baneri_GA

ა.წ. 15 სექტემბერს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს მწვანე ალტერნატივას სარჩელს, რომლითაც მწვანე ალტერნატივა ითხოვს გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც 2007 მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვს გაუქმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით ბათილად ცნობაზე. სარჩელი 2007 წლის 12 სექტემბერს იქნა შეტანილი. სასამარლოში მწვანე ალტერნატივას ინტერესებს იცავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სასამართლოზე დასწრება თავისუფალია.



შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 1 მაისს ხე-ტყის დამზადების ხანგრძლივვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით ჩატარებული აუქციონის შედეგად, ლიცენზიები გადაეცა 20 წლის ვადით ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში. ასოციაცია მწვანე ალტერნატივას აზრით, აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფს ტყის ეკოსისტემების დეგრადაციისაგან დაცვას, ასევე არ ითვალისწინებს სოციალურ საკითხებს, ხოლო ინვესტორებს მიეწოდათ არასწორი მონაცემები.