და ნაკრძალს შორის და სხვ. თუმცა, რაღა შორს მივდივართ, როცა არ იციან, რომ ადამიანის მიერ სელექციის შედეგად გამოყვანილი ქათამი შინაური ცხოველია, ხოლო დათვი კი – გარეული (და შესაბამისად, სხვადასხვა ფაქტორები მოქმედებენ მათ რიცხოვნობაზე). მიუხედავად ამისა, საკუთარ თავს აძლევენ უფლებას გადაწყვიტონ ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ბედი. შეუძლებელია, ასეთებს აუხსნა, რომ საწარმოსა და ტყის კერძო მფლობელობაში გადაცემა ერთი და იგივე არ არის, ისევე, როგორც გარეულ და შინაურ ცხოველზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორები პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისგან. საინტერესოა, მათ მართლა ასე სჯერათ, თუ “თეორიულ საფუძვლებს ქმნიან” ვიღაცის ინტერესების გასატარებლად. 

ხუმრობა იქით იყოს და საქმე სერიოზულადაა. უაზროდ წარმართული საწარმოების პრივატიზაციის პროცესი ადრე თუ გვიან შეიძლება გამოსწორდეს (მაგ. როგორც თავისთავად მოხდა ჭიათურმანგანუმის, ან პოსტრევოლუციური უკრაინის შემთხვევაში), მაგრამ გაჩეხილი ტყისა და გაჩანაგებული ნაკრძალის (რომლებიც კერძო ხელში თბილისის იპოდრომზე უკეთეს დღეში არ აღმოჩნდებიან), თუნდაც ქათმებივით დახოცილი “განკერძოებული” დათვების აღდგენა, შეუძლებელი იქნება. ყველას, ვისაც ესმის გარემოს დაცვის მნიშვნელობა, მობილიზება გვმართებს. მობილიზების მოწოდება ეხება არამარტო არასათავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო წრეების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, არამედ ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, რადგან ამ ყველაფრის შედეგებს თითოეული ჩვენგანი და რაც მთავარია, მომავალი თაობა მოიმკის არც თუ შორეულ მომავალში.