baneri_GA

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე მწვანე ალტერნატივამ მორიგი საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინა.

ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მთავრობის, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობის მტკიცებით „ჯორჯიან გლობალ უტილიტის ლიმითედის “ (ყოფილი „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედი“) კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

საქმე ეხება შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის 2008 წლის 14 მაისს დადებულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების განსაიდუმლოებისთვის მწვანე ალტერნატივა თითქმის სამი წელია იღწვის.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ივნისში მწვანე ალტერნატივამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ხელშეკრულების ძირითადი ტექსტი (დანართების გარეშე) აღმოაჩინა, რომელიც სააგენტომ ერთ-ერთი მოქალაქის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხად, თავის ვებ-გვერდზე განათავსა.

ამჯერად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე 2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულების სრული ტექსტია (დანართებით) წარმოდგენილი. საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულება – დოკუმენტის გასაიდუმლოების ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე – წარდგენილია თავად „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ უფლებამოსილი პირის მიერ.

მწვანე ალტერნატივას მიაჩნია, რომ ხელშეკრულება შეიცავს ინფორმაციას, რომელზეც დაუშვებელია საზოგადოების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად. თუმცა, მწვანე ალტერნატივას ეს მოსაზრება არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ, რომელთა გადაწყვეტილებით დოკუმენტები, რომლებიც საჯარო გაცნობისთვის განთავსებულია საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე, მიჩნეულია კომერციულ საიდუმლოებად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხოლო მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ეჭვი არ შეიტანა იმ ფაქტში, რომ „ჯორჯიან გლობალ უტილიტის ლიმითედის“ კომერციულ საიდუმლოებას შეიძლება წარმოადგენდეს ისეთი ინფორმაცია როგორიცაა, მაგალითად: თბილისის ახალი და ძველი საზღვრების ამსახველი რუკა; თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების მდგომარეობისა და წყლის ხარისხის ამსახველი დოკუმენტები; სახელმწიფოს მიერ გასხვისებული აქტივების ჩამონათვალი და ა.შ. – რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ვალდებულებებზე, რომელიც ახალ მფლობელს დაეკისრა ქ. თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სასამელი წყლით მომარაგების გაუმჯობესებისათვის.

დღეისათვის, გასაიდუმლოებულია აღნიშნულ შეთანხმებასთან დაკავშირებული კიდევ ერთი დოკუმენტი – 2009 წლის დეკემბერში ხელშეკრულებაში შესული ცვლილების შესახებ შეთანხმება, რომლის მოპოვების იმედით მწვანე ალტერნატივა უკვე უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალისა” და შპს “თბილისის წყლის” 100% წილების ნასყიდობის თაობაზე საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედს“ შორის 2008 წლის 14 მაისს დადებული ხელშეკრულების ტექსტი დანართებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: 
 

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე დოკუმენტი განთავსებულია DjVu – ფორმატში. პროგრამის საინსტალაციო ფაილი უფასოდ ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://djvu.org/resources/

1.საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ჯორჯიან გლობალ უტილიტის ლიმითედი“ დაფუძნებულია 2007 წლის 16 აგვისტოს. აქციონერები არიან Multiplex Holdings Group Limited (150 აქციით) და Sirius Private Equity Fund (850 აქციით); ხოლო კომპანიის დირექტორები არიან: 2008 წლის 1 თებერვლიდან – გოჩა მეგრელიძე, 2009 წლის 13 ოქტომბრიდან – ოლეგ შეიკო და 2010 წლის 26 მაისიდან – მიხეილ ტუზოვი.