baneri_GA

ბოლო პერიოდში ხუდონჰესის პროექტის ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ ვერ ასრულებს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმად, ის ვალდებული იყო 2014 წლის 1 მარტამდე აეღო ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა. თავისი წარუმატებლობის დასაფარად (და შესაძლო სამართლებრივი სანქციების თავიდან ასაცილებლად), პროექტის ლობისტები ძველ, ნაცად ხერხს მიმართავენ – ისინი ცდილობენ თავისი წარუმატებლობა დაუძლეველი გარე ფაქტორებით ახსნან და აქაც მათ ყველაზე მარტივი გზა აირჩიეს – პროექტის ოპონენტების სამშობლოს მტრებად და რუსეთის აგენტებად გამოცხადება. ასეთი რიტორიკა საქართველოს უახლოეს წარსულში არაერთხელ გვსმენია შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობების ოდიოზური ფიგურებისგან და მათთან დაკავშირებული ე.წ. ექსპერტებისგან. ჩვენ მათ აქ არ გავიხსენებთ, მაგრამ შევეცდებით წარმოვაჩინოთ, რომ ადამიანები, რომლებიც რუსულ კვალს ხუდონჰესის პროექტის კრიტიკოსებში ეძებენ, თავად პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებთან.

ბოლო პერიოდში ე.წ. ექსპერტებისა და ინვესტორი კომპანიების თანამშრომლობამ  განსაკუთრებული სახე მიიღო – აქტიურად დაიწყო ამა თუ იმ დარგის (ან პროექტის) ლობისტი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება. ეს პროცესი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჯერ კიდევ მოქმედმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში აპირებდა გადასვლას და მის გაძლიერებაზე იზრუნებდა.

ასე, მაგალითად,  2013 წლის 23 მაისს დაფუძნდა ხუდონჰესის პროექტის ერთ-ერთი მეხოტბე არასამთავრობო ორგანიზაცია – „ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაცია“. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებლებში გვხდებიან: ხუდონჰესის პროექტის ინვესტორი კომპანიის „ტრანს ელექტრიკას“ დირექტორი პაატა წერეთელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, „თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვარლამ ფანცულაია, შპს „ენგურჰესის“ფინანსური დირექტორი ვალერიან კანკია, სს „დარიალი ენერჯის“ დირექტორი ზურაბ ალავიძე, საქართველოს ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირი თავმჯდომარე რევო მშვიდობაძე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს „საქართველოს  ენერგოსისტემის“ ყოფილი თანამშრომელი ენვერ ჩიჩუა, „საქართველოს ახალგაზრდა ენერგეტიკოსთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, „ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ჯავშანაშვილი, შპს „ენერგიას“ დირექტორი გაიოზ უგრელიძე და ომარ ქუცნაშვილი (ამ უკანასკნელს საზოგადოება უფრო მეტად იცნობს, როგორც პარლამენტის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის მამას და კომპანია „ჯეოინჟინერინგის“ ხელმძღვანელს). ორგანიზაციის პრეზიდენტია ომარ ქუცნაშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორი – გურამ ნიკოლაშვილი. 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები არიან: ომარ ქუცნაშვილი, გურამ ნიკოლაშვილი, გია არაბიძე, ლაშა იორდანიშვილი (ენერგო-პროექტების განმახორციელებელი კომპანია „ფერი“), ბაადურ უკლება (ჰიდროლოგი, ენერგო-კომპანიებისთვის შესრულებული, არაერთი ჰესის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიშის ავტორი), ვოლკან ბირინჩი და სერგეი კობცევი („თელასის“ გენერალური დირექტორი).

მოგვიანებით ასოციაციის წევრები გახდნენ სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები: სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (100% სახელმწიფო წილი), „ხრამჰესი  1“, „ხრამჰესი 2“, „მტკვარი ენერგეტიკა“ (ისევე როგორც „თელასი“ ეს სამი კომპანია რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ინტრერ რაოს“ საკუთრებაშია), „ენგურჰესი“, „დარიალი ენერჯი“, „ენერგია“, „ყაზბეგი ჰესი“,  არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაცია“. „ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის“ წესდების თანახმად, ასოციაციის დამფუძნებლები და წევრები, მათ შორის, ზემოხსენებული რუსული კომპანიები, უფლებამოსილი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა საწევრო შენატანისა, შეიტანონ ასოციაციაში შემოწირულობები.

რუსეთთან კავშირებზე მსჯელობისას, არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ხუდონჰესის გამომუშავებული ენერგიის უდიდესი ნაწილი, 90%-ზე მეტი – განსაზღვრულია საექსპორტოდ, ხოლო ერთერთი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ელექტროენერგიის გატანას ახორციელებს, სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოა“. ეს კომპანია 1996 წელს საქართველოს მთავრობასთან ერთად,  "რუსეთის ერთიანმა ენერგეტიკულმა სისტემამ" ჩამოაყალიბა.

ამრიგად, სულ მცირე, გაკვირვებას იწვევს ის, რომ  ხუდონჰესის პროექტის დირექტორი პაატა წერეთელი, რომელიც რუსულ სახელმწიფო ენერგო-გიგანტ „რაოესთან“ არასამთავრობო ორგანიზაციის ქუდქვეშ ერთიანდება, თავდაუზოგავად ილაშქრებს ხაიშის მოსახლეობის სოლიდარული საზოგადოებისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წინააღმდეგ და ცდილობს მათგან რუსეთის აგენტების ხატის შექმნას.

ხუდონჰესის პროექტის დირექტორს პროექტის ოპონენტთა დისკრედიტაციის კამპანიაში არ ჩამორჩებიან „ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის“ სხვა დამფუძნებლებიც და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ცდილობენ, გარემოს დამცველის ცნება ქვეყნის განვითარების მოწინააღმდეგეთა და რუსეთის ინტერესების გამტარებლებს დაუკავშირონ; მაგალითად:

„ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ჯავშანაშვილი წერს: „გარემოს დამცველ ორგანიზაციებს ძალიან კარგად მოეხსენებათ, თუმცა იმის მაგივრად, რომ ქვეყნის განვითარებას და წინსვლას უწყობდნენ ხელს, თავიანთი ქმედებებით ხელს უშლიან და აფერხებენ ქვეყნის განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროცესებს, რაც გამოიხატება შემდეგში: გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ და კარგადაც გამოსდით ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და ჰეს-ის მშენებლობის პროექტის მიმართ უარყოფითად განწყობა“.

ამავე ორგანიზაციის სხვა დამფუძნებელი, ომარ ქუცნაშვილი  გარემოსდაცვითი ორგანიზაციების კრიტიკას მარტივად, მერკანტილური ინტერესებით ხსნის: „ბოლო 25 წლის ისტორიას თუ გავიხსენებთ, ადვილად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების არაკეთილმოსურნენი კვლავ აამუშავებენ ე.წ. გარემოსდამცველ „მწვანეებს“ ენერგეტიკის და სამთო-მომპოვებელი ინდუსტრიის წინააღმდეგ, უხვად დაასაჩუქრებენ გრანტებით…“ (ბროშურიდან: ტარიელ ხარხელაური, ომარ ქუცნაშვილი, 2013 „“რანი ვართ… საით უნდა წავიდეთ. ანუ საქართველოს განვითარების სტრატეგიის შესახებ“. ბროშურა ვრცელდება უფასოდ; დარიგდა გასულ წელს ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედაზე).

შეთქმულების თეორიის განვითარებაში განსაკუთრებით შორს წავიდა ხუდონჰესის პროექტის თავგამოდებული ქომაგი, კიდევ ერთი ახლადშექმნილი ორგანიზაციის „საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივის“ („სიპი“) თავმჯდომარე ლევან კალანდაძე. ის  სტატიაში „რატომ ებრძვიან საქართველოში სტრატეგიულ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს? რუსეთის ახალი დოქტრინის გამოძახილი საქართველოში“, ამტკიცებს, რომ საქართველოში არსებობს „ანტიგლობალისტური განწყობების“ და „ჰიდროენერგეტიკული საკითხისადმი ანტაგონისტური დამოკიდებულების“ მქონე მცირე ჯგუფი, რომელიც „გარე ძალებს ან მესამე მხარის ინტერესებს მიზანმიმართულად ლობირებს და გააჩნია პირადი მოტივაცია“.  ლევან კალანდაძე ამ „მცირე ჯგუფს“ ყველაზე სახიფათო და საშიშ ფაქტორად განიხილავს. მისი აზრით, ეს ჯგუფი „მიზანმიმართულად იბრძვის ქვეყანაში მხოლოდ ჰიდროენერგეტიკის განვითარების და მხოლოდ ჰიდრორესურსების გამოყენების ეფექტურობის ზრდის წინააღმდეგ და …არაფერს ამბობს თბოელექტროსადგურების მშენებლობაზე, აპროტესტებენ მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურების და ენერგოობიექტების მშენებლობას. …დუმილს ამჯობინებენ, როცა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს ენერგოდამოკიდებულების ხარისხი აზერბაიჯანულ „სოკარზე“, რომელიც ქვეყანაში გაზის პრაქტიკულად ერთადერთი, ექსკლუზიური შემომტანია“. ლევან კალანდაძე საბოლოოდ ასკვნის, რომ: „ქართული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის შემცირება, ქვეყანაში ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელების შეფერხება და საქართველოს ენერგოსისტემის სხვა სახელმწიფოებზე დამოკიდებულების ხარისხის ზრდა კი რუსეთის ახალი ენერგოდოქტრინის პირდაპირ ინტერესს წარმოადგენს“.

ხუდონჰესის პროექტის განმახორციელებლებმა და პროექტის მხარდამჭერმა „ექსპერტებმა“ დღემდე ვერ წარმოადგინეს დეტალურ, სანდო კვლევებზე დაფუძნებული არგუმენტები პროექტის საქართველოსთვის მომგებიანობის დასადასტურებლად. მეტად ირონიულია, რომ სწორედ რუსული სახელმწიფო ენერგო-კომპანიის მიერ ზურგგამაგრებული „ექსპერტების“ მტკიცებით, ხუდონჰესის პროექტი ქვეყნის რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გარანტია, პროექტისგან დაზარალებული მოსახლეობა და გარემოსდაცვითი გაერთიანებები კი, ქვეყნის მტრებად და რუსეთის ინტერესების გამტარებლებად წარმოჩინდებიან. რეალობა კი, ასეთია – მაშინ, როდესაც ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგენტებს და რუსეთის ინტერესების გამტარებლებს გარემოს დამცველებში ეძებენ, საქართველოს სხვადასხვა მთავრობის მიერ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ქართული ენერგოსისტემის დიდი ნაწილი რუსული სახელმწიფო კომპანიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა.