privatizeba

ემბარგო: 14 ივნისი, 2007, 13:00 სთ/
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
11 ინვისი, 2007 წ.
თბილისი


ა.წ. 14 ივნისს, 13.00 საათზე, ა. დიუმას ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (გუდიაშვილის 10, საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ) ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” საზოგადოებას წარუდგენს ახალ ანგარიშს - 'სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ “პრივატიზება ქართულად” [1]. 

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში სახელმწიფო ქონების განახლებული აგრესიული პრივატიზაციის პროცესი ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადენს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამგვარი პრივატიზაცია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივებისათვის კერძო კაპიტალის მოზიდვის გზით, უზრუნველყოფს ეფექტური მმართველობის დანერგვას და დააჩქარებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

აღიარებულია, რომ პრივატიზაციას მოაქვს როგორც სიკეთე, ისე გაზრდილი გარემოსდაცვითი და სოციალური დანახარჯები, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის დონე დაბალია და გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემა, სუსტი. სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებები იშვიათად მიიღება საზოგადოებასთან კონსულტაციის საფუძველზე, ან თუნდაც ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების/საჭიროებების გათვალისწინებით და ხშირად იწვევს მძიმე სოციალურ შედეგებს, სამუშაო ადგილების დაკარგვისა და ფასების ზრდის ჩათვლით. 

წარმოდგენილი კვლევის მიზანია, წარმოაჩინოს, თუ რამდენად უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობას, დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობასა და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას სახელმწიფო ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კანონაღსრულების ნაკლოვანებების სადემონსტარაციოდ ანგარიშში აღწერილია სახელმწიფო ქონების პრივატიზების კონკრეტული შემთხვევები (ვარციხეჰესების კასკადი, ჭიათურმანგანუმი და მადნეული). ასევე, ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები იმ ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ავტორთა აზრით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონმდებლობის დასახვეწად და პრივატიზების არსებული პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა”
მისამართი: ყიფშიძის ქ. ¹5ა, მე-4 სად., მე-7 სართ.
ტელ: (+995 32) 221 604, 223 874
ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net

[1] კვლევა ჩაატარა ასოციაციამ ”მწვანე ალტერნატივა” და არასამთავრობო ორგანიზაციამ ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. ანგარიში გამოიცა ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” პროექტის “ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა საზოგადოების მიმართ და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში. პროექტი მიმდინარეობს ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) ბუდაპეშტის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.