DSC00786

ბოლო პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს, რომელთა თანახმადაც 2012 წელს საქართველოში უნდა აშენდეს დაახლოებით ოცდაათამდე ჰიდროელექტროსადგური, მათ შორის ლაპარაკია ისეთ გიგანტურ ჰესებზე, როგორიცაა ხუდონის ჰესი, ნენსკრას ჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, აჭარისწყლის ჰესების კასკადი, ჭოროხის ჰესების კასკადი, დარიალ ჰესი.

ამ პროექტების განხორციელების შედეგად წყლის ქვეშ აღმოჩნდება (ისედაც მცირემიწიანი ქვეყნის) სულ მცირე 2000 ჰექტარი ფართობი: ნაყოფიერი სავარგულები, უძველესი ქართული სოფლები, კულტურული და არქეოლოგიური მემკვიდრეობა; გადაგვარდება რიონის, ენგურის, თერგის და სხვა მდინარეთა ხეობები, განადგურდება აქ არსებულ ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება საქართველოს შავი ზღვის სანაპირო. ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ისედაც საგანგაშოდ დაზიანებულ სასიცოცხლო სივრცეს და დააჩქარებს ეკოლოგიურ კატასტროფას საქართველოში.

მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წინ აღვუდგეთ საქართველოს ბუნებისა და ქართული სოფლების განადგურებას აჭარაში, ლეჩხუმში, მთიანეთსა თუ სვანეთში.

შემოგვიერთდით, მოაწერეთ ხელი განცხადებას (ხელმოწერების_ფორმა) გიგანტური ჰესების წინააღმდეგ და გამოაგზავნეთ ის მითითებულ მისამართზე: ქ.თბილისი, 0179, ფალიაშვილის 27/ 29 , ან მოგვაწოდოთ დასკანერებული ვერსია ელ.ფოსტაზე garemo@garemo.org ან ფაქსზე 2223874.

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა : „შერიგების სივრცე: ბრძოლა უსაფრთხო მომავლისათვის“

საინიციატივო ჯგუფი: „კავკასიური სახლი“, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, ასოციაცია „ლობო“, ასოციაცია „უსაფრთხო სივრცე“.

დამატებითი ინფორმაცია დაგეგმილი მშენებლობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ვებ გვერდზე: http://www.menr.gov.ge/

დიდი ჰესებით გამოწვეული გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ საიტებზე:
www.greenalt.org ან https://www.facebook.com/groups/100682246650877/
www.greens.ge