baneri_GA

2007 წლის 17 სექტემბერს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის მიერ გავრცელდა რამდენიმე დოკუმენტის პროექტი , რომელიც ეხებოდა ტყით სარგებლობის არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს.  სატყეო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, დაინტერესებულ საზოგადოებას ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით შენიშვნები, მოსაზრებები და კომენტარები1 კვირის ვადაში, ანუ 2007 წლის 24 სექტემბრამდე უნდა წარედგინა.

ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ მსვავს დოკუმენტზე მიაწოდა სამინისტროს თავისი შენიშვნები და წინადადებები 3 აგვისტროს, რაც გავრცელდა კიდევაც ორჰუსის ცენტრის ვებ-გვერდის საშუალებით . ამდენად, ჩვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული გვქონდა და იგი არ შეცვლილა. იმედია, სხვა ორგანიზაციებმაც, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობენ სატყეო თემატიკაზე, მიაწოდეს დეპარტამენტს საკუთარ შენიშვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოცულობისა და მნიშვნელობის დოკუმენტების საფუძვლიანი გაცნობისა და შენიშვნებისათვის ერთი კვირა არ შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ვადად, ჩვენ მაინც ვაპირებდით დამატებით წარმოგვედგინა შენიშვნები, მაგრამ ამას აზრი დაეკარგა შემდეგი მდგომარეობის გამო: 

2007 წლის 19 სექტემებრს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული მთავრობის დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე წარადგინა დასამტკიცებლად. ხოლო, 2007 წლის 23 სექტემბერს, ყოველგვარი კომენტარის გარეშე, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაჩნდა დადგენილების სახეცვლილი ვარიანტი. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებისათვის დადგენილების პირველი ვარიანტზე კომენტირების ვადა ჯერ არ იყო ამოწურული და დაინტერესებული საზოგადოება კვლავ დოკუმენტის პირველად ვარიანტს განიხილავდა. ყველაზე აღმაშფოთებელი კი მთელ ამ ისტორიაში ის არის, რომ 2007 წლის 24 სექტემბერს (ანუ, იმ დღეს როდესაც საზოგადოებას ჯერ კიდევ შეეძლო თავის შენიშვნების წარდგენა) დადგენილება საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალი მინისტრის წარდგენისას, სამინისტრო სწორედ საზოგადოებათან ურთიერთობის სფეროში გატარებული რეფორმების გამო შეაქო და განაცხადა: ,,პრეზიდენტი და მე კმაყოფილები ვართ იმ რეფორმებით, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში გატარდა სამინისტროში, განსაკუთრებით კი იმ კომუნიკაციით საზოგადოებასთან, რომელიც ამ სფეროში ბოლო პერიოდში დამყარდა“. 

ბატონი პრემიერ-მინისტრი ამ მიღწევებში ალბათ სამინისტროში ორჰუსის ცენტრის გახსნას გულისხმობდა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მისიის და საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს და მიზნად ისახავს „ხელი შეუწყოს ორჰუსის კონვენციის განხორციელებას საქართველოში და ამით განაპირობოს მოქალაქეებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვითი საკითხების ირგვლივ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება და ზემოთხსენებული უფლებების დარღვევების შემთხევევაში უფლება მართმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე“. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, გაუგებარია რა მიზეზით ან ვისი ბრალეულობით ჰქონდა ადგილი საზოგადოებასთან ურთიერთობაში „ასე დახელოვნებულ და გამოცდილ“ სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უფლების უხეშად დარღვევის ზემოთ აღწერილ ფაქტს. ამასთან დაკავშირებით „ორჰუსის ცენტრს“ პოზიცია არ გამოუხატავს. 

თუმცა იმაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში რა უფლებები ეკუთვნის საზოგადოებას, კარგად მეტყველებს ერთი ფაქტიც: დამტკიცებული ნორმატიული აქტის მიხედვით, სალიცენზიო პირობები აღარ ავალდებულენენ მოსარგებლეს „უზრუნველყოს მართვის გეგმის საჯაროობა“. იმის მაგივრად, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული და დაზუსტებული ყოფილიყო, რას ნიშნავდა დადგენილების პირველ პროექტში წარმოდგენილი ეს პუნქტი, საბოლოო ვარიანტიდან ის საერთდ იქნა ამოღებული. 

———————————————————–
>>> "ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები სატყეო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ხე-ტყის სალიცენზიო პირობების ჩამონათვალზე"www.aarhus.dsl.ge/files/6_546_401789shenissvnebilicenziispirobebzeivlisi2007.pdf