IMG_0457

“ტყეების გრძელვადიან სარგებლობაში გადასვლა, ფაქტობრივად, დაწყებული რეფორმის გაგრძელებაა და სამეურნეო დანიშნულების ტყეების მაქსიმალური ოდენობით გაცემას გულისხმობს. ამ ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი 2007 წელს უკვე კერძო მართვაში იქნება. ეს საქართველოს მთავრობის ნება და მიმართულებაა. სატყეო სექტორის კერძო მენეჯმენტის საწყისებზე გადასვლისთვის ხელისუფლებაც მზადაა, ტყეც, ინვესტორიც და კანონმდებლობაც”, _ ხელისუფლების ამ განცხადებას, რომელიც გასულ კვირას გაზეთ “ახალი ვერსიის” საშუალებით გავრცელდა, საზოგადოებაში მოსალოდნელი გამოხმაურება მოჰყვა. 

ნინო გუჯარაიძე, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა: “სალიცენზიო პირობები კონტროლისა და დაცვის მექანიზმებს უნდა ემყარებოდეს და არა ინვესტორის პატიოსნებას. ხელისუფლების კურსი საინვესტიციო კი არა, კორუფციული გარემოს შექმნას გულისხმობს”. 

ილია ოსეფაშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის ოფისი (WWF): “ამ პირობებში ტყეების კერძო ხელში დაჩქარებული ტემპებით გადაცემა ყოვლად დაუშვებელია. ტყეების ნაჩქარევმა გაკერძოებამ მხოლოდ პირველ წლებში შეიძლება რაიმე წვლილი შეიტანოს სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების საქმეში. შემდგომ კი ეს ნაჩქარეობა სახელმწიფო ბიუჯეტსაც და მოსახლეობასაც მეტისმეტად ძვირი დაუჯდება”. 


ირაკლი ქობულია, კავკასიის არასამთავრობო გარემოსდაცვიტი ორგანიზაციების ქსელი (CENN):“რეფორმისთვის საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას ჭეიშვილის მრავლისმეტყველი წინადადებაც ასახავს _ “კანონმდებლობაში ჯერ ზოგადი ჩანაწერებია”. ასეთ პირობებში, გრძელვადიანი ლიცენზირების ყველა დადებითი მხარე წინასწარ უქმდება და ძალაში ის საფრთხეები რჩება, რაზეც ევროპული ქვეყნების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ გაგვაფრთხილეს”. 

კარლო ამირგულაშვილი, “ბუნების მოყვარულთა საზოგადოება”, თელავი: “რეგიონში გრძელვადიან სარგებლობაში გაცემული ერთი ტყეც არ არის, სადაო რომ არ გამხდარიყო. ეს იმის ბრალია, რომ არ არსებობს მართვის გეგმა, არ არის განსაზღვრული მხარეების უფლება-მოვალეობები, სატყეო დეპარტამენტი საზღვრებს ვერ ადგენს და მეიჯარეებს ყველგან აქვს პრობლემა იჯარის გადასახადზე”. 

საქართველოს ტყეების მართვა-გამოყენებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვა და ზოგადად სატყეო რეფორმა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, რაც ახალი სატყეო პოლიტიკითა და სტრატეგიით უნდა განისაზღვროს. ეს უკანასკნელი კი უნდა ითვალისწინებდეს ყველა დაინტერესებული მხარის რაციონალურ მოთხოვნებს და არა _ ერთი რომელიმე ჯგუფის მოსაზრებებს. სამწუხაროდ, სატყეო პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოოდ შემუშავება და მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამეცნიერო წრეებისა და ფართო საზოგადოების სათანადო მონაწილეობა აღნიშნული დოკუმენტის მომზადებაში, რბილად რომ ვთქვათ, უზრუნველყოფილი არ არის. 

არსებობს მტკიცებულებები დღემდე გრძელვადიან სარგებლობაში გადაცემული ტყეების მთლიანად გაკაფვის ან მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ, რაც კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე რეალურ წაარმოდგენას იძლევა. თუ აკონტროლებს გარემოს დაცვის ინსპექცია კონკრეტულ უბანზე შექმნილ სიტუაციას და ფლობს თუ არა ინფორმაციას დარღვევების შესახებ _ ამ კითხვაზე გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხი ასეთია: “არავინ არ ამტკიცებს, რომ ყველაფერი წესრიგშია. შეიძლება სახელწიფო ამ პროცესებისათვის მოუმზადებელია, მაგრამ ადეკვატური ნაბიჯები იდგმება”. 

ირაკლი ქობულია: “თუ ხელისუფლება ათი ათასობით ჰექტარზე აუქციონის გამოცხადებას და ე. წ. სამეურნეო ტყეების უდიდესი ნაწილის კერძო მართვაში გადაცემას ადეკვატურ ნაბიჯად განიხილავს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ საზოგადოების მხრიდანაც ადეკვატური რეაქცია იქნება”.