IMG_2232

ა.წ. 21 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველმა კოლეგიამ დასაშვებად ცნო ასოციაცია მწვანე ალტერნატივას სარჩელი. ამ სარჩელით მწვანე ალტერნატივა ითხოვს გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც ა.წ. მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. ამასთანავე, ასოციაცია ითხოვს გაუქმდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტები, რომლითაც უარი ეთქვა მწვანე ალტერნატივას ზემოთ აღნიშნული ბრძანებების ადმინისტრაციული წესით ბათილად ცნობაზე. 

2007 წლის 1 მაისს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ აუქციონის წესით გაყიდა ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიები. აუქციონის შედეგების შესაბამისად, ლიცენზიები გადაეცა 20 წლის ვადით ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში. ასოციაცია მწვანე ალტერნატივას აზრით, აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფენ ტყის ეკოსისტემების დეგრადაციისაგან დაცვას, ასევე არ ითვალისწინებენ სოციალურ საკითხებს, ხოლო ინვესტორებს მიეწოდათ არასწორი მონაცემები. აუქციონის ჩატარებამდე მწვანე ალტერნტივამ არაერთხელ მიმართა სამინისტროს, სადაც მიუთითა ამ ხარვეზებზე, მაგრამ ვერ შეძლო დარწმუნება. 

21 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სასამართლოს ახალი სარჩელითაც მიმართა. ამჯერად მწვანე ალტერნატივა ითხოვს გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომლითაც გამოცხადებულია ახალი აუქციონები ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაყიდვაზე. დაგეგმილია 2008 წლის თებერვალში ტყით სარგებლობის 28 ლიცენზიის გაყიდვა საქართველოს 20 რაიონში; გასაცემი სატყეო ფართობების საერთო რაოდენობაა 364 262 ჰა. აუქციონების ჩატარება დაგეგმილი იყო ა.წ. დეკემბერში, მაგრამ მოგვიანებით გადატანილ იქნა მომავალი წლის თებერვალში.