abra GA

2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროების ნაცვლად, შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ამ უკანასკნელს ყოფილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები გადაეცა: გარემოს დაცვის ინსპექცია, საგამოძიებო დეპარტამენტი და სსიპ სატყეო სააგენტო. ეს ერთეულები მოგვიანებით დაიშალა. ახალ სამინისტროში ჩამოყალიბდა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტო. სააგენტოს გადაეცა ტყის მართვის ფუნქციები, ასევე, მის მმართველობაში შევიდა ნადირობის, თევზჭერისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის საკითხები (სალიცენზიო კვოტების დადგენა, სალიცენზიო პირობების შემოწმება და ა.შ.) გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩამოერთვა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უფლების გაყიდვის ფუნქცია.

ამრიგად, ახალი სამინისტროს ხელში თავი მოიყარა ბუნებრივი რესურსების (მინერალური წიაღისეული, წყალი, ცხოველთა სამყაროს ობიექტები (ნადირობა, თევზჭერა), ტყე, არამერქნული რესურსები) მართვასთან დაკავშირებულმა შემდეგმა ფუნქციებმა: სარგებლობის კვოტებისა და პირობების დადგენა, სალიცენზიო/საიჯარო ობიექტების მომზადება, ლიცენზიების გაყიდვა, ლიცენზიების კონტროლი, უკანონო სარგებლობის აღკვეთა. იხილეთ ვრცლად