DSC_0083

7 ნოემბერს, 16:00 საათზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარს, რომლითაც ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ჩვენი ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემული ბრძანების გაუქმებას სთხოვდა, რომლითაც „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. 

2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – 90%-ის – მოქცევას ჯერ სადერივაციო მილსადენში და შემდგომ სადერივაციო გვირაბში. აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის ყაზბეგის ეროვნული პარკის ნაწილს მოეხსნა დაცული ტერიტორიის სტატუსი. 

სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ-ეთნოგრაფიულ და ტურისტულ ფასეულობას. პროექტს ექნება შეუქცევადი ზეგავლენა მდინარეზე დამოკიდებულ სახეობებზე, მათ შორის, წითელ ნუსხაში შეტანილ ნაკადულის კალმახზე და გამოიწვევს თერგში ამ პოპულაციის გაქრობას.