1

დღეს, 2013 წლის 26 სექტემბერს 16.00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და ქალბატონ ირინა ღამბაშიძის  ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა.

2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ და ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში.

გასაჩივრებული აქტით, კომპანია RMG Gold-ის განცხადებისა და ამ განცხადებაზე რეაგირების მიზნით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ამავე აქტით სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს დაევალა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში არსებული, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ასევე, ბრძანების თანახმად, კომპანია RMG-სა და სამინისტროს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სათანადო სამუზეუმო სივრცის შესაქმნელად და ამ სივრცეში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ზონაში მოპოვებული კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების გადასატანად.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის №03/108 ბრძანება გამოცემულია როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტის მოთხოვნების უხეში დარღვევით.

საჩივრის თაობაზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ.