baneri_GA

29 მაისს, სასტუმრო “სიმპატიაში” შედგა ე.წ. მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის. სამინისტროს პოზიცია წარმოადგინეს მინისტრმა, დავით ტყეშელაშვილმა და სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ზვიად ჭეიშვილმა. 

შეხვედრას ასევე ესწრებოდა რამდენიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

შეხვედრის პირველ ნაწილში სატყეო სამეურვეო საბჭოსა და სატყეო დეპარტამენტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. 

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით 2007 წელი საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულია ტყის წლად, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატყეო რეფორმას. მინისტრის განცხადებით რეფორმას უკვე აქვს დადებითი შედეგი, რაც გამოიხატება არალეგალური ჭრების შემცირებაში, ხელფასების ზრდაში და სხვ. სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის ზ.ჭეიშვილის მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო სატყეო დეპარტამენტის ახალი სტრუქტურა. მიღწევად იქნა მიჩნეული, რომ ახლა თვითოეული მეტყევე (რეინჯერი) გააკონტროლებს 4 000 ჰა 1 900 ჰა-ს ნაცვლად. მომუშავეთა რიცხვის შემცირების ხარჯზე რეინჯერის ხელფასი გაიზარდა 400 ლარამდე, ხოლო 35 სატყეო უბნის ხელმძღვანლის 1 100 ლარამდე. აღინიშნა, რომ დეპარტამენტს არა აქვს საწვავისა და კომუნიკაციის პრობლემა, რომ მოხდა დაფინანსებისა და კადრების შერჩევის ცეტრალიზაცია, შემუშავდა სტატისტიკური ინვენტარიზაციის ფორმები, მზადდება თვითმმართველობის ორგანოებისათვის ადგილობრივი ტყეების გადაცემა და ა.შ. 

სამინისტროს განცხადებით ყველა ლიცენზიატი, რომელიც სექტორში შემოვა ვალდებული იქნება იმოქმედოს სატყეო სამეურვეო საბჭოს პრინციპებით. ხოლო ეროვნული სტანდარტების შემუშავება მოხდება სექტემბრის ბოლომდე. ამასთან სამინისტრო ახალ სატყეო კოდექსს პარლამენტს დასამტკიცებლად წარმოუდგენს.კომენტარი: საინტერესოა, როგორ უნდა იმუშავონ ლიცენზიანტებმა და შეასრულონ სატყეო სამეურვეო საბჭოს სტანდარტები თუ სამინისტროს ჯერ კიდევ არა აქვს შემუშავებული ეროვნული სტანდარტები. 

თუმცა სამინისტროს ხედვა თუ როგორ წარმოუდგენია საქართველოს ტყეების მართვა და პრინციპები კვლავ გაიბნა გარემოსდაცვის სამინისტროს მიღწევებში და, საბოლოო ჯამში, საკმაოდ უცნაური შთაბეჭდილება დატოვა. რადგანაც მთელი სატყეო რეფორმა, პრინციპში, დავიდა სატყეო დეპარტმენტის შიდა ინსტიტუციურ მოწყობაზე და განხორციელებულ ცვლილებებზე, ადგილობრივი ტყეების თვითმმართველობითი ორგანოებისთვის გადაცემაზე, ტყეების ხანგრძლივვადიან სარგებლობაში გადაცემაზე, თუმცა არაფერი არ თქმულა თუ რამდენად მომგებიანი იქნება მსგავსი მართვის ფორმა ეკონომიკურად და ფინანსურად, აგრეთვე, თუ როგორ განხორციელდება ტყეების მონიტორინგი მიუხედავად მათი მმართველობის ფორმისა. 

ნანა ჯანაშია (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი _ CENN): _ “მივესალმებით რეფორმის სურვილს და ვაღიარებთ რა სატყეო სექტორში სასწრაფო, ქმედითი რეფორმის განხორციელების აუცილებლობას; ამავდროულად გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ შეხვედრიდან ველოდით გაგვეგო სამინისტროს ხედვა სატყეო სექტორის რეფორმის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოების მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე სამინისტროს მხრიდან გაეცა ბუნდოვანი, ე.წ. “პოლიტიკური” პასუხები, რომლის მიხედვითაც შეხვედრის მონაწილეებმა ვერ გავიგეთ, თუ რატომ ჩქარობს საქართველოს მთავრობა და სატყეო სექტორის რეფორმირებას იწყებს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა უგულველყოფისა და საზოგადოებასთან შეთანხმებული რეფორმის განვითარების გეგმის საპირისპიროდ”.

დავით ტყეშელაშვილის პასუხი იყო რომ რეფორმებმა ამ სექტორში მნიშვნელოვნად დაიგვიანა, და რომ მთავრობა აბსოლუტურად დარწმუნებულია იმ მოდელის სისწორეში იმისდა მიუხედავად თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ამასთან, დღეს მთავრობას აღებული აქვს პოლიტიკური პასუხიმგებლობა და ამიტომ მან კარგად იცის რისთვის სჭირდება დაფინანსება სხვადასხვა დონორებისაგან. 

მანანა ქოჩლაძე (ასოციაცია მწვანე ალტერნატივა _ GA): აღმაშფოთებელია როდესაც გარემოს დაცვის სამინსიტრო ყოველგავრი კონსულტაციების გარეშე ამუშავებს ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს როგორიცაა სატყეო პოლიტიკა. 2006 წლის მარტში დაწყებულ სატყეო პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამინისტრომ საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა ერთ-ერთი გრანტიდან, OSCE ორჰუსის ცენტრის დახმარებით რეგიონებშიც კი დარიგდა პოლიტიკს სამუშაო ვერსია განსახილველად ამა წლის მარტის თვეში. 2007 წლის მაისში სამინისტროს ვებ-საიტზე ჩნდება დოკუმენტი, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს მანამდე შემუშავებულ დოკუმენტთან. ამასთან, რამდენიმე თვეა სამინისტრო იგნორირებას უკეთებს არასამთავრობო ორგანიზაციების სატყეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავს აქტივობებს პოლიტიკურად პასუხსიმგებელს ნადვილად ვერ ვუწოდებთ. 

მიუხედავად იმისა რომ სამინისტრო გარკვეული ქმედებების განხორციელებას აპირებს დონორების ფულით, არც ერთ დონორს არ გამოუხატავს სურვილი პირდაპირ დახმარებოდა საქართველოს მთავრობას მსგავსი მოდელის განხორციელებაში. დონორების (EBRD, IFC, GTZ, FAO) გამოსვლებში ხაზი ჰქონდა გასმული მდგრადი მეტყევეობის განვითარების როლს სატყეო სექტორის განვითარებაში, ასევე საქართველოში საზოგადოების ფართო მონაწილეობით სატყეო პოლიტიკისა და საკანონმდებლო აქტების შემუშავების აუცილებლობას. ხოლო მსოფლიო ბანკის განცხადებით, რომელიც 2003 წლიდან აფინანსებს სატყეო პროექტის განვითარების პროექტს, ხაზი გაესვა რომ საჭიროა “უკეთ გავერკვეთ იმ რაციონალურ მიზეზებში, რომლებიც ტყის მასივების გასხვისებას (იჯარას) უდევს საფუძვლად. აუცილებელია, ზუსტი ეკონომიკური და ფინანსური გათვლები. მსოფლიოში არსებობს ტყის მართვის სხვა სისტემებიც, რომლებიც შესაძლებელია უფრო მისაღები და რელევენტური აღმოჩნდეს საქართველოსათვის. კერძოდ, მაშინ, როდესაც ტყეებს ძალიან დაბალი ღირებულება აქვთ, გასხვისება შესაძლებელია სრულიადაც არ აღმოჩნდეს მომგებიანი; შესაძლებელია გარკვეულ მომენტში საჭირო გახდეს, თუნდაც ტყის მნიშვნელოვანი ფართობებისათვის მაინც, მენეჯმენტის სხვა სისტემის გამოყენება (ტყეების კონტრაქტის საფუძველზე მართვა, ზეზემდგომი ხეების გაყიდვა და სხვა). მნიშვნელოვანია, რომ სატყეო ადმინისტრაციამ შეძლოს წარმოშობილ საჭიროებებზე საპასუხო რეაგირება; ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაცია მხოლოდ გასხვისების სისტემის მოთხოვნებს (იჯარა) არ პასუხობდეს.” ამასთან ხაზი გაესვა იმ ფაქტსაც რომ “რომ მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი. ისინი ვინც ახდენს წესებისა და პოლიტიკის (სატყეო ადმინისტრაცია) განსაზღვრას, არ უნდა მონაწილეობდნენ უშუალოდ გასხვისების (იჯარა) პროცესის მართვაში (შერჩევა, ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხები, პროცესების მონიტორინგი) და ასევე არ უნდა ერეოდნენ ტყეების კონტროლისა და სხვა პროცესში”; და “ტყის საბაზისო ნაციონალური ინვენტარიზაცია წარმოადგენს ტყეების გასხვისების (იჯარა) სახელმწიფო მენეჯმენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს”. დაუშვებელია ინვენტარიზაციის განხორციელება ლიცენზიანტების მიერ. 

მსოფლიო ბანკის ოფიციალური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თან ერთვის.

ამავე დროს, სასტუმროს წინ გაიმართა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია, რომლის ძირითადი მიზანი იყო საზოგადოებისათვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საქართველოს სატყეო სექტორში მიმდინარე პროცესების ნეგატიური ხასიათი. ის სამომავლო საფრთხეები, რომლებიც ემუქრება საქართველოს ტყეებს და მიმდინარე “რეფორმების” არაეფექტურობა და არაადეკვატურობა, რომლის შედეგადაც მეცნიერთა და ექსპერტთა აზრით, უახლოეს მომავალში (10-15 წელიწადში) მთლიანად მოისპობა საქართველოს ტყეები, აქედან გამომდინარე ყველა სავალალო შედეგით. აქციის მონაწილეები მიმართავენ დონორებს გაითვალისწინონ ეს ფაქტი და ნუ დააფინანსებენ მთავრობის ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი რისკის წინაშე დააყენონ საქართველოს ტყიანი ეკოსისტემები. 

აქციის მთავარი მოთხოვნები იყო:

  • შეწყდეს საქართველოს ტყეების მერქნიანი რესურსების ფართომასშტაბიანი, უსისტემო და გაუზარებელი ექსპლუატაცია;
  • სახელმწიფომ ძირითადი აქცენტი გადაიტანოს ტყეების დაცვასა და კონსერვაციაზე;
  • სახელმწიფომ გაზარდოს სექტორში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა და საზოგადოების მონაწილეობა.

აქციის მონწილეები აღნიშნავდნენ, რომ დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ფინანსური საშუალებები უნდა მოხმარდეს სატყეო სექტორში ეფექტური და არსებული პრობლემების ადეკვატური რეფორმების გატარებას და არ უნდა იხარჯებოდეს მხოლოდ ავტომანქანებისა და აღჭურვილობის შეძენაზე, ოფისების ხელახლა შეძენასა და რემონტზე, როგორც ამას ითხოვს სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.