Picture 002

ტყითსარგებლობის აუქციონი გაუქმებულია: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით გამოცხადებული აუქციონი, რომელიც ამა წლის 18 და 19 თებერვალს უნდა გამართულიყო, აღარ შედგება.


ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ აუქციონის გაუქმების მოთხოვნით სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

1. სასამართლო სხდომა შედგა ამა წლის 5 თებერვალს, რომელზეც მოპასუხემ წარმოადგინა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის დავით ჩანტლაძის 2008 წლის 29 იანვრის ბრძანება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ჩვენს მიერ გასაჩივრებული ბრძანებები. აუქციონის გამოცხადების შემდგომ ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს დავით ჩანტლაძეს, რომელშიც აყენებდა საკითხს აღნიშნული აუქციონის შესახებ. ასოციაციის აზრით, არ იყო მიზანშეწონილი ასეთი მასშტაბის აუქციონის გამოცხადება.

2. მანამდე, სანამ არ იქნებოდა მიღებული ეროვნული სატყეო პოლიტიკა და ახალი ტყის კოდექსი, არ გადაწყდებოდა ადგილობრივი მოსახლეობების საჭიროებების მოგვარების გზები და დაცული ტერიტორიების გაფართოების საკითხი, ამასთანავე, მინიშნებული იყო იმ კანონდარღვევებზე, რომლებიც ასოციაციის აზრით, ახლდა აუქციონის გამოცხადებას, რაც გასაჩივრების საფუძველს იძლეოდა.





სამწუხაროდ, ჩვენი წერილი უპასუხოდ დარჩა სამინისტროს მხრიდან. ჩვენ იძულებული გავხდით 2007 წლის 21 დეკემბერს სარჩელი შეგვეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მინისტრის ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას სამინისტროს მოტივებზე აუქციონის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ეს სწორედ მოსალოდნელი ეკოლოგიური და სოციალური საფრთხეების სრულად გაცნობიერების შედეგი იყო, რაზეც არაერთხელ მივუთითეთ და რაც გახდა სარჩელის შეტანის ძირითადი მიზეზი. 





თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 27 თებერვალს განიხილავს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას კიდევ ერთ სარჩელს, რომლითაც ვითხოვთ, გაუქმდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი მინისტრის ბრძანებები, რომელთა საფუძველზეც 2007 წლის მაისში გაიყიდა სამი ხანგრძლივვადიანი ლიცენზია ხე-ტყის დამზადებაზე. 20 წლის ვადით ლიცენზიები გადაეცა ქართულ-ჩინურ, ქართულ-ბელგიურ და ქართულ-იტალიურ კომპანიებს, შესაბამისად სამეგრელო-ზემო სვანეთის, ახალციხისა და ყვარელის სატყეო უბნებში. ასოციაცია მწვანე ალტერნატივას აზრით, აღნიშნული აუქციონი ჩატარდა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. სალიცენზიო პირობები ვერ უზრუნველყოფენ ტყის ეკოსისტემების დეგრადაციისაგან დაცვას, ასევე არ ითვალისწინებენ სოციალურ საკითხებს, ხოლო ინვესტორებს მიეწოდათ არასწორი მონაცემები. აუქციონის ჩატარებამდე მწვანე ალტერნატივამ არაერთხელ მიმართა სამინისტროს, სადაც მიუთითა ამ ხარვეზებზე, მაგრამ ვერ შეძლო დარწმუნება.





ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მომხრენი ვართ, რომ დამკვიდრდეს გრძელვადიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპი – გრძელვადიანი ლიცენზიების, იჯარისა თუ კერძო საკუთრების ფორმით, მაგრამ ყოველივე ეს უნდა ხდებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად, რაც თავის თავში მოიცავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების ჩართვას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის დროს გარემოს დაცვის პრიორიტეტულობას, გარემოს დაცვის იმ ძირითადი პრინციპების განხორციელებას, რომლებიც მოცემულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. იმედი გვაქვს, მომავალში სამინისტრო გაითვალისწინებებს ამ გარემოებებს და აღარ მიიღებს ნაჩქარევ, დარგის ექსპერტებისა და მეცნიერების თვალსაზრისის საპირისრო გადაწყვეტილებებს. 





სარჩელის ტექსტი


ბრძანების ტექსტი 






1.სარჩელით მწვანე ალტერნატივა ითხოვდა გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გაუქმებას, რომლებითაც გამოცხადდა აუქციონი: მინისტრის 2007 წ. 27 სექტემბრის №1423, 2007 წ. 18 ოქტომბრის № 1546, 2007 წ. 12 ნოემბრის № 1644 და №1644 ბრძანებები. 
2.აუქციონზე გატანილი იყო ტყით სარგებლობის 28 ლიცენზია საქართველოს 20 რაიონში; გასაცემი სატყეო ფართობები ჯამში 364 262 ჰა-ს შეადგენდა, მოსაპოვებელი წლიური კვოტა – დაახლოებით 400 000 კუბურ მეტს.